21 ოქტომბერი, 2015

ქართველმა მოცეკვავეებმა გრანპრი მოიგეს

1qartvelebis-gamarjveba-chinetshiკორეის რესპუბლიკაში ქალაქ ჩონანის მსოფლიო ცეკვების ფესტივალის გრანპრი ქართულმა ანსამბლმა მოიგო.

ჩონანში მსოფლიო ცეკვების ყოველწლიური ფესტივალი გაიმართა, სადაც წელს 20 ქვეყნის ანსამბლი მონაწილეობდა, მათ შორის ქართული ხალხური ცეკვების ბათუმის ბავშვთა სახელმწიფო ქორეოგრაფიული ანსამბლი „ხორუმი”, რომელსაც ანსამბლის დამფუძნებელი, აჭარის დამსახურებული არტისტი თემურ ბიბილეიშვილი ხელმძღვანელობდა.

ფესტივალი საკონკურსო ხასიათს ატარებდა. გამარჯვებულები სხვადასხვა ნომინაციებში გამოვლინდნენ და მათ განკუთვნილი საპრიზო ფონდიც გადაეცათ. ჩონანში გამართულ მონაწილე გუნდთა აღლუმში, რომლის დროსაც თითოეულ გუნდს მოკლე წარმოდგენა უნდა გაემართა, საუკეთესო შესრულებისთვის ანსამბლმა „ხორუმმა” პირველი ადგილი მოიპოვა და მიიღო ფულადი ჯილდო 4 მლნ კორეული ვონის – 3500 აშშ დოლარის ოდენობით.

ანსამბლი „ხორუმი” ფესტივალში მონაწილე საუკეთესო 10 გუნდთან ერთად მომდევნო, დასკვნით ეტაპზეც გავიდა, ის ჩონანის მსოფლიო ცეკვების ფესტივალის მთავარ ღონისძიებას წარმოადგენდა. ანსამბლების გამოსვლას 10 საერთაშორისო მსაჯისგან შემდგარი ჟიური აფასებდა.

ანსამბლი „ხორუმი” მაყურებლის წინაშე ბოლო ნომრად წარსდგა და გრანპრი მოიპოვა. ქართულმა ცეკვებმა, განსაკუთრებით კი რთულად შესასრულებელმა საცეკვაო ილეთებმა, მაყურებელთა დიდი მოწონება დაიმსახურა. გრანპრისთან ერთად ანსამბლს ფულადი პრიზის სახით 10000 აშშ დოლარი გადაეცა.