16 ოქტომბერი, 2015

მარინა ჯანაშიას სპეციალურ პრიზს გადასცემენ

1marina-janashiaთეატრისა და კინოს მსახიობს მარინა ჯანაშიას საზეიმო ვითარებაში დააჯილდოვებენ და სპეციალურ პრიზს გადასცემენ. მართლია, რუსთაველის თეატრის მსახიობს არც ჯილდოები და პრემიები აკლია და არც ხალხის სიყვარული, მაგრამ ამის მიუხედავად, მის პრიზებს კიდევ ერთი, გამორჩეული ჯილდო შეემატება.

მარინა ჯანაშია მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალზე “საჩუქარი” 17 ოქტომბერს დაჯილდოვდება. მას “ხელოვნებაში სრულყოფილებისთვის” მიხეილ თუმანიშვილის სახელობის პრიზი გადაეცემა.

წლევანდელ ფესტივალზე მარინა ჯანაშიასთან ერთად დაჯილდოვდებიან ნანა ფაჩუაშვილი, ნანი ჩიქვინიძე, გია ყანჩელი, დავით დოიაშვილი და საშა ვალცი.

ფესტივალის არსებობის განმავლობაში ეს პრიზი მიენიჭა არაერთ ცნობილ ქართველ და უცხოელ ხელოვანს, მათ შორის, ელდარ შენგელაიას, ზურა ყიფშიძეს, ლეილა აბაშიძეს, თენგიზ არჩვაძეს, გურანდა გაბუნიას, რამაზ ჩხიკვაძეს, გურამ საღარაძეს, რობერტ სტურუას, რეზო ჩხეიძეს, მედეა ჩახავას, ოთარ მეღვინეთუხუცესს, კამა გინკასს, ვანესა რედგრეივს, ჰილარი ვუდს, ოლეგ ტაბაკოვს, ან ბოგარტს, მიხეილ მარმარინოსს.