4 ოქტომბერი, 2015

ოლეგ ტიმჩენკოს სიურპრიზი მხატვრობის მოყვარულებს

1oleg-timchenkoცნობილი ქართველი მხატვარი ოლეგ ტიმჩენკო სახვითი ხელოვნების მოყვარულებს სიურპრიზს უმზადებს. ხელოვანი სამი სხვადასხვა პროექტის სერიულ ნამუშევრებს გააერთიანებს და შესთავაზებს ყველას, ვისაც მისი მხატვრობა აინტერესებს.

„ავტო – პორტრეტი“, “კულმინაცია” და „უკომენტაროდ” – ასეთია პროექტში გაერთიანებული ნამუშევრების სახელწოდებები, რომელიც 9 ოქტომბრიდან 15 ნოემბრამდე ზურაბ წერეთელის თანამდროვე ხელოვნების მუზეუმის MOMA თბილისი -ს საექსპოზიციო სივრცეს დაიკავებს.

უშრეტი ფანტაზიის, გამორჩეული ინდივიდუალური სტილის მხატვარი პერსონალურ გამოფენას მოაწყობს. ოლეგ ტიმჩენკო როგორც ყოველთვის დამთვალიერებელს სიახლეს შესთავაზებს.

პროექტი „ავტო – პორტრეტი“ წარმოადგენს დიდი ზომის ფერწერული ტილოების სერიას, სადაც გამოსახულია ავტომობილები, რომლებიც გამოხატავენ მათი მფლობელების კონკრეტულ ადამიანთა ხასიათს. გამოფენაზე გაერთიანებულია XX საუკუნის გავლენიანი, ცნობილი პოლიტიკოსების, მომღერლების, მსახიობების, ბიზნესმენების, სპორტსმენების, მაფიოზების პირადი ავტომობილები. ავტომობილებთან ერთად წარმოდგენილია მფლობელთა პირადი გამონათქვამები და ვიდეო ინსტალაცია.

სერია “კულმინაცია” შედგება ექსპრესიული ხასიათის ფეწერული პორტერტებისგან. პორტრეტებში ნაჩვენებია ერთმანეთის საპირისპირო დადებითი და უარყოფითი ემოციური მდგომარეობა, სადაც გრიმასითაა გამოხატული ადამიანური განცდის უმაღლესი მწვერვალები – ტკივილი და სიამოვნება, უბედურება და ბედნიერება. პორტრეტული სერიის შექმნას საფუძვლად დაედო ჰერმან ჰესეს ფილოსოფიურ-ფსიქოლოგიური ხასიათის ბიპოლარული ნაწარმოების “ნარცისი და გოლდმუნდი”-დან ციტატა „ტკივილი და ვნება დებივით გვანან ერთმანეთს“. მნახველისთვის ენიგმად რჩება მიზეზი რას განიცდიან ან რამ გამოიწვია პორტრეტებზე ასახულ ადამიანთა ემოციები. მხატვრის სიტყვებით „საინტერესო ის არის, რომ სხვადასხვა ემოციის დროს სახის მიმიკა თითქმის განურჩეველია. მნახველი ხედავს პორტრეტის ხასიათს, მაგრამ ამის გამომწვევი მიზეზი მისთვის საიდუმლოდ რჩება.”

სერია „NO COMMENT” შედგება დაახლოებით 30-მდე ფერწერული ტილოსგან. ტილოებზე გამოსახულია იარაღის სხვადასხვა სახეობა. სერია შეიძლება ერთ ნამუშევრადაც აღიქვა, თუმცა თითოეული მათგანი წარმოადგენს ცალკეულ ნახატსაც. იარაღი ესთეტიკური და დახვეწილია, მაგრამ ამავე დროს საშიში, მაგიური და საბედისწერო, რასაც შეიძლება მოჰყვეს ადამიანის სიკვდილთან ან დაბადებასთან დაკავშირებული მრავალი ისტორია. ამაზე შეიძლება უსასრულოდ ისაუბრო, ამიტომ გამოფენას დაერქვა „NO COMMENT”. პროექტი აერთიანებს ფერწერულ ტილოებს და ხმოვან ინსტალაციას – იარაღების გასროლის ხმას.