11 ოქტომბერი, 2015

ბერლინალეს დირექტორი თბილისში ჩამოდის

1berlinales-direqtoriბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის დირექტორი დიტერ კოსლიკი თბილისში ჩამოდის. ლიტერ კოსლიკი საქართველოს პირველად ეწვევა. მასთან ერთად საქართველოში კავკასიის რეგიონის სელექტორი ნიკოლაი ნიკიტინიც ჩამოვა. გერმანელი სტუმრის ვიზიტი თბილისში მხოლოდ 2 დღეს გაგრძელდება. ნიკოლაი ნიკიტინი კიდევ 3 დღის განმავლობაში დარჩება და ფესტივალისთვის შესარჩევად ახალ ქართულ ფილმებს ნახავს.

ბერლინალეს დირექტორმა თავად გამოთქვა სურვილი, ნახოს საქართველო, გაეცნოს ადგილობრივ კულტურას, გაესაუბროს სახელმწიფო პირებს და კინოსექტორის წარმომადგენლებს.

დიტერ კოსლიკი დღეს ევროპული კინოს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურაა. ის ბერლინალეს დირექტორის პოსტზე 2001 წლიდან არის. ბოლო წლების განმავლობაში, ეროვნული კინოცენტრი ბერლინალესთან მჭიდროდ თანამშრომლობს. კინოფესტივალმა დიდი როლი ითამაშა ახალი ქართული ფილმების პრომოუშენში. 2013 და 2014 წლებში ბერლინალეს სხვადასხვა პრესტიჟულ პროგრამაში (პანორამა, ფორუმი) ორ-ორი ქართული ფილმი მოხვდა.

ორი წლის წინ, პირველად ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, ბერლინალეზე მოხვდა 2 ქართული ფილმი: ნანა ექვთიმიშვილის და სიმონ გროსის „გრძელი ნათელი დღეები” სექციაში “ფორუმი” და ზაზა რუსაძის „ჩემი საბნის ნაკეცი” სექციაში “პანორამა”. „გრძელი ნათელი დღეები” შარშან არტჰაუს კინოთეატრების სპეციალური პრიზითაც დაჯილდოვდა. ქართულ ფილმებს ბერლინში დიდი წარმატება ხვდა წილად. გასულ წელს კი ამავე სექციებში მოხვდა ლევან კოღუაშვილის „შემთხვევითი პაემნები” და თინათინ ყაჯრიშვილის „პატარძლები”.

ბერლინალეს ისტორიის მანძილზე, ფესტივალზე სულ 15-მდე ქართულმა ფილმმა მიიღო მონაწილეობა. პირველად, ამ ფესტივალზე მოხვდა გიორგი შენგელაიას „ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა”, მთავარი საკონკურსო პროგრამის მონაწილე გახდა და ვერცხლის დათვიც მოიპოვა, რასაც მოყვა მიხეილ კალატოზიშვილის „რჩეული” და თემურ ბაბლუანის „უძინართა მზე”, რომელიც ასევე საუკეთესო რეჟისურისთვის ვერცხლის დათვით დაჯილდოვდა. ელდარ შენგელაიას “ცისფერი მთების” პირველი საერთაშორისო ჩვენებაც სწორედ ბერლინის კინოფესტივალის პროგრამაში “პანორამა” შედგა.

ეროვნული კინოცენტრი ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალთან უკვე 10 წელია აქტიურად თანამშრომლობს. ფესტივალის წარმომადგენლები კინოცენტრის მოწვევით ოფიციალური ვიზიტით თბილისში იმყოფებოდნენ. მიზანი ახალი ქართული კინოპროდუქციის გაცნობა იყო. ფესტივალის არაოფიციალურ პროგრამა “ჯენერეიშენში” ეროვნული კინოცენტრის მიერ დაფინანსებული ფილმები – გიორგი ოვაშვილის „გაღმა ნაპირი” და რუსუდან პირველის „სუსა” აჩვენეს.