22 ოქტომბერი, 2015

მიშა გომიაშვილის საერთაშორისო წარმატება

1misha-gomiashvili-in-prezidentმიშა გომიაშვილის საერთაშორისო წარმატება. მსახიობი მოჰსენ მახმალბაფის ფილმში “პრეზიდენტი” განსახიერებული მთავარი როლისთვის საერთაშორისო კინოფესტივალზე ერთ-ერთ ცენტრალურ ნომიანციაშია წარდგენილი.

მიშა გომიაშვილი მამაკაცის საუკეთესო როლის შესრულებისთვის რიგით მეცხრე ASIA PACIFIC SCREEN AWARDS ფესტივალში მონაწილეობს, რომელიც 26 ნოემბერს ავსტრალიის ქალაქ ბრიზბენში გაიმართება.

მიშა გომიაშვილი:

– ამ კინოფესტივალზე იმდენივე ვიცი, რამდენიც თქვენ… ვიცი მხოლოდ ის, რომ ტარდება ავსტრალიაში. 26 ნოემბერს გაიმართება დაჯილდოების ცერემონიალი, რომელზეც დროისა და სხვადასხვა მიზეზთა გამო, მე ვერ ვიქნები… კერძოდ, მიმდინარეობს გადაღება რეზო გიგინეიშვილის ახალი ფილმისა ,,მძევლები“, სადაც მე ვთამაშობ ერთ-ერთ ცენტრალურ როლს.

გარდა ამისა, ცუდად მაქვს დაცდილი ფესტივალებზე ჩემი ყოფნა, სადაც კი ვიყავი არსად, არც ფილმს და არც მე არანაირი პრიზი ან ჯილდო არ გვაღირსეს… და იქ, სადაც არ წავედი, ყველაგან – ჩიკაგოშიც, ტოკიოშიც და სხვაგანაც მთავარი პრიზი ავიღეთ… ეს ისე, ნახევრად ხუმრობით…

რაც შეეხება იმას, თუ როგორ მოხვდა ფილმი ამ ფესტივალზე, ძალიან უბრალოდ, როგორც ყველა ფილმი ხვდება ფესტივალებზე… შერჩევის გზით…

– ამ ნომინაციაში ამავე კინოფესტივალზე სხვა ქართველი მსახიობი ყოფილა წარდგენილი?

– თქვენს შეკითხვაზე, ამ ნომინაციაში სხვა ქართველი მსახიობი მანამდე წარდგენილი ყოფილა თუ არა? ნამდვილად ვერ გეტყვით, მართლა არ ვიცი…ისე, რაღა დაგიმალოთ და მეც მაინტერესებს… თუ რაიმეს გაიგებთ, ძალიან გთხოვთ მეც შემატყობინეთ…