25 სექტემბერი, 2015

,,საბას’’ ჟიური საგანგებო განცხადებას ავრცელებს

1sabaლიტერატურული პრემია “საბა” და მისი წლევანდელი ჟიური საგანგებო განცხადებას ავრცელებს:

“მათთვის, ვინც თვალყურს არ ადევნებს ქართულ ლიტერატურულ პროცესებს და, მიზეზთა გამო, შესაძლებელია ნებსით თუ უნებლიედ, შეცდომაში შევიდეს, ან შეიყვანონ – კიდევ ერთხელ საჭიროდ მივიჩნევთ, განვმარტოთ: ლიტერატურული პრემია „საბას“ გამარჯვებულების გამოვლენა ხდება პრემიის ჟიურის მიერ. კონკურსის დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე ამ პროცესში არ მონაწილეობს და ჟიურის გადაწყვეტილება მისთვისაც დაჯილდოებაზე ხდება ცნობილი. წლევანდელი ლაურეატები და, მათ შორის, პოეტი პაატა შამუგია არის სწორედ „საბას“ ამ წლის ჟიურის რჩეული.

ხაზგასმით გვსურს განვაცხადოთ, რომ ორი დღის წინ ინტერნეტში გავრცელებულ ვიდეოში წარმოთქმული ტექსტი არ ეკუთვნის პაატა შამუგიას და, შესაბამისად, არ შედის „საბაზე“ დაჯილდოებულ კრებულშიც. პაატა შამუგია ერთ-ერთი ნიჭიერი და თვალსაჩინო ავტორია თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში. კონტექსტიდან ამოგლეჯილი ვიდეო კი არის ტიპიური მაგალითი ფაქტების გაყალბებისა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანისა. ხოლო ის, თუ რომელი უცხოელი ავტორის ტექსტს წაიკითხავს აუდიტორიასთან „საბას“ რომელიმე ნომინატი, თავად მისი გადასაწყვეტია და, შესაბამისად, ხსნებული გამოსვლები და დეკლამაციები ვერ გახდება პრემია „საბას“ ჟიურის მსჯელობის საგანი, რადგან იგი სცდება მისი რეგლამენტისა და კომპეტენციის ფარგლებს.

„საბას“ 2015 წლის ჟიური:

ზურაბ კიკნაძე, პროფესორი
დათო ტურაშვილი, მწერალი
ლევან ბერძენიშვილი, მთარგმნელი
ზვიად რატიანი, პოეტი
ქეთი ქანთარია, მთარგმნელი”