7 ოქტომბერი, 2015

როგორ გადავიღოთ ფილმი, როცა არაფერი არ გვაქვს?

temur-babluani– როგორ გადავიღოთ ფილმი, როცა არაფერი არ გვაქვს? – ამ კითხვას ცნობილი ქართველი რეჟისორი თემურ ბაბლუანი სვამს და ცდილობს ამ შეკითხვაზე პასუხი თავადვე იპოვნოს.

საფრანგეთში გადახვეწილი ქართველი რეჟისორი იქაც თავისი საქმის ერთგულია. მამის პროფესია აირჩია შვილმა გელა ბაბლუანმაც და თავისი ფილმებით უკვე პოპულარობაც მოიპოვა მაყურებელში.

ამჟამად თემურ ბაბლუანი საქართველოშია. ის კინომოყვარულებს და არა მარტო მათ ვარდების ბაღის ღია კინოთეატრში ეპატიჟება, სადაც ღია ლექციას ჩაატარებს. რეჟისორი მონატრებულ მაყურებელს 8 ოქტომბერს შეხვდება და შეკრებილ საზოგადოებას თავისი სადიპლომო ნამუშევრის “ბეღურების გადაფრენის” შესახებ მოუყვება ისტორიებს და ასწავლის, თუ როგორ გადავიღოთ ფილმი, როცა სახსრები მინიმალურია.

მასტერკლასის შემდეგ ფილმის ჩვენება გაიმართება. თემურ ბაბლუანთან შეხვედრაზე დასწრება ნებისმიერი მსურველისთვის თავისუფალია. ის პირველი რეჟისორია მათ შორის, ვინც ვარდების ბაღში გამართულ სერიაში მიიღებს მონაწილეობას. ამიერიდან ცნობილი ქართველი რეჟისორები დაინტერესებულ საზოგადოებას კინოწარმოებასთან დაკავშირებით თავის გამოცდილებას გაუზიარებენ.