22 სექტემბერი, 2015

ქართველი ბარიტონით აღფრთოვანებული პლასიდო დომინგო

1gagnidze-da-domingoლეგენდარული ტენორი პლასიდო დომინგო ამჟამად ლოს-ანჟელესის ოპერის ხელმძღვანელია, სპექტაკლებში მსოფლიოს საუკეთესო მომღერლებს იწვევს და ოპერებსაც თავად დირიჟორობს.

სწორედ დომინგომ უდირიჟორა რუჯერო ლეონკავალოს ოპერა „ჯამბაზებს“ და ლოს ანჟელესში ცნობილი ქართველი ბარიტონი გიორგი გაგნიძე მიიწვია. ამ ოპერაში მას ტონიოს პარტია „მეტროპოლიტენ ოპერის“ სცენაზე ბევრჯერ უმღერია, რასაც ამერიკული პროფესიული პრესა ყოველთვის დადებითად ეხმაურება.

გიორგი გაგნიძე, ერთ-ერთია მსოფლიო ოპერის იმ მეგა-ვარსკვლავებს შორის, ვინც ჩვენი პლანეტის მნიშვნელოვან, უდიდეს მუსიკალურ სცენებზე გასტროლებს მართავს და საუკეთესო საოპერო დადგმებში მონაწილეობს. ნიუ-იორკის „მეტროპოლიტენ ოპერას“, მილანის „ლა სკალას“, „არენა დი ვერონას“, გერმანიის, ავსტრიის, საფრანგეთის, ინგლისის, ესპანეთის, იაპონიის დედაქალაქების საოპერო თეატრების აუდიტორია ყოველ თეატრალურ სეზონზე, ამა თუ იმ მსოფლიო პრემიერაში, თუ მიმდინარე რეპერტუარში, მოთმინებით ელოდება აფიშებზე მისი სახელისა და გვარის გამოჩენას.

გიორგი გაგნიძე ყველა დიდი საოპერო თეატრისთვის მნიშვნელოვანი არტისტია, ხოლო კოლეგებისთვის სასურველი პარტნიორი. უძველესი და ერთ-ერთი უდიდესი თეატრი, მილანის „ლა სკალა“ ქართველ ბარიტონს სისტემატიურად იწვევს დადგმებში „რიგოლეტო, „ტრავიატა“, „აიდა“, „ტოსკა“, ნიუ-იორკის „მეტროპოლიტენ ოპერაში“ კი უკვე წლებია გიორგი გაგნიძე ხსნის და ხურავს თეატრალურ სეზონებს, რაც უკვე მეტყველებს იმაზე, თუ რამდენად ძვირფასია ამ თეატრისთვის ქართველი ბარიტონი.

გიორგი გაგნიძე ვერდის ხმებისა და ელენა ობრაზცოვას სახელობის ვოკალისტთა საერთაშორისო კონკურსების ლაურეატია. ბუსეტოში, ვერდის ხმების საერთაშორისო კონკურსზე მოისმინა იგი ლეგენდარულმა ხოსე კარერასმა და დიდმა მაესტრომ ლორი მაზელმა, რომელმაც კონკურში გამარჯვების შემდეგ (პირველი პრემია), გიორგი იაპონიაში მიიწვია საგასტროლოდ. სწორედ აქიდან იწყება ქართველი ბარიტონის ტრიუმფალური გამოსვლები მსოფლიოს უდიდეს საოპერო სცენებზე.