6 სექტემბერი, 2015

გიორგი კუხალაშვილის ნახატი სოლიდურ ფასად გაიყიდა

1giorgi-kuxalashviliქართველი მხატვრის გიორგი კუხალაშვილის ნახატი სოლიდურ ფასად გაიყიდა. ნამუშევარი, რომელზეც ხელოვანი 6 წლის მანძილზე მუშაობდა, ჰოლანდიაში დაიდებს ბინას.

“ჰიერონიმუს ბოსხის სიზმარი” ფერწერული ტილოა და ის კერძო კოლექციონერმა 50 ათას დოლარად იყიდა. მფლობელის საკუთრებაში გადაცემამდე, გიორგის ნახატი სხვადასხვა საგამოფენო სივრცეებში იქნება წარმოდგენილი.

ნახატი ჰოლანდიაში 18 სექტემბერს გაიგზავნება.

“არტინფო” გიორგი კუხალაშვილს ესაუბრა:

– ეს არის ჩემი საეტაპო ნამუშევარი, სადაც მკაფიოდაა გამოკვეთილი ჩემი შემოქმედებითი ხაზი და შემოქმედებაში განვლილი ეტაპები. ნამუშევარი მრავალსეანსიანია და გამორჩეულია კომპოზიციური გადაწყვეტით.

– ვისი ან რისი “დამსახურებით” გაიყიდა ეს ნახატი 50 ათასად?

– 2009 წლიდან ჩემი ნამუშევრები იფინება ნიდერლანდების სხვადასხვა ქალაქების საგამოფენო სივრცეებში, რომელსაც კურირებდა ჰოლანდიაში მოღვაწე, ცნობილი ქართველი მხატვარი და საზოგადო მოღვაწე ზურაბ კალანდაძე. მან დამაკავშირა ჰოლანდიელ კურატორთნ, კრისტიან კონდაიკთან. იგი სტუმრობდა თბილისს 3 თვის წინ, სადაც მან პირადად ნახა ეს ნამუშევარი. ვინაიდან 2016 წელი ჰოლანდიაში არის ჰიერონიმუს ბოსხის წელი და ამ ნამუშევარში აღმოაჩინეს ბოსხისეული ელემენტები, გადაწყდა პროექტის გაკეთება “გიორგი კუხალაშვილი – ჰიერონიმუს ბოსხის სიზმარი”, რომლის ფარგლებშიც მოეწყობა 12 სხვადასხვა გამოფენა ნიდერლანდების სხვადასხვა ქალაქებში.

1giorgi-kuxalashviis-naxati

– 6 წელი დიდი დროა. რატომ დაგჭირდათ ამდენი ხანი ერთი ნამუშევრის შესაქმნელად და ზოგადად გახასიათებთ თუ არა ერთ ტილოზე დიდხანს მუშაობა?

– შემოქმედებით პროცესში დროს ვერ განსაზღვრავ. ხშირად სრულყოფა გარკვეულ მსხვერპლს მოითხოვს და ნამუშევარი ხშირად იცვლის სახეს. თუმცა არის ნამუშევრები, რომლებიც შედარებით მალე იქმნება, მაგრამ ნაწარმოების შექმნას დრო სჭირდება, ეს მუდმივ ფიქრთან, მუდმივ აზროვნებასთანაა დაკავშირებული.

– საკუთარ სიზმრებს ხშირად ხატავთ?

– ჩვეულებრივ ღამის სიზმრებს არასდროს ვხატავ. ჩემი ინსპირაციის წყარო შუადღის სიზმრებია, რომელებც იმ შემოქმედებით იმპულსს გულისხმობს, რომელსაც მუზას ეძახიან.

– სხვა ნამუშევრებიც გაგიყიდიათ ასეთ სოლიდურ ფასად, თუ ეს პირველი შემთხვევაა?

– სხვა ნამუშევრები ასეთ სოლიდურ ფასად აქამდე არ გამიყიდია.

– იცით ვინ გახდა თქვენი ნახატის მფლობელი?

– ნამუშევრი შეიძინეს პროექტის ფარგლებში, საბოლოო მფლობელის ვინაობა კი უცნობია.

– თქვენც იმოგზაურებთ ნამუშევართან ერთად იმ ქალაქებში, სადაც ის გამოიფინება?

– დიახ, ერთ-ერთი გამოფენის გახსნას თავად დავესწრები, ვფიქრობ უამრავ საინტერესო ადამიანს შევხვდები, მათ, ვისაც უყვარს ხელოვნება.

– ქართველ დამთვალიერებელს მიეცემა ამ ტილოს ნახვის შანსი?

– ვინაიდან ეს ნამუშევარი 18 სექტემბერს ჰოლანდიაში იგზავნება, ვფიქრობ, საქართველოში ვეღარ მოესწრება მისი გამოფენა, მაგრამ აუცილებლად გამოვფენთ ამ ნამუშევრის პრინტს ჩემს სხვა ნამუშევრებთან ერთად.

პ.ს. გიორგი კუხალაშვილის ნამუშევრების დათვალიერება დაინტერესებულ საზოგადოებას მხატვრის ვებ გვერდზე შეუძლია: http://gogyaart.com/