24 ოქტომბერი, 2015

კონსტანტინე მელაძე დაქორწინდა

1meladzeკომპოზიტორი და პროდიუსერი კონსტანტინე მელაძე დაქორწინდა. ვალერი მელაძის ძმა საყვარელ ადამიანთან ერთად იტალიაში გაემგზავრა და ფორტე-დაი-მარმიში იქორწინა, ზუსტად იქ, სადაც მან თავისი მომავალი მეუღლე გაიცნო.

ინფორმაციას ამის შესახებ იტალიური გამოცემები ავრცელებენ. კონსტანტინემ ცოლად ჯგუფ “ვიაგრას” ყოფილი წევრი, მომღერალი და მსახიობი ვერა ბრეჟნევა მოიყვანა.

ქორწინება ქალაქის მერმა უმბერტო ბურატიმ დაარეგისტრირა. საზეიმო ცერემონიალს წყვილის უახლოესი ნათესავები და მეგობრები ესწრებოდნენ. საქორწინო ვახშამი ქალაქის ერთ-ერთ რესტორანში გაიმართა, ახლადდაქორწინებულები თაფლობის თვის გატარებას ამავე ქალაქში აპირებენ.

კონსტანტინე მელაძისთვის ეს მეორე ქორწინებაა. ის პირველ მეუღლეზე, იანა მელაძეზე 19 წლის განმავლობაში იყო დაქორწინებული. პროდიუსერი პირველ ცოლს ოფიციალურად ორი წლის წინ დაშორდა. კონსტანტინეს და იანას სამი შვილი ჰყავთ – 15 წლის ალისა, 10 წლის ლია და 9 წლის ვალერი. კონსტანტინეს ორ შვილს მისი და-ძმის, ლიანასა და ვალერის სახელები ჰქვიათ. 9 წლის ვალერი აუტიზმითაა დაავადებული.

51 წლის კომპოზიტორი მომღერალ ვერა ბრეჟნევასთან ერთად კიევის ცენტრში მდებარე სახლში ერთი წელია ცხოვრობს. მათ რომანზე ჟურნალისტები პირველად დაახლოებით რვა წლის წინ მას შემდეგ ალაპარაკდნენ, რაც ჯერ კიდევ ცოლიანი კონსტანტინე მელაძე და გათხოვილი ვერა ბრეჟნევა ვალერი მელაძესა და ალბინა ჯანაბაევასთან ერთად იურმალას სანაპიროზე სეირნობდნენ.