10 სექტემბერი, 2015

ნოდიკო ტატიშვილი: ,,ახალი გამოწვევის წინაშე დავდექი”

1nodikoმომღერალი ნოდიკო ტატიშვილს არასოდეს აშინებდა სირთულეები. არაეთრი დაბრკოლების მიუხედავად ის დღემდე მოვიდა და ერთგულ მსმენელთა დიდი არმიაც გაიჩინა. ამჟამად ნოდიკო ახალი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა. არაერთი კონკურსისა და ფესტივალის გამარჯვებულის შემოქმედებაში სრულიად სხვა ეტაპი დაიწყო. მან თავის კოლეგებთან ერთად თანხმობა განაცხადა The Voice საქართველო-ს მწვრთნელობაზე და ახლა მის გუნდში მოხვედრილი კონკურსანტების წარმატებისთვის ყველაფერი უნდა გააკეთოს.

– პირველ რიგში გილოცავთ The Voice საქართველო-ს მწვრთნელობას. ადვილად დათანხმდით შეთავაზებას?

– მადლობა. ვოისი იმდენად საინტერესო პროექტია თავისი ყველა ნიუანსით, რომ დიდი სიამოვნებით მოვაწერე ხელშეკრულებაზე ხელი და მივხვდი, რომ ახალი, ძალიან საინტერესო გამოწვევის წინაშე დავდექი.

– რას ნიშნავს თქვენთვის მსოფლიოში ცნობილ მუსიკალურ შოუში მწვრთნელის რანგში მონაწილეობა?

– გამომდინარე იქიდან, რომ ასეთ მეგა შოუში პირველად ვარ ჟიურის, მწვრთნელის რანგში, მგონია, რომ ახალი ეტაპი დაიწყო ჩემს კარიერაში. ეს ნიშნავს იმას, რომ პასუხისმგებლობის შეგრძნება უფრო მეტად გამძაფრდა ჩემში და საკუთარ თავს მოვთხოვ ისეთ მობილიზებას, როგორც არასდროს. საქმე ეხება შოუს, თან ურეიტინგულეს შოუს, თან ახალბედა მომღერლებს და რაც მთავარია მუსიკას!

მზრუნველობას იმ კონკურსანტებზე რომლებიც ამ პროექტზე დიდ იმედებს ამყარებენ, თან ნერვიულობენ და ღელავენ!

ძალიან ფაქიზი და რთული სამუშაოა, მაგრამ როცა გიყვარს ის რასაც აკეთებ, ყველაფერი მიღწევადია!

– ყოველთვის თავად იყავით კონკურსანტი სხვადასხვა კონკურსებში, შოუებსა თუ ფესტივალებში. რას შეგმატებთ ვოისის მწვრთნელობა როგორც რიგით მომღერალს?

– დიახ, აი, ეს საინტერესო კითხვაა. მუტაციის პერიოდის შემდეგ, როცა განვაგრძე სიმღერა, სულ კონკურსანტი ვიყავი “ცეკვავენ ვარსკვლავების” ჩათვლით. “ცეკვავენ ვარსკვლავებში” საზოგადოებას პირობა მივეცი, რომ აღარასოდეს მივიღებდი კონკურსებში მონაწილეობას და ვთხოვე ბოლოჯერ დაემესიჯებინათ ჩემთვის, ასე მოვიქეცი. შვიდი საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი ვარ და ასევე იმ კონკურსების გამარჯვებული და ფინალისტი, რომელიც ჩვენი ტევევიზიების საშუალებით კარგად იცის მაყურებელმა და მათი გულშემატკივრობის მეშვეობით მივაღწიე ამ პროექტებში წარმატებებს და ახლა მგონია რომ ის დროა, როცა ამ ხნის განმავლობაში დაგროვილი გამოცდილება სხვებს უნდა გავუზიარო. მე მახსოვს როგორ მოვედი დღემდე, როგორ ხედავდნენ ჩემში ნიჭს, ხელს მიწყობდნენ. ისიც მახსოვს რამდენი ბარიერის გადალახვა მომიხდა და ამასობაში ცხოვრებისეული იმუნიტეტი გამომიმუშავდა ამ ყველაფრის მიმართ. აი, ამის საშუალებას მომცემს ეს პროექტი, რომ დავეხმარო დამწყებ შემსრულებლებს, რომლებსაც სჭირდებათ ჩემი დახმარება.

– როგორ კონკურსანტს აქვს შანსი, რომ ბრმა ქასტინგზე შემოუტრიალდეთ?

– არაფერი განსაკუთრებული, გარდა იმისა, რომ უნდა იმღერონ კარგად. ვიცი რომ იღელვებენ და ინერვიულებენ და მინდა ვთხოვო, რომ ეს მათ მხოლოდ ხელს შეუშლით. ამიტომ ყოველგვარი ნერვიულობის და დაძაბულობის გარეშე გამოვიდნენ და თქვან თავიანთი სათქმელი. წარმატებებს ვუსურვებ ყველას!

– ანრი, ნუცა და ქეთაც მწვრთნელები არიან. ხომ არ გეშინიათ, რომ წაგართმევენ კონკურსანტებს?

– მწვრთნელებს ერთმანეთის სულ უნდა გვეშინოდეს.

– თქვენ რომ დამწყები მომღერალი იყოთ, გახვიდოდით ვოისში?

– კი, გავიდოდი.

– რა რჩევებს მისცემს ნოდიკო ტატიშვილი ამ შოუს მონაწილეებს?

– არ გაუშვან ეს შანსი ხელიდან. იმუშაონ ბევრი საკუთარ თავზე. არ ინერვიულონ, არ იყვნენ დაძაბულები. ის ვინც განაგრძობს პროექტში ყოფნას ბრმა ქასთინგების შემდეგ დაუჯერონ მწვრთნელებს და პედაგოგებს, ენდონ მათ. არ დაკარგონ რეალობის შეგრძნება. არ იფიქრონ რომ ერთადერთები არიან და განუმეორებლები, თუ დატოვეს პროექტი არ დააბრალონ მწვრთნელებს, დააბრალონ საკუთარ თავს. ყველა ჩემი მწვრთნელი კოლეგა დიდი პროფესიონალიზმით გამოირჩევა და მათი ინტერესია მაქსიმალურად საუკეთესო პროდუქტი გააკეთონ და საბოლოო ჯამში გაიმარჯვონ. მინდა წარმატებები ვუსურვო ყველა მონაწილეს, რომლებიც ამ პროექტში გამოდიან.

– რას პირდებით მათ, ვინც თქვენს გუნდში მოხვდება?

– ვპირდები, რომ ყველაფერს გავაკეთებ მათი წარმატებისთვის. გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან ბევრჯერ ვიყავი კონკურსანტი, ზუსტად ვიცი ფსიქოლოგია, მათი ფიქრები და განცდები, მოლოდინები და მე ამ მოლოდინს გავუმართლებ. ამას თვითონვე იგრძნობენ, მინდა რომ მათთან შემოქმედებითი ურთიერთობა პროექტის დასრულების შემდეგაც გაგრძელდეს. მინდა იზრუნონ თავიანთ რეპერტუარზე, ახალ სიმღერებზე, ალბომზე, კლიპებზე და ა.შ!

– დაბოლოს, გაუმხილეთ თქვენი წარმატების საიდუმლო მათ, ვინც მხოლოდ ახლა იწყებს მუსიკალურ კარიერას.

– წარმატების ფორმულა? ყოველგვარი ფორმულებისა და განტოლებების გარეშე, უნდა უყვარდეთ მუსიკა, სიმღერა, რეპეტიცია, ჩაწერა. ამ ყველაფერზე უნდა იყვნენ შეყვარებულები, მგონია, რომ მე ამ სიყვარულმა გამაკეთებინა ყველაფერი და ეს სიყვარული და დამოკიდებულება სულ უფრო მძაფრდება და ღვივდება ჩემში.