23 სექტემბერი, 2015

ქართველი მხატვრის ნამუშევარი სოთბის აუქციონზეა

1levan-songulashvili123 წლის ქართველი მხატვრის ნამუშევარი სოთბის აუქციონზე მოხვდა. ლევან სონღულაშვილის მიერ ნიუ-იორკში გატარებული ათთვიანი ქრონოლოგია საკმაოდ შთამბეჭდავი და წარმატებულია, რაშიც მკითხველიც დამეთანხმება.

2014 წელს, თბილისის სამხატვრო აკადემიის დასრულების შემდეგ, 22 წლის ასაკში ლევანი წარმატებით ჩაირიცხა და პირველი ქართველი სტუდენტი გახდა განათლებისა და კულტურის სამინისტროების მიერ პრიორიტეტულად გამოცხადებული ვიზუალური ხელოვნების სამაგისტრო სასწავლებელში, ნიუ-იორკის სამხატვრო აკადემიაში, რომელიც ენდი უორჰოლმა დააარსა. ქართველმა მხატვარმა 30,000 დოლარიანი საგრანტო ჯილდოც მოიპოვა.

ამავე სასწავლებელში პორტფოლიოს საფუძველზე ქართველი ხელოვანი გახდა აკადემიის მიმღები კომისიის რჩეული და 7,000 დოლარიანი სასტიპენდიო ჯილდო გადაეცა.

წლის განმავლობაში ნიუ-იორკში გამოფენებსა და მნიშვნელოვან სახელოვნებო პროექტებში საქართველოს სახელით ლევანი აქტიურად ღებულობდა მონაწილეობას… მსოფლიოში აღიარებული არტისტები კი, რომლებიც ქართველი მხატვრის ლექტორები იყვნენ, დღეს უკვე მისი მეგობრები არიან.

ქართველი მხატვრის წარმატება ამით არ დასრულებულა. წლის ბოლოს აკადემიის მთავარი ჯილდოს “Portrait Scholarship Award 2015 – $10,000” გამარჯვებული გამოვლინდა, სადაც მონაწილეობას ამერიკელი, ევროპელი და აზიელი ხელოვანები იღებდნენ… მათ შორის გამარჯვება ლევან სონღულაშვილმა მოიპოვა. აღსანიშნავია ისიც, რომ აქამდე ეს ჯილდო არც ერთ ქართველ ხელოვანს არ მიუღია.

2015 წლის ზაფხულში კი ასეულობით აპლიკანტიდან, სადაც პროფესორებსა და სხვადასხვა ქვეყნის არტისტებს ჰქონდათ პორტფოლიო წარდგენილი ლეგენდარულ არტისტ, ჯეფ კუნსთან (Jeff Koons) სამუშაოდ, კუნსმა არჩევანი სწორედ ქართველ მხატვარზე გააკეთა და თავის მანჰეტენის კომპანიაში უმნიშვნელოვანეს პროექტებზე მუშაობა შესთავაზა.

ლევან სონღულაშვილისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია “Tribeca Ball 2015”-ზე, სადაც ხელოვნების ცნობილი სააუქციონო სახლების, ასევე, “ნიუ-იორკ თაიმზის”, “არტ ინ ამერიკას”, “უოლ სთრით ჟურნალის”, “ნიუ-იორკერის” რედაქტორები და მათი წარმომადგენლები, ხელოვნების კრიტიკოსები, მხატვრები, ჰოლივუდის ვარსკვლავები და ა.შ. იყვნენ მიწვეულნი. სტუმრები ქართველი მხატვრის სახელოსნოს ესტუმრნენ, სადაც მნიშვნელოვანი ურთიერთობები დამყარდა. სხვა საპატიო სტუმრებთან ერთად ლევანის სახელოსნოს სტუმარი იყო ბრუკ შილდსიც. მას სწორედ იმ ნამუშევრის შეძენა სურდა, რომელიც მსახიობის მისვლამდე რამდენიმე წუთით ადრე ამერიკელმა არტ კოლექციონერმა შეიძინა. მსოფლიო ვარსკვლავმა ქართველი მხატვრის სახელი ჩაინიშნა და მასთან შეხვედრა “Tribeca Ball 2016”-ზე დაგეგმა.

1levan-songulashvili

“Tribeca Ball 2015” ქართველი ხელოვანისთვის იმითაც იყო გამორჩეული, რომ ლევანმა რამდენიმე დღის შემდეგ ძალიან მნიშვნელოვანი შეკვეთა მიიღო იაპონელი კოლექციონერებისგან. მათ ქართველი მხატვრის ნამუშევრები ტოკიოსა და ნიუ-იორკის გალერეებისთვის სურდათ.

ყოველწლიურ “Deck The Wall”-ის ექსპოზიციაზე წარდგენილი ლევანის ყველა ნამუშევარი კი კოლექციონერებმა შეიძინეს.

ლევანის ნამუშევრები უდიდესი პოპულარობით სარგებლობს საზღვარგარეთ. მისი ნახატები მსოფლიოში ცნობილი ადამიანების კერძო კოლექციებშია. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ამ ეტაპზე მსოფლიოს წამყვანი სოთბის არტ აუქციონია. ამ აუქციონისთვის მისმა ორგანიზატორებმა აირჩიეს ლევან სონღულაშვილის ნამუშევარი სახელწოდებით “მედუზა”, რომელიც ოქტომბერში ნიუ-იორკში გამოიფინება.

1levan-somgulashvilis-meduza

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ქართველ მხატვარს ბევრი შეთავაზება აქვს. ნიუ-ორლეანის ერთ-ერთმა გამორჩეულმა ფიგურამ, მუსიკოსმა შერონ მარტინმა 2016 წლისთვის ლევანს მისი შემოქმედების ექსპოზიციის მოწყობა შესთავაზა ჯაზის სამშობლოში, სადაც ვიზუალური ხელოვნების რამდენიმე პროექტი გახორციელდება.

პერსონალური გამოფენის მოწყობის შეთავაზება აქვს ქართველ მხატვარს ნიუ-იორკის ჩელსის გალერისტებისგანაც. ლევანს უკვე გადაწყვეტილი აქვს, რომ ექსპოზიციას უახლოეს მომავალში განახორციელებს.

1levan