22 სექტემბერი, 2015

დასისხლიანებული მოცეკვავეები თავისუფალ თეატრში

1tavisufaliდასისხლიანებული მოცეკვავეები თავისუფალ თეატრში. თეატრის დამაარსებელი ავთო ვარსიმაშვილი მორიგ ექსპერიმენტს ახორციელებს. სიახლეების მოყვარული რეჟისორი ახალ თეატრალურ სეზონს კიდევ ერთი უჩვეულო წარმოდგენით ხსნის.

“ხომ ხოცავენ ქანცგაწყვეტილ ცხენებს“ – ასე ეწოდება სპექტაკლს, რომლის პრემიერაც თავისუფალი თეატრის სცენაზე 24 სექტემბერს გაიმართება. წარმოდგენას საფუძვლად ედება მაკკოი ხორასის ამავე სახელწოდების რომანი.

„თავისუფალი თეატრის“ ვერსიაში მოქმედება ხდება საქართველოში, დღევანდელ დღეს. მიმდინარეობს სატელევიზიო შოუ გამძლეობაზე „საცეკვაო მარათონი“, იმარჯვებს ის წყვილი, ვინც ბოლო დარჩება. საპრიზო ფონდი 50000 ლარია და იმედი, რომ მათ ვინმე შეამჩნევს და რამე პერსპექტიულს შესთავაზებს. იკრიბებიან სხვადასხვა ასაკისა და ბიოგრაფიის მქონე მოცეკვავე წყვილები, რომლებიც ყველაფერზე თანხმდებიან, ოღონდ გაიმარჯვონ. ექსტრემალური სიტუაცია მსხვერპლშეწირვას ემსგავსება, მონაწილეები ეცემიან და გასისხლიანებულნი მაინც დგებიან, ვიღაც ეცემა და უკვე ვეღარ დგება, პირდაპირ სატელევიზიო სტუდიიდან სავადმყოფოში ხვდებიან, დარჩენილები კი განაგრძობენ ბრძოლას. შოუს წამყვანი დიქტატორს ემსგავსება და თვითონ სტუდია კი ღებულობს ჩვენი ცხოვრების, ყოფის ჰიპერბოლური მოდელის სახეს, ჩვენ ვხედავთ ამ ცხოვრებისაგან განაწამებ სახეებს, ვგებულობთ მონაწილეების ერთი შეხედვით ჩვეულებრივ, მაგრამ ტრაგიკულ ბიოგრაფიებს, ისინი ქანცგაწყვეტილ ცხენებს ჰგვანან, რომლებიც ბოლო ამოსუნთქვის ზღვარზე, ჯიუტად მიისწრაფვიან გამარჯვებისაკენ, მაგრამ არავინ ფიქრობს იმაზე, რომ გამარჯვების შემთხვევაშიც კი, ეყოფათ გამარჯვებულებს იმის ძალა, რომ იცხოვრონ ფინიშის შემდეგ? ქანცგაწყვეტილ ცხენებს ხომ ხოცავენ.

პიესის ავტორი და რეჟისორი ავთო ვარსიმაშვილია, მხატვარი შოთა ბაგალიშვილი, კოსტიუმების მხატვარი თეო კუხიანიძე, ქორეოგრაფი მარიამ ალექსიძე, Koka T.Blues Mob – კოკა ცქიტიშვილის ხელმძღვანელობით.

სპექტაკლში მონაწილეობენ ჯაბა კილაძე, სალომე ჭულუხაძე, მამუკა მუმლაძე, ანი ალადაშვილი, ლაშა გურგენიძე, ოთო ლორთქიფანიძე, მარიამ ნადირაძე, გიორგი ზანგური, ქეთა ლორთქიფანიძე, გიორგი ჯიქია, თიკო კორძაძე და მაია დობორჯგინიძე.