29 ოქტომბერი, 2015

სოფიკო ჭიაურელის პრიზი კინოხელოვნებაში შეტანილი წვლილისთვის

sofikos-priziკინოხელოვნებაში შეტანილი წვლილისთვის სოფიკო ჭიაურელის სახელობის პრიზით კიდევ ერთი ღვაწლმოსილი პიროვნება დაჯილდოვდება. პირველად ეს პრიზი გადაეცა რეჟისორ გიორგი დანელიას. შემდეგ ეს ჯილდო მიიღეს ფილმ „მონანიების“ შემქმნელებმა მსახიობმა ავთანდილ მახარაძემ და ოპერატორმა მიხაილ აგრანოვიჩმა, სცენარისტმა და რეჟისორმა ირაკლი კვირიკაძემ, მსახიობმა და რეჟისორმა ანდრეი სმირნოვმა.

წელს ამ პრიზის მფლობელი რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. 4-8 ნოემბერს კინოთეატრ „ამირანში“თბილისის ღია კინოფორუმი რეჟისორ ალექსანდრ სოკუროვის ბოლო ფილმით „ფრანკოფონია“ გაიხსნება. გახსნის ცერემონიალზე გია ყანჩელის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, განსაკუთრებულად აღინიშნება მისი დამსახურება უნიკალური კინომუსიკის შექმნაში.

თბილისის ღია კინოფორუმი არასაკონკურსო რეგიონული ფესტივალია, რომელიც მიზნად ისახავს შემოქმედებითი ურთიერთკავშირების გაღრმავებისთვის ხელსაყრელი პლატფორმის შექმნას. აქ თავს მოიყრიან საქართველოს კულტურული, ისტორიული და შემოქმედებითი რეალობისთვის აქტუალურ სხვადასხვა რეგიონში მოღვაწე კინემატოგრაფისტები, რომლებიც პირადად წარადგენენ თავიანთ შემოქმედებას. გაიმართება დისკუსიები, ინტერაქტიული შეხვედრები, დაგეგმილია მასტერკლასები სტუდენტებისთვის.

ფესტივალს დაესწრება მონაწილე ქვეყნების 50-მდე წარმომადგენელი, წლევანდელ პროგრამაშია 30-ზე მეტი ფილმი უკრაინიდან, უზბეკეთიდან, სომხეთიდან, რუსეთიდან, ყირგიზეთიდან, ყაზახეთიდან, აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან და ირანიდან. მათ შორის, რუბრიკა “ნაციონალური რეტროსპექტივა” ფილმებით “ფოკუსში: უკრაინა”, რომლის შესახებაც უკრაინის ნაციონალური კინოკავშირის პრეზიდენტი სერგეი ტრიმბახი ისაუბრებს.

რეჟისორი ირაკლი კვირიკაძე და მსახიობი მერაბ ნინიძე წარადგენენ ბახტიერ ხუდოინაზაროვის ხსოვნისადმი მიძღვნილ ფილმს “ლუნა პაპა”. მაყურებლის ინტერესს გამოიწვევს თურქეთ- გერმანიის ერთობლივი ფილმი “შრამი”, პიტერ გრინუეის უახლესი ნამუშევარი “ეიზენშტეინი გუანახუატოში”.

საფესტივალო პროგრამაშია ქართული კინოპანორამაც.

წლევანდელი ფესტივალი რეჟისორ ანდრეი პროშკინის ფილმით “ორლეანი” დაიხურება.