24 სექტემბერი, 2015

კოკა და ნინო სცენას უბრუნდებიან

1koka-da-ninoმას შემდეგ, რაც პროექტ “ნიჭიერში” სმენადაქვეითებული კოკა და ნინო გამოჩნდნენ და ირაკლი ჩარკვიანის “საქართველო” ჟესტურ ენაზე შეასრულეს, ამ დუეტის მიმართ ინტერესი გაიზარდა.

მართალია ისინი პროექტის გამარჯვებულები ვერ გახდნენ, მაგრამ საჩუქარი მათ ნანუკა ჟორჟოლიანმა გაუკეთა და ბინა აჩუქა. წყვილმა ფართო საზოგადოებისგან დიდი სიყვარული დაიმსახურა. მათ ხშირად იწვევდნენ სხვადასხვა კონცერტებში, მათ შორის საქველმოქმედო ღონისძიებებშიც.

კოკა და ნინო სცენას ისევ უბრუნდებიან. 25 სექტემბერს ბათუმის ბულვარში მდებარე საზაფხულო თეატრში ჩატარდება კონცერტი ,,საქართველოს ყრუთა კავშირის” შემოქმედებითი ჯგუფის მიერ. შესრულდება ქართული ხალხური ცეკვები ანსამბლ ,,ლილეს” მონაწილეობით და ჟესტური სიმღერები, რომლებიც ხელმისაწვდომი იქნება რეგიონში მცხოვრები ყრუ და სმენადაქვეითებული ადამიანებისთვის.

კონცერტი ჩატარდება პროექტის “ჟესტური სამყარო” ფარგლებში და მასზე დასწრება თავისუფალია.