3 სექტემბერი, 2015

ოთარ ჭილაძის რომანი თურქულად ითარგმნა

1otar-chiladzis-romani1ქართველი კლასიკოსის ოთარ ჭილაძის რომანი თურქულ ენაზე ითარგმნა. ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერითა გამომცემლობის „Aylak Adam Kültür Sanat Yayıncılık“-ის მიერ გამოიცა მწერლის ერთ-ერთი პირველი რომანი “გზაზე ერთი კაცი მიდიოდა”. მისი მთარგმნელი ფარნა-ბექა ჩილაშვილია.

ოთარ ჭილაძის რომანი “გზაზე ერთი კაცი მიდიოდა” 1973 წელს გამოიცა. ის პირველია მის ექვს რომანს შორის. მწერალს რომანში გაცოცხლებული ჰყავს ისტორიული პერსნაჟები, მათთან ერთად კი გამოგონილი პერსონაჟებიც ბევრია.

ნაწარმოებში მოქმედება ხდება ანტიკური კოლხეთის პერიოდში. ეს იმდროინდელი ამბავია, როცა ვანი ზღვისპირა ქალაქი იყო, როცა კოლხეთის მიწაზე პირველმა ბერძენმა დაადგა ფეხი და მორიდებულად ითხოვა თავშესაფარი. ზღვამაც სწორედ იმ დღეს გაბედა და ხანგრძლივი ყოყმანის შემდეგ პირველი ნაბიჯი გადადგა უკან. მთავარი პირველი ნაბიჯი იყო, მერე ყველაფერი თავისით მოხდებოდა, ან ვინ გაუბედავდა შეჩერებას. ყველა ვანელს, დიდიან პატარიანად, კალთაზე რომ გამოება ზღვა, მაინც გაიპარებოდა, რადგან ვერავითარი ძალა ვეღარ აღუდგებოდა წინ ბუნების ჩანაფიქრს. ადრე თუ გვიან ასე უნდა მომხდარიყო, ზღვა გამბედაობას მოიკრეფდა და შეუდგებოდა ამ მართლაც ვერაგული განზრახვის აღსრულებას.