5 სექტემბერი, 2015

სალომე ტეტიაშვილი: ,,ვამაყობ, რომ ეს ჯილდო დავიმსახურე!’’

1salome-tetiashviliმომღერალი სალომე ტეტიაშვილი მაყურებელმა ინტერნეტით გაიცნო, ამიტომ მას ინტერნეტვარსკვლავსაც უწოდებენ. გოგონა, რომელმაც ინტერნეტში გავრცელებული ვიდეოთი ათასობით ნახვა და მოწონება დააგროვა, რამდენიმე დღეში ყველაზე პოპულარულ ადამიანად იქცა.

სალომემ თავისი მუსიკალური შესაძლებლობების დახვეწა გადაწყვიტა და შემოქმედებითი ზრდისთვის “იქს ფაქტორში” მიიღო მონაწილეობა. გოგონა მიღწეულით არ დაკმაყოფილდა და ახალ ქართულ ხმაში მონაწილეობის სურვილიც გამოთქვა, მაგრამ სამწუხაროდ, სალომე შიდაშესარჩევ ტურზე არ დაიბარეს.

ამჯერად სალომეს არ გაუმართლა – ის შიდაშესარჩევ ტურზე არ მიიწვიეს, საიდანაც კონკურსანტები ბრმა ქასტინგზე ხვდებიან.

“არტინფო” სალომე ტეტიაშვილს ესაუბრა:

– “ახალ ხმაში” ნამდვილად მინდოდა მონაწილეობის მიღება. პირველი ნაბიჯი იყო ინტერნეტ-რეგისტრაცია. ახალი ხმის გვერდზე უნდა აგეტვირთა ვიდეო, ამის შემდეგ იყო შიდა შესარჩევი ტური, საიდანაც გადადიოდი ე.წ. ბრმა ქასთინგზე, მაგრამ, სამწუხაროდ, შიდა შესარჩევ ტურზეც არ დამიბარეს.

– “იქს ფაქტორის” შემდეგ რატომ მოგინდათ ახალ ხმაში მონაწილეობა?

– ვფიქრობ, რომ რაც მეტ კონკურსში მიიღებს დამწყები მომღერალი მინაწილეობას, უკეთესია მისთვისაც და მისი მსმენელისთვისაც.

– მზად ხართ იმ სტრესებთან საგამკლავებლად, რაც მსგავს კონკურსებს ახლავს თან?

– როცა მიდიხარ კონკურსში ყველაფრისთვის უნდა იყო მზად. რა თქმა უნდა, დიდი სტრესია და დიდი ნერვიულობის ფასად გიჯდება ყველაფერი, მაგრამ ეს ღირს ნამდვილად, რომ სცენაზე იდგე და ხალხს უყვარდე.

– გარდა პოპულარობისა, რას გაძლევთ მსგავსი შოუები და კონკურსები?

– პოპულარობის გარდა გაძლევს გამოცდილებას და მუსიკალურად იზრდები. კონკურსში საკმაოდ ბევრი შრომა უწევს მომღერალს და შესაბამისად ძალიან იხვეწები მით უმეტეს, როცა პროფესიონალები გეხმარებიან.

– სალომე, გიგრძვნიათ, რომ გჩაგრავენ?

– დაჩაგვრა ნამდვილად არ მიგრძვნია.

– სიმღერა თქვენი ჰობია თუ სერიოზულად ფიქრობთ ამ გზას გაყვეთ?

– სიმღერა ბავშვობაში ჰობი იყო, მაგრამ ნელ-ნელა ვგრძნობ, რომ ცხოვრების ნაწილად იქცა, ამიტომ არ ვაპირებ მიტოვებას ნამდვილად.

– რა არის მთავარი ადრენალინი თქვენთვის სიმღერაში?

– ხალხის ემოცია სიმღერის დროს.

– დღეს ბევრს საუბრობენ, რომ ქართველი მომღერლები მხოლოდ მსოფლიო ვარსკვლავების ქავერებს ასრულებენ და საკუთარი რეპერტუარი არ გააჩნიათ. თქვენც ასე ფიქრობთ?

– ყველა ქართველ მომღერალს არ ეხება ეს ნამდვილად, იმიტომ რომ ბევრი წერს საკუთარ სიმღერებს თან საკმაოდ კარგ სიმღერებს, უბრალოდ იშვიათად ხდება მათი პოპულარიზაცია.

– ალბომის ჩაწერაზე რომ მუშაობდეთ, როგორი რეპერტუარი გექნებოდათ?

– მე ძალიან დიდ პატივს ვცემ ქართულ სიმღერას და ვფიქრობ, რომ აუცილებლად ქართული რეპერტუარი იქნებოდა ჩემს ალბომში.

– ახალ სიმღერებს წერთ?

– სიმღერებს, სამწუხაროდ, არ ვწერ (ჯერჯერობით).

– რა სიახლეებს შესთავაზებთ თქვენს მსმენელებს?

– ჩემს გეგმებზე წინასწარ არ მიყვარს საუბარი, ამიტომ მირჩევნია თავი შევიკავო.

– დაბოლოს, დაუტოვეთ გზავნილი მათ, ვისაც სალომე ტეტიაშვილის სიმღერა მოსწონს.

– ვფიქრობ, რომ ხალხის სიყვარული დიდი ჯილდოა და ვამაყობ, რომ ეს ჯილდო დავიმსახურე. ყველაფერს გავაკეთებ, რომ არ დავავიწყო ჩემს მსმენელს თავი და ყველაზე მთავარი რაც არის, უნდა იყო უბრალო ადამიანი, უნდა გასცე ბევრი სითბო და ხალხი ამას აუცილებლად დაინახავს. მე ყოველთვის ვცდილობ, რომ ვიყო უბრალო და ხალხთან ახლოს.