6 სექტემბერი, 2015

გიორგი ჩიქოვანის წარმატება უკრაინულ ,,იქს ფაქტორში”

1giorgi-chiqovaniმომღერალი გიორგი ჩიქოვანი ფართო საზოგადოებამ სხვადასხვა კონკურსებიდან გაიცნო. მუსიკალურ შოუში “ორი ვარსკვლავი” კი გიორგი მოდელ სალომე ღვინიაშვილს უწევდა პარტნიორობას.

ამჯერად მან საქართველოს ფარგლებს გარეთ გადაწყვიტა თავისი შესაძლებლობების გამოვლენა და უკრაინული “იქს ფაქტორის” მეექვსე სეზონში მიიღო მონაწილეობა. როგორც მოსალოდნელი იყო, გიორგის გამოსვლამ ჟიური და დარბაზი ერთდროულად აღაფრთოვანა.

გიორგი ჩიქოვანი:

– უკრაინულ “იქს ფაქტორში” იმიტომ მივიღე მონაწილეობა, რომ სხვა ქვეყანაში მინდოდა მეცადა ბედი, მომესინჯა ძალები და შეძლებისდაგვარად ჩემი ქვეყანა წარმედგინა კარგად.

– თქვენ ჟიურისგან მიიღეთ 3 კი და 1 არა. როგორ გგონიათ, რატომ დაიმსახურეთ არა?

– ეს შოუა. მან დასაბუთებით თქვა, რატომ თქვა არა. შემდეგ ტურებში გამოჩნდება, რომ პირიქით, სიმპათიით იყო გამსჭვალული ჩემს მიმართ, თავიდან მეც პირიქით მეგონა.

– სიმღერა თქვენ შეარჩიეთ? რატომ მაინცდამაინც The White Stripes -ის ”Seven Nation Army”?

– პირველი როკ-სიმღერა მინდოდა მემღერა. რა თქმა უნდა, მე შევარჩიე იმიტომ რომ შემდეგ ტურებში ვიცოდი, ამის ნაკლები შანსი. შევეცადე ორიგინალს არ დამსგავსებოდა და ეს მგონი მოვახერხე.

– ელოდით ასეთ შეფასებას და მაყურებლის ასეთ ემოციას?

– ველოდი ნაწილობრივ, მაგრამ მაინც ვნერვიულობდი როგორ მიიღებდნენ. საბედნიეროდ, პირველ დღესვე ძალიან კარგი გამოხმაურება მოყვა ჩემს გამოსვლას.

– უკრაინულ იქს ფაქტორში ბევრი ქართველი მონაწილეობს. როგორ აფასებთ ერთმანეთს? არიან მათ შორის თქვენი მეგობრები?

– კი, უმეტესობას მანამდეც ვიცნობდი და პატივს ვცემდი, უკრაინამ კიდევ უფრო დაგვაახლოვა. განსაკუთრებით ვმეგობრობ გიგი ადამაშვილთან, ძალიან ნიჭიერია და წარმატებებს ვუსურვებ მასაც და ყველა სხვა მონაწილესაც, რა თქმა უნდა, ქართველებზეა საუბარი. თუმცა უკრაინელებიც ძალიან ბევრი კარგი ადამიანი გავიცანით იქ და ესეც სასიამოვნო მომენტია.

– რას ნიშნავს თქვენთვის ის ფაქტი, რომ ჟიურიში ქართველია და თანაც ნინო ქათამაძე?

– სასიხარულოა როდესაც შენი თანამემამულე ზის ჟიურიში და ამხელა პატივს სცემენ, მაგრამ საშიშიც არის. ქართველების მიმართ განსაკუთრებით მკაცრი იქნებოდა თავიდანვე ცხადი იყო, თუმცა კარგი გამოსვლების შემდეგ ამაყიც.

– ქართულ “იქს ფაქტორში” რატომ არ მიიღეთ მონაწილეობა?

– საქართველოში რამდენიმე კონკურსზე ვიყავი უკვე, თავი შევიკავე კიდევ გამოსვლისგან და მეზობელ ქვეყანაში ვარჩიე გამოსვლა.

– ქართველ მაყურებელს რას შესთავაზებთ?

– ქართველი მაყურებლისთვის ვაპირებ სიმღერები გამოვუშვათ ჯგუფთან ერთად. უკვე დროა ალბათ რომ ქავერებთან ერთად საკუთარი შემოქმედებაც ვაკეთო. ერთი ვცადეთ უკვე და საკმაოდ ლამაზი ბალადა გამოვიდა, იმედია ხალხსაც მოეწონება. ეხლა განვითარების დროა!