3 სექტემბერი, 2015

,,MANGO”-ს გრანდიოზულ ჩვენებაზე ქართველი მოდელი მიიწვიეს

1ana-sheliaსტამბოლში მსოფლიოში ერთ-ერთი ცნობილი ბრენდის ”MANGO” ყოველწლიური გრანდიოზული ჩვენება მოეწყო. უცხოელ სუპერმოდელებთან ერთად ჩვენებაში ქართველი მოდელიც მონაწილეობდა. ”MANGO”-ს ჩვენება სუპერმოდელმა, “Victoria’s Secret”-ის ერთ-ერთმა სახემ ანა ბეატრის ბაროსიმ გახსნა და ჩვენების დახურვის პატივიც სწორედ მას ერგო.

სამოდელო სააგენტო “ჯეომოდელსის” 16 წლის ქართველი ლამაზმანი ანა შელია მსოფლიო მოდის კრიტიკოსთა ყურადღების ცენტრში მოექცა. ანას უკვე ორი წელია კონტრაქტი აქვს გაფორმებული თურქულ სააგენტო “Option Model Management”-თან. ქართველ მოდელს ”MANGO”-ს ჩვენებაში მონაწილეობის მიწვევაც ამ სააგენტომ გაუგზავნა.

ანა შელია ევროპულ სამოდელო სააგენტოებთანაც მუშაობს, თუმცა ასაკის გამო, ეტაპობრივად პრობლემები ექმნება. უცხოეთში 16 წლამდე მოდელების მუშაობა ნებადართული არ არის. მიუხედავად ამისა, ქართველმა ლამაზმანმა მონაწილეობა მიიღო ვალენტინ იუდაშკინის კოლექციის ჩვენებაში იტალიაში, წარმოადგინა კოსტიუმები მილანის მოდის კვირეულზე და ფოტოგრაფებისთვის იპოზიორა ცნობილი ლიბანელი დიზაინერის ზუჰაირ მურადის ახალ კოსტიუმებშიც.

ქართველ მოდელს აქტიურად უკავშირდებიან სააგენტოები პარიზიდან, მილანიდან, ლონდონიდან. ახალი წლიდან ანა შელია საქართველოდან წავა და ევროპაში აქტიურ სამოდელო საქმიანობას შეუდგება.