2 ოქტომბერი, 2015

სოფო ლოლაძე: ,,პანტომიმა ჩემი ცხოვრებაა’’

sopo-loladzeვებგვერდი “artinfo.ge” და პანტომიმის სახელმწიფო თეატრი pantomime.ge გთავაზობთ ერთობლივ პროექტს, სადაც ფართო საზოგადოებას კიდევ უფრო ახლოს გააცნობს პანტომიმის თეატრის მსახიობებს.

სოფო ლოლაძე 31 წლისაა, დასაოჯახებელი. განათლება: საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამსახიობო ფაკულტეტი, პანტომიმის მსახიობი.

2002 წლიდან დღემდე არის პანტომიმის სახელმწიფო თეატრის ერთ-ერთი წამყვანი მსახიობი. მიღებული აქვს მონაწილეობა სპექტაკლებში: „კრიმანჭული“, „კიდევაც დაიზრდებიან“, „ტერენტი გრანელი“, „წმინდა გიორგი“, „ქრისტე”, “სამყარო“, “ტიტუსი“, „სონეტები“, „STOP AIDS“, „ლუარსაბი“, „ოცნება და სინამდვილე“, „ფიროსმანი მეფე“, „დონ ჟუანი“, „პროლოგი“, „წიგნი“, „საქართველო ლამაზო“, „დუმილის პოეზია“, „დანკოს გული“.

სოფო ლოლაძე:

– გამომდინარე იქიდან, რომ პანტომიმის თეატრში ცხოვრების უმეტესი ნაწილი (20 წელი) მაქვს გატარებული, ადვილი წარმოსადგენია რას ნიშნავს ის ჩემთვის – ცხოვრებას. ცხოვრებას თავისი მინუსებით და პლუსებით.

ეს ჟანრი ავირჩიე გაუცნობიერებლად, რადგან 10 წლის ასაკში, როცა პანტომიმის თეატრის სტუდიაში მიმიყვანა დედამ, არავითარი წარმოდგენა არ მქონდა მასზე, თუმცა კარგად მახსოვს პირველი შთაბეჭდილება, ის მისტიური გარემო, რომელიც თეატრში დამხვდა. შემდგომში ძალიან რთული გახდა მასთან განშორება და პროფესიადაც ავირჩიე.

sopo-loladze1

საყვარელ სპექტაკლს და როლს ვერ გამოვყოფ, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან ძლიერი სპექტაკლებია “სტუმარ-მასპინძელი”, “კიდევაც დაიზრდებიან”, “ტერენტი გრანელი”, “ფიროსმანი მეფე”, “კრიმანჭული”. რაც შეეხება როლებს, ნებისმიერ როლს დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდები. პანტომიმის სფეროში მოღვაწეობა საკმაოდ რთულია, რადგან ის მოითხოვს სრულ მობილიზაციას (გონების, სხეულის, ემოციის). მიუხედავად ამისა, ჩვენ არ ვართ შეზღუდულები, ფანტაზიისა და იმპროვიზაციის საშუალებით ნებისმიერი როლის განვითარება შეგვიძლია.

ვისურვებდი იმას, რასაც ალბათ ნებისმიერი მსახიობი: მეტ ახალ სპექტაკლს, როლებს, წარმატებას, წინსვლა-განვითარებას და, რა თქმა უნდა, მეტ ყურადღებას ამ ჟანრის მიმართ, რადგან პანტომიმის სახელმწიფო თეატრი ერთადერთია საქართველოში და მას გაფრთხილება სჭირდება.

ევროპელი პანტომიმის მსახიობებიდან გამოვყოფ ჩარლი ჩაპლინს, დებიუროს, სლავა პოლუნინს და მიშელს.

პანტომიმის ჟანრი ევროპაში ძირითადად გავრცელებულია მსუბუქი, მხიარული განწყობის შესაქმნელად მაყურებლისთვის, ან ცეკვის ელემენტებით არის დატვირთული. მაშინ როცა ქართულ პანტომიმას მკვეთრად გამორჩეული საკუთარი (დრამატურგიული) სტილი აქვს. ამას ყველა აღნიშნავს, ვისაც ერთხელ მაინც აქვს ნანახი ქართული პანტომიმა და ევროპული. ჩვენს თეატრში დადგმულ თანამედროვე სტილის სპექტაკლებსაც ამირან შალიკაშვილის ხელწერა ეტყობა. მისი სტილი მის მიერ გაზრდილ ახალგაზრდა რეჟისორებში და მსახიობებში მნიშვნელოვან კვალს ტოვებს.