3 ოქტომბერი, 2015

მიხეილ თუმანიშვილი – თეატრალური დღესასწაულების ინიციატორი

tumaniSvili6მიხეილ თუმანიშვილი – ეს სახელი და გვარი ოქროს ასოებით არის ჩაწერილი ქართული კულტურის ისტორიაში. მისი სპექტაკლები, მისი აღზრდილი მსახიობები, მისი დაარსებული თეატრი – სრულიად განყენებული მოვლენაა ქართულ თეატრალურ სამყაროში და მას მიხეილ თუმანიშვილის ხელწერა ჰქვია.

“არტინფო” გაგაცნობთ სულ სხვა მიხეილ თუმანიშვილს, რომელიც დღემდე შეუცვლელია თეატრალურ ხელოვნებაში.

მიხეილ თუმანიშვილი რეჟისურით ბავშვობიდან დაინტერესდა და სპექტაკლებს ეზოში დგამდა. საბოლოო გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ახმეტელის “ყაჩაღები” ნახა:

“ეს იყო დრამატული თეატრის აღმოჩენა. შთაბეჭდილება იმდენად ძლიერი იყო, რომ სხვა ყველაფერმა მეორე პლანზე გადაიწია. მხოლოდ თეატრი. ჭკვიანი, მამაცი, შთაგონებული ადამიანები, ციხე-კოშკები, გრიგალისგან ამოგლეჯილი ხეები, მოვლენათა სწრაფი დინება და უმთავრესი – ბრძოლა სამართლიანობისთვის, ბრძოლა ჭეშმარიტი გამარჯვებისთვის. რამდენიმე კვირა გონს ვერ მოვდიოდი, ადგილს ვერ ვპოულობდი. მძულდა ფრანც მოორი, რომელსაც ბრწყინვალედ თამაშობდა აკაკი ვასაძე და უსაზღვროდ მიყვარდა კარლი – აკაკი ხორავა, ჭაბუკურად მეოცნებე, ფიცხელი. ახმეტელი კი იყო ჩემი თეატრის აღმომჩენი.”

რეჟისორობაზე უარი არც მაშინ უთქვამს, როცა სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაიწვიეს. სპექტაკლებს ჯარშიც დგამდა. მიხეილ თუმანიშვილი მეორე მსოფლიო ომშიც მონაწილეობდა, სადაც რამდენჯერმე დაჭრეს, გერმანელების ტყვედაც ჩავარდა, მაგრამ საკუთარ მოწოდებაზე უარი არ თქვა და სამშობლოში დაბრუნებულმა თეატრალურ ინსტიტუტში ჩააბარა, გიორგი ტოვსტონოგოვის ჯგუფში მოხვდა და აღმავლობის ხანაც დაიწყო.

თეატრმცოდნე ნათელა ურუშაძე იმ პერიოდში სამსახიობო ფაკულტეტზე სწავლობდა და სულ ამბობდა: “იღბალი უნდა გქონდეს იმისთვის, რომ მიხეილ თუმანიშვილად დაიბადო და რეჟისურის მასწავლებლად ტოვსტონოგოვი მოგევლინოს.”

თავდაპირველად რეჟისორი რუსთაველის თეატრში მუშაობდა, სადაც განახორციელა თავისი საეტაპო სპექტაკლები “ჭინჭრაქა”, “ანტიგონე”, “ესპანელი მღვდელი”. თეატრალურ ინსტიტუტში ცნობილი მეთერთმეტე აუდიტორია ჰქონდა, სადაც კინომსახიობთა თეატრი ჩამოაყალიბა. გასული საუკუნის 70-იან წლებში კი მიხეილ თუმანიშვილმა ექსპერიმენტული ჯგუფი ჩამოაყალიბა და რეჟისორები და მსახიობები გააერთიანა, რეჟისორები მსახიობებთან ერთად დგამდნენ სპექტაკლებს და ეს ერთიანობა მათთვისაც საინტერესო იყო და მაყურებლისთვისაც. თავისი სტუდენტების გარდა, მიხეილ თუმანიშვილს ლილი იოსელიანის სტუდენტებიც მოსწონდა.

მიხეილ თუმანიშვილს ცხოვრებაში ორი მთავარი საქმე ჰქონდა – პედაგოგობა და რეჟისორობა. სწორედ ეს ორი საქმე მიაჩნდა თავის მთავარ მოწოდებად. მსახიობობის მსურველი თავიდანვე უნდა ეზიაროს ყველაფერს, რომ თეატრში უკვე პროფესიონალი მივიდესო, ამბობდა რეჟისორი. ხშირად მასზე მსახიობები ამბობდნენ, თეატრში ძალიან მომთხოვნია და ჭირვეული ხასიათი აქვსო, რასაც თავადაც ეთანხმებოდა: დიახ, ნამდვილად ასეა, მძიმე ხასიათი მაქვსო. არ უყვარდა, როცა მსახიობი ოჯახდებოდა, რადგან იცოდა, რომ ან თეატრიდან წავიდოდა, ან თუ დარჩებოდა, სხვა რამეზე გადაერთვებოდა. მას სურდა, რომ სხვებიც ისე ბოლომდე დახარჯულიყვნენ, როგორც თვითონ. ასეთი ქმედების გამო, მას ნათელა ურუშაძე ფანატოკოსს ეძახდა: “თვითონ ფანატიკოსია და იგივეს სხვებისგანაც ითხოვს. ერთი ფანატიკოსი რომ იყოს არაუშავს, მაგრამ ყველა ფანატიკოსი ხომ არ გახდებაო.”

მიხეილ თუმანიშვილის პირველი მეუღლე ნინელი ჩიქოვანი იყო. ერთმანეთი თეატრალურ ინსტიტუტში გაიცნეს. გულის მანკით დაავადებულმა გოგონამ არ დაუჯერა მშობლებს და კატეგორიული უარის მიუხედავად, მაინც ჩააბარა სამსახიობოზე. მისთვის არც გათხოვება შეიძლებოდა და მით უმეტეს, არც ბავშვის გაჩენა, მაგრამ მან ყველაფერზე მაღლა თავისი სიყვარული დააყენა და გოგონა გააჩინა. რაც შეეხება სამსახიობო კარიერას, მან რუსთაველის თეატრში მხოლოდ ერთი წელი იმუშავა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მიხეილ თუმანიშვილის თხოვნით, მსახიობობას თავი დაანება. სიცოცხლის ბოლომდე ის მეუღლის გვერდით იყო და რეჟისორულ საქმეებში აქტიურად ეხმარებოდა. როდესაც მიხეილ თუმანიშვილი დაქვრივდა, მისი გოგონა 13 წლის იყო. მამა მას ფანტაზიორობას ასწავლიდა, ღრუბლებს აყურებინებდა და თან ეუბნებოდა, ეს ღრუბელი ეტლს ჰგავს, ეს ცხენსო, იგივე ხერხს მიმართავდა შვილიშვილებთან ურთიერთობისასაც. ხშირად ამბობდა, ადამიანს ნებისმიერ ასაკში ეს აღტაცება უნდა ჰქონდეს და შინაგანად აღარ დაბერდებაო.

რამდენიმე წლის შემდეგ რეჟისორი მეორედ დაქორწინდა. ლეილა ღლონტს და მიხეილ თუმანიშვილს ბევრი საერთო მეგობარი ჰყავდათ, ჯერ მეგობრობდნენ, მერე კი ოჯახი შექმნეს. ის დაობლებულ გოგონაზე ზრუნავდა და სითბოს და სიყვარულს არ აკლებდა. როდესაც მიხეილ თუმანიშვილი გარდაიცვალა, მისმა მეუღლემ ეს ტრაგედია რთულად გადაიტანა, დეპრესიაში ჩავარდა და საკუთარ თავში ჩაიკეტა.

მიხეილ თუმანიშვილის წარმატების შედეგი ის იყო, რომ მუდმივად ძიების პროცესში იყო. საკუთარი სპექტაკლების ყურება არ უნდოდა, “როცა ვუყურებ, მინდა, რომ სცენაზე ავვარდე და გავასწოროო.” სულ ამბობდა, იმას ვერ მივაღწიე, რაც მინდაო. მიღწეულით არასდროს კმაყოფილდებოდა. თავის სპექტაკლების პრემიერამდე ნერვიულობას რამდენიმე დღით ადრე იწყებდა, ამ პრემიერას რა გადამატანინებსო. სულ ამბობდა, სპექტაკლის დადგმა მშობიარობას ჰგავს, სანამ ბავშვი არ გაჩნდება, არ იცი როგორი იქნებაო. რეჟისორს ისიც ანერვიულებდა, რომ პრემიერის დღეებში სცენაზე უნდა გამოსულიყო და მაყურებლისთვის თავი დაეკრა. საჯარო გამოსვლები მას არასოდეს ხიბლავდა, რადგანაც ერიდებოდა. ერთხელ ისიც კი თქვა, პროფესია არასწორად ავირჩიე, ისტორიკოსი ან გეოგრაფი უნდა ვყოფილიყავიო. უყვარდა რეპეტიციები, მსახიობებთან ურთიერთობა, მაგრამ ხალხში გამოჩენის ერიდებოდა. სცენაზე ორი წუთით გამოდიოდა და შემდეგ კულისებში იპარებოდა. რეჟისურა იყო ის საქმე, რომლითაც მიხეილ თუმანიშვილი ცოცხლობდა. სულ თავის ოთახში იყო ჩაკეტილი და მუშაობდა. 24 საათის განმავლობაში ფიქრობდა თეატრზე.

მიხეილ თუმანიშვილს მიაჩნდა, რომ მისგან რეჟისორი ვერ დადგა. ამ აზრს ხშირად თავის შვილსაც უზიარებდა: “ჩემგან რეჟისორი არ დადგა, ვერასდროს მივაღწიე იმას, რაც მინდოდა.” ერთ-ერთ თავის მოგონებაში რეჟისორი ამ თემას ასე ეხმაურება:
“ჩემს მიერ დადგმულ ყველა სპექტაკლში არის რაღაც იქიდან, იმ ცხოვრებიდან. წარსულის ზმანებანი თავად მორბიან, ერთმანეთს აწყდებიან, გამოსავალს ლამობენ. ერთი პატარა კაცუნა კი, რომელიც ჩემში ზის, ჩუმად მიჩურჩულებს: ეს ყველაფერი უკვე ათასჯერ ნათქვამს და დაწერილს ჰგავს, უხერხულია კიდეც. ბოლოს დაბოლოს, მოსაბეზრებელიც. რამდენი წელი გავიდა, შენ კი არ შეგიძლია თავი დააღწიო ამას. არ შემიძლია!”

რეჟისორს დადგმული ათეულობით სპექტაკლი სპეციალურ რვეულში ჰქონდა ჩაწერილი და სიაში წითლად მხოლოდ ის წარმოდგენები იყო შემოხაზული, რომელიც მიაჩნდა, რომ ასე თუ ისე გამოუვიდა: “ესპანელი მღვდელი”, “ანტიგონე”, “ჭინჭრაქა”, “დონჟუანი”, “პატარა ქალაქი”…

“სულ მგონია, რომ თეატრში რაღაცას ისე არ ვაკეთებ, როგორც უნდა ვაკეთებდე. გამუდმებით უკმარისობის გრძნობა მაქვს. შესაძლოა მაკლია სითამამე, არტისტიზმი, სხვა რეჟისორებთან შედარებით, ბევრი სპექტაკლი არ დამიდგამს, – დაახლოებით 67, მაგრამ ოთხი თუ ხუთია ისეთი, რომელიც ნამდვილად გამომივიდა, რომელშიც რაღაც ახალი დაიბადა. ჩემთვის ცხოვრებაში მთავარია – დილით ადრე ადგომა, მუშაობა და საღამოს იმაზე ფიქრი, თუ რა გავაკეთე დღეს და რა უნდა გავაკეთო ხვალ. ასე ვიცხოვრე 70 წელი, თუ ომის წლებს არ ჩავთვლით. ეს ჩემი მოთხოვნილება იყო და სხვანაირად არ შემეძლო. ყველამ ჩვენი საქმე უნდა ვაკეთოთ სიამოვნებით, საკუთარი თავისთვის უნდა ვაკეთებდეთ. მარტივ შედარებას მოვახდენ. ვმუშაობ სტუდენტებთან, ვცდილობ გვერდში ვედგე ჩემს შვილს, კარგი მსურს გავუკეთო ვინმეს, მაგრამ რომ დავფიქრებულვარ, ამას ყველაფერს ჩემი თავისთვის ვაკეთებ, ეს მე მსიამოვნებს. ალბათ, ასეა პროფესიაშიც. ფანატიკურად უნდა გიყვარდეს და ემსახურო შენს საქმეს. თუ შემოქმედი ხარ, ჩავარდნებს ვერ ასცდები. ის, ვინც არ ძერწავს, არ ეძებს და არ ქმნის, არც შეცდომებს უშვებს.”

სამწუხაროდ, მიხეილ თუმანიშვილის ცხოვრების გზა ია-ვარდით მოფენილი არ ყოფილა. მის ცხოვრებაში იყო ურთულესი პერიოდებიც და მძიმე წლებიც. როდესაც რუსთაველის თეატრიდან წამოვიდა, ამაზე ამბობდა: “თეატრის კარი რომ გამოვიჯახუნე, გზაში ვფიქრობდი, გული როგორ არ გამისკდა და ნაბიჯებს როგორ ვდგამდიო.” სახლში აბსოლუტურად დაცლილი და უემოციო დაბრუნდა. შინ თავისი სტუდენტების წერილი დახვდა, თბილი სიტყვებით. ისინი წერდნენ, რომ პედაგოგი ძალიან უყვარდათ. ბარათში კი აკაციის პატარა ყვავილი იდო. იმ ბარათმა და ყვავილმა სიმბოლურად გააცოცხლა რეჟისორი და სიცოცხლის ხალისი შესძინა, თორემ მძიმე მდგომარეობაში იყო. 25 წელი გაატარა რუსთაველის თეატრში და ერთ დღეს მის გარეშე დარჩა.

ასაკის მატებას რეჟისორი განიცდიდა, მაგრამ საკმარისი იყო სტუდენტებთან სამუშაოდ მისვლა, რომ ასაკიც ავიწყდებოდა და ყველანაირი დაავადებაც:

“ძალიან ცუდია სიბერე. ცუდია იმით, რომ ამ დროისთვის გამოცდილებაც გაქვს, გეგმებიც, ფიზიკური ძალა კი აღარ შეგწევს, გააკეთო ის, რაც გინდა და როგორც გინდა. თანაც ჭირვეული ხასიათი მაქვს. დილა რომ თენდება, სულ იმას ვფიქრობ, ცუდად არ გავხდე-მეთქი. კიდევ კარგი, ისეთი მეუღლე მყავს, რომ თუ მე შევჩივლე, რამე მაწუხებს-მეთქი – 70 წლის ასაკში ასეც უნდა იყოსო, – მპასუხობს და ეს ცოტათი მამშვიდებს. 70 წლისა კი არა, 100 წლისაც რომ ვიყო, ახალგაზრდებთან ყოველთვის ვიმუშავებ იმიტომ, რომ ამაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს. ამასწინათ ვერ ვიყავი კარგად, არითმია მქონდა თუ რაღაც ჯანდაბა. მივედი თეატრში, სარეპეტიციო დარბაზში შევედი და დამავიწყდა არითმიაც და ყველაფერი ამქვეყნად. სწორედ მაშინ გავიფიქრე, რა ბედნიერებაა, რომ სცენა არსებობს!”

სირთულეებმა თავისი ქნა – მიხეილ თუმანიშვილს სამჯერ დაემართა ინფარქტი. მესამედ უკვე მძიმე ფორმებში და ვეღარც გადაიტანა. მაესტრო 75 წლის ასაკში გარდაიცვალა. რეჟისორი დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს.