14 ოქტომბერი, 2015

ნატო მეტონიძის საჩუქარი გია ყანჩელს

1natoარაერთი შედევრის ავტორს გია ყანჩელს წელს 80 წელი შეუსრულდა. მთელი წლის განმავლობაში კომპოზიტორის საიუბილეო კონცერტების სერია დაგეგმილია როგორც საქართველოში, ასევე უცხოეთში.

გია ყანჩელის იუბილესადმი მიძღვნილი საღამოები ჩატარდა გერმანიასა და ბრიუსელში, ახლა კი კონცერტი რუსთაველის თეატრში გაიმართება, სადაც კომპოზიტორმა რობერტ სტურუას სპექტაკლებისთვის უკვდავი მუსიკალური ნაწარმოებები შექმნა.

23 ოქტომბერს რუსთაველის თეატრში მომღერალი ნატო მეტონიძე გია ყანჩელის შემოქმედებას კიდევ ერთხელ ააჟღერებს. ნატო მეტონიძემ წლების წინ ნიკოლოზ რაჭველთან და დავით დოიაშვილთან ერთად გია ყანჩელის კინოსა და თეატრისთვის დაწერილი მუსიკა სრულიად ახლებურად გააცოცხლა.

80 წლის იუბილესთან დაკავშირებით კი ფონდ “ავტოგრაფთან” ერთად კომპოზიტორის ლეგენდარულ მუსიკას მომღერალი ლატვიელ სტუმრებთან ერთად შეასრულებს. Xylem Trio სპეციალურად ამ საღამოსთვის ჩამოვა თბილისში და ქართველი კომპოზიტორის საუკეთესო ნაწარმოებებს ააჟღერებს.