1 სექტემბერი, 2015

თინათინ ყაჯრიშვილი გამარჯვებულია

1tinatin-kajrishviliქართველი რეჟისორი თინათინ ყაჯრიშვილი გამარჯვებულია. მას და მის ფილმს “პატარძლები” მორიგი პრიზი მიანიჭეს.

ინფორმაციას ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს:

“პატარძლების” მორიგი პრიზი – ვარნაში თინათინ ყაჯრიშვილის ფილმმა ჟიურის პრიზი – აფროდიტა მიიღო. ვულოცავთ რეჟისორს და მთელ შემოქმედებით ჯგუფს ამ წარმატებას!”

თინათინ ყაჯრიშვილის ფილმი დრამაა. „პატარძლები“ – ასე მოიხსენიებენ ციხეში, პატიმარ ქმრებთან, ხელის მოსაწერად მისულ ქალებს. მათ უმეტესობას ცხოვრების ნახევარი ერთად აქვთ გატარებული, მაგრამ ეს ფორმალობა გამორჩენიათ. ხელის მოწერა ქმრის ნახვის ერთადერთი საშუალებაა.

ქორწინება ფორმალური პროცედურაა, ხდება ჯგუფურად, ციხის ერთ პატარა ოთახში, რომლის მოწმეებიც ბადრაგები არიან და მხოლოდ ათი წუთი გრძელდება. სხვადასხვა ასაკის პატარძლები აცნობიერებენ თავიანთ მომავალ ცოლ-ქმრულ ურთიერთობას, რაც თვეში ერთხელ ერთსაათიანი შეხვედრით შემოიფარგლება.

ფილმის მთავარი გმირია ნუცა, ოცდათი წლის ქალი, მის მეუღლეს, გოგას, ათწლიანი სასჯელი აქვს მოსახდელი. მათ ორი შვილი ჰყავთ, რომლებმაც იციან, რომ მამა ჯარშია და მალე ჩამოვა. მამის სანახავად ციხეში დადიან. გაუთავებელ რიგებში უწევთ ლოდინი და დამთრგუნველი ჩხრეკის პროცედურების გავლა. ცოლ-ქმარი ტელეფონით ეკონტაქტება ერთმანეთს, მათი ურთიერთობა მიუხედავად გაურკვეველი მომავლისა და ცალ-ცალკე ცხოვრებისა დროთა განავლობაში კიდევ უფრო მჭიდრო ხდება.

ოთხი წლის გასვლის შემდეგ წესები იცვლება და წყვილებს პირველად ეძლევათ საშუალება ერთად გაატარონ დღე სახელდახელოდ მოწყობილ ოთახებში. ნუცა სხვა-ქალებთან ერთად შედის ციხეში, სადაც მეუღლეებთან ერთად ჩაკეტილები, ჯარისკაცების ზედამხედველობის ქვეშ ათევენ ღამეს.

იზოლირებულები გარე სამყაროსგან, წყვილები ყველაზე მეტად აცნობიერებენ ერთმანეთთან იდუმალ კავშირს. ციხის დამთრგუნველი გარემო თითქოს სადღაც ქრება, ქრება ერთმანეთის გარეშე გატარებული წლებიც.