28 სექტემბერი, 2015

ლონდონში ქართული ფილმების ფესტივალი ჩატარდება

1qartuli-kino-londonshiლონდონის ვესტენდში კინოთეატრში REGENT STREET CINEMA ქართული ფილმების მე-4 ფესტივალი „კინოში ასახული ცხოვრება“ გაიმართება. REGENT STREET CINEMA 180-ადგილიანი კინოდარბაზით ხელოვნების ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული ცენტრია ლონდონში.

ფესტივალი, რომელსაც უკვე 10 წლის ისტორია აქვს, ყველაზე მნიშვნელოვანი კულტურული მოვლენაა ბრიტანეთში. ფესტივალის ფარგლებში, მაყურებელს საშუალება ექნება გაეცნოს თანამედროვე ქართული კინოს საუკეთესო მხატვრულ, დოკუმენტურ და მოკლემეტრაჟიან ფილმებს, ქართულ კინოკლასიკას და ძველი შედევრების აღდგენილ ნამუშევრებს. ფესტივალის ფარგლებში შედგება რამდენიმე მსოფლიო და ბრიტანული პრემიერა.

ქართული ფილმების ფესტივალი ლონდონში პირველ ოქტომბერს ზაზა ურუშაძის „მანდარინებით” გაიხსნება, რომელსაც თავად რეჟისორიც დაესწრება. ფილმი ახლახანს ჩაერთო ბრიტანულ დისტრიბუციაში. 4 ოქტომბერს შედგება ინტერვიუ ოთარ იოსელიანთან, რომელიც 6 ოქტომბერს საზოგადოებას თავის ახალ ფილმს „ზამთრის სიმღერა” წარუდგენს.

ფესტივალის ფარგლებში ნაჩვენები იქნება ბოლო პერიოდში გადაღებული წარმატებული ფილმები „არ ისუნთქო”, „სიმინდის კუნძული”, „გრძელი, ნათელი დღეები”, „პატარძლები”, „შემთხვევითი პაემნები”… ფესტივალის ფარგლებში მოეწყობა დისკუსია „ქართული ლიტერატურა კინოში”, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ აკა მორჩილაძე, დონალდ რეიფილდი, ნანუკა ჩიჩუა და ამერიკელი პოეტი ლაინ კოფინი.

ლონდონის ისტ-ენდში, კინოთეატრ Rich Mix Cinema-ს კაფეში გაიმართება სპეციალური საღამო, სადაც ქართველი მუსიკოსების მიერ შესრულებული ცოცხალი მუსიკის თანხლებით ნაჩვენები იქნება ქართული უხმო კინოს შედევრი “ლურსმანი ჩექმაში” (რეჟისორი მიხაილ კალატოზოვი).

უკვე ცნობილია იმ ქართველ კინემატოგრაფისტთა სია, რომლებიც ფესტივალზე გაემგზავრებიან. ლონდონში კინოჩვენებებს დაესწრებიან ზაზა ურუშაძე, გიორგი ოვაშვილი, ლევან თუთბერიძე, ოთარ იოსელიანი, ნინო კირთაძე, ლაშა ცქვიტინიძე, უტა ბერია, თორნიკე ბზიავა, ტატო კოტეტიშვილი, რეზო კიკნაძე, თინათინ ყაჯრიშვილი და ლაშა ხალვაში.

წლევანდელი ფესტივალი, რომელმაც უკვე დაიმკვიდრა თავისი ადგილი და მნიშვნელობა ლონდონის კულტურულ რუკაზე და მას უკვე თავისი ერთგული მაყურებელი ელის, ემთხვევა საქართველოს მორაგბეთა ეროვნულინაკრების თამაშებს რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე ინგლისში.