18 სექტემბერი, 2015

ჯონ სტაინბეკის ყველაზე გამორჩეული ნაწარმოები ქართულად ითარგმნა

1steinbeckამერიკელი მწერლის ჯონ ერნსტ სტაინბეკი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ნაწარმოები ქართულად ითარგმნა.

1962 წელს ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურის დარგში, ყველაზე კარგად ცნობილია ნოველით „თაგვებსა და ადამიანებზე“. ეს არის იგავი დანაშაულის, მარტოობის, იმედისა და უიმედობის შესახებ. რომანის სიუჟეტი დაფუძნებულია ორი ადამიანის მეგობრობასა და მათ საზიარო ოცნებაზე, რომ ერთხელაც საკუთარი სახლი და დიდი ბოსტანი ექნებათ, კურდღლებს მოაშენებენ, წიწილები ეყოლებათ და ზამთრის წვიმებში, ღუმელთან შემომსხდარები, ყურს მიუგდებენ, როგორ ეცემა წვიმის წვეთი სახლის სახურავზე.

წიგნში მოქმედება ხდება დიდი დეპრესიის პერიოდის კალიფორნიაში და ასახულია მისი თანმდევი მოვლენები: რასიზმი, მარტოობა, ბრძოლა პირადი თავისუფლებისთვის. მწერალი დიდი ოსტატობით გვიჩვენებს უბრალო ადამიანების ხვედრს რთულ, დაუნდობელ და წინააღმდეგობებით აღსავსე სამყაროში.

ეს ნაწარმოები არაერთხელ დაიდგა ბროდვეიზე სპექტაკლის სახით, ჰოლივუდურმა კინომ კი სამი ეკრანიზაცია მიუძღვნა. მათგან ყველაზე პოპულარულია 1992 წელს გადაღებული ფილმი, სადაც მთავარი პერსონაჟის ლენი სმოლის როლს ჯონ მალკოვიჩი ასრულებს.

„თაგვებსა და ადამიანებზე“ ინგლისურიდან ქართულად გვანცა ჯობავამ თარგმნა. წიგნის პრეზენტაცია 23 სექტემბერს მოძრაობის თეატრში გაიმართება. მოძრაობის თეატრის მსახიობების ლაშა რობაქიძის და ელიზბარ ჩხეიძის მიერ გათამაშდება ფრაგმენტი წიგნიდან, მოეწყობა ვიდეო-ინსტალაცია, სადაც წარმოდგენილი იქნება კადრები ამავე წიგნის მიხედვით გადაღებული ფილმიდან. ფილმში მთავარ როლს ჯონ მალკოვიჩი ასრულებს.