25 სექტემბერი, 2015

როგორია ბაში-აჩუკი 3 D-ში?

1bashi-achukiაკაკი წერეთლის დაბადებიდან 175 წლის იუბილეს საქართველოსთან ერთად იუნესკოც აღნიშნავს. წელს პოეტისა და მწერლის გარდაცვალებიდან 100 წელი შესრულდა. ამ ორი თარიღის აღსანიშნავად, საქართველოში სხვადასხვა კულტურული დაწესებულებები ღონისძიებებს მართავენ.

პოეტისა და მწერლის იუბილეს უერთდება ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა თეატრი და პირველად ქართულ თეატრალურ სცენაზე წარმოადგენილი იქნება „ბაში -აჩუკი“ 3 D-ში!

სპექტაკლის პრემიერა 27 სექტემბერს გაიმართება. აკაკი წერეთლის ამავე სახელწოდების ნაწარმოების მიხედვით სათავგადასავლო-ისტორიული ჟანრის სპექტაკლს რეჟისორი დიმიტრი ხვთისიაშვილი დგამს. ინსცენირების ავტორები არიან მანანა გეგეჭკორი და დიმიტრი ხვთისიაშვილი. სპეციალურად „ბაში-აჩუკისთვის“ ორიგინალური მუსიკა დაწერა კომპოზიტორმა დავით მალაზონიამ. 3D ტექნოლოგია და კოსტიუმები დავით მაჭავარიანს და „კაკადუ სტუდიას“ ეკუთვნის, ქორეოგრაფიაზე კი ილიკო სუხიშვილმა და „ სუხიშვილების სტუდიამ“ იმუშავა.

სიუჟეტი ვითარდება XVII საუკუნის საქართველოში. შინა ომებით გაპარტახებულ საქართველოს თავს ესხმიან სპარსელები. ყიზილბაშების წინააღმდეგ კახეთში აჯანყება იწყება, რომელსაც ბიძინა ჩოლოყაშვილი მეთაურობს. ჩოლოყაშვილი ბაში-აჩუკს დახმარებისთვის ქსნის ერისთავებთან აგზავნის. აჯანყება მალე მთელ საქართველოში იწყება. ყიზილბაშები შუამთის მონასტერს ესხმიან თავს და სხვა გადამალულ ქალიშვილებთან ერთად ბაში-აჩუკის დები სპარსეთის შაჰის ჰარამხანისთვის მიჰყავთ. ბაში-აჩუკი თავს ესხმის გამტაცებლებს და ათავისუფლებს ტყვეებს. ჩოლოყაშვილის მეთაურობით აჯანყებულთა რაზმები თავს ესხმიან სპარსელების ციხე-სიმაგრეს, ყიზილბაშები გარბიან.