5 ოქტომბერი, 2015

ნანკა კალატოზიშვილი საქართველოს ტოვებს

1nanka-gdanskis-dgeebzeმსახიობი ნანკა კალატოზიშვილი საქართველოს ტოვებს. მას შემდეგ, რაც მსახიობი თავისი შვილის მამას, კალათბურთელ ირაკლი კეიდიას დაშორდა, მაქსიმალურად გადაერთო თავის პროფესიაზე.

ამჟამად ნანკა პრემიერისთვის ემზადება და მუსიკისა და დრამის თეატრში კოტე ფურცელაძის მიერ დადგმულ სპექტაკლში “სამი და” მიიღებს მონაწილეობას. პრემიერის შემდეგ კი საქართველოდან გაემგზავრება.

ნანკა თავის კოლეგებთან, მარჯანიშვილის თეატრის მსახიობებთან ერთად გდანსკში მიდის, სადაც ქართული კულტურის დღეები უნდა გაიმართოს. 9 ოქტომბერს შექსპირის სახელობის გდანსკის თეატრში ქართული კულტურის დღეები ლევან წულაძის მიერ დადგმული სპექტაკლით “ქალი ძაღლით” გაიხსნება, რომელშიც მთავარ როლს ნანკა კალატოზიშვილი ასრულებს.

ერთი კვირის განმავლობაში გდანსკში ჩასული დამთვალიერებელი ქართული კულტურის თითქმის ყველა დარგს გაეცნობა – თეატრი, კინო, ხალხური ცეკვა და მუსიკა, მხატვრობა და ფოტოხელოვნება ქართული კულტურის დღეების ფარგლებში იქნება წარმოდგენილი.

კვირეულის ფარგლებში გაიმართება გამოფენა „ქართველი ქალის თვალით დანახული პირველი მსოფლიო ომი“, ჩატარდება ქართული ხალხური ცეკვისა და სიმღერის კონცერტები, გათამაშდება რამდენიმე ქართული სპექტაკლი, მოეწყობა სხვადასხვა ტიპის გამოფენა და კინოჩვენება, ვორკშოპები და მასტერკლასები ქართული პოლიფონიური სიმღერის შესახებ.

კონცერტებს გამართავენ ანსამბლები “მძლევარი”, “რუსთავი”, სპექტაკლებს წარმოადგენენ სამეფო უბნის თეატრი და თითების თეატრი. სამეფო უბნის თეატრი ითამაშებს სპექტაკლს “ტროელი ქალები”, თითების თეატრი კი “Extravaganza”-ს. კინოჩვენებების ფარგლებში მაყურებლისთვის ნაჩვენები იქნება ნუცა ალექსი-მესხიშვილის “კრედიტის ლიმიტი”, გიორგი ოვაშვილის “სიმინდის კუნძული”, ლევან კოღუაშვილის “შემთხვევითი პაემნები”, თინათინ ყაჯრიშვილის “პატარძლები”. ნიკა მაჩაიძე და ნატალია ბერიძე კი კვირეულის სტუმრებისთვის ელექტრონული მუსიკის კონცერტს გამართავენ. დაგეგმილი ღონისძიებების პარალელურად ქართული სამზარეულოს დეგუსტაცია მოეწყობა.

ქართული კულტურის დღეები გდანსკში 9-16 ოქტომბერს ჩატარდება.