11 სექტემბერი, 2015

ლაშა ბუღაძის ახალი ინიციატივა

1lasha-bugadze1მწერალი ლაშა ბუღაძე ცდილობს ლიტერატურის სფეროში მიმდინარე მოვლენებს არ ჩამორჩეს და ამ მიმართულებით ყურადღებით ადევნოს თვალყური სიახლეებს.

ამჯერად დრამატურგს ახალი ინიციატივა აქვს და მას საჯაროდ ამხელს. მისი შეთავაზება ლიტერატურული პრემია “საბასთვის” და მისი ჟიურის წევრებისთვის არის განკუთვნილი.

ლაშა ბუღაძე:

“მაქვს შეთავაზება პრემია „საბასთვის“ ჟიურის წევრებისთვის: დრამატურგიის ნომინაციას ეწოდოს „დაბალი ღობის“ ნომინაცია.

„საბას“ ისტორიაში ორად ორჯერ არ გაცემულა პრემია ნომინაციის მიხედვით და ორივეჯერ დრამატურგია დაჩაგრეს. უკვე ტრადიციად იქცა, რომ ჟიურის წევრები მაინცდამაინც პიესებს უნდა აფასებდნენ მკაცრად და უკომპრომისოდ, საქმე კი ისაა, რომ დრამატურგია, უბრალოდ, არაპოპულარული ჟანრია საქართველოში და დიდად არც არავინ გვისაყვედურებს, თუკი ჟანრის განვითარების მაგივრად მის კიდევ უფრო მეტ დაკნინებას შევუწყობთ ხელს.

წლევანდელი „საბას“ ჟიურის ერთ-ერთმა წევრმა, თავად შესანიშნავმა პოეტმა, დანანებით აღნიშნა, რომ საქართველოში ცოტა პიესა იწერება და იმის მაგივრად, რომ მერე რაიმე დამამშვიდებელი ეთქვა, კიდევ უფრო მეტი სინანულით გვამცნო ამ ნომინაციაში წარმოდგენილი პიესების ტოტალური მარცხის ამბავი.

რა გვეთქმის, „საბას“ ჟიურიმ ქართული პიესების გამრავლების უაღრესად ეფექტიან და, რაც მთავარია, პროფესიონალურ ხერხს მიაგნო: წელს საერთოდ გააუქმა დრამატურგიის ნომინაცია.
მე კი რატომღაც მეგონა (ყოველ შემთხვევაში, მაშინ, როცა მეგობრებთან ერთად ვიგონებდი „საბას“ ნომინაციებს), რომ ლიტერატურული პრემიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია ავტორებისა და ჟანრების პოპულარიზაცია უნდა ყოფილიყო და არა მათი ერთმნიშვნელოვანი კრიტიკული უარყოფა. კრიტიკული პოზიცია კონკრეტული ტექსტების მიმართ უნდა გვქონოდა და არა, ზოგადად, ჟანრების მიმართ.

როცა წლების წინაც დასაჯეს პიესები, ჟიურის ერთ-ერთი წევრი პედაგოგიური სიმტკიცით ბრძანებდა, რომ ჟიურის გადაწყვეტილება გაკვეთილი იქნებოდა დრამატურგებისთვის და ამ უარის შედეგად ახლა ისინი უკეთეს პიესებს დაწერდნენ.

გარდა იმისა, რომ მეტად უცნაური განცხადებაა, ისიც საინტერესოა, იტყოდა თუ არა ჟიურის ეს წევრი იმავეს პოეზიის, პროზაული კრებულის ან რომანების შესახებ (ამ შეკითხვას ვსვამდი მაშინაც, როცა „საბას“ ჟიურის იმ წლის უსამართლო გადაწყვეტილების შესახებ ვწერდი სტატიას)? არა, რა თქმა უნდა, არ იტყოდა. ჟიურის არც ერთ წევრს არ მოუვა თავში აზრად, რომ ოდესმე პოეზიის, პროზაული კრებულის ან რომანის ნომინაციაში გასულ ტექსტებს დაუკავოს პრემია, რადგან ესენი ტრადიციული, „პრესტიჟული“ ნომინაციებია და აქ შეუძლებელია ვინმემ კარგად არ დაწეროს რამე. ამ დროს, თუკი სულ ოდნავ მაინც მოვადუნებთ ერთგვარ „კულტუროლოგიურ რეფლექსს“ და ცოტა ხნით დავივიწყებთ, რომ „საქართველო პოეტების ქვეყანაა“, ზოგჯერ პიესების ტექსტებსა და იმავე წელს შეფასებულ პოეტურ ტექსტებს შორის დიდ ხარისხობრივ განსხვავებას ვერც დავინახავთ, თუმცა ქართულ პოეზიას ვინ გაუბედავს რამეს: „საბას“ ჟიურის წევრი მხოლოდ კოშმარულ სიზმარში თუ ნახავს, როგორ გადასცემენ პოეტებისთვის განკუთვნილ პრემიას რომელიმე მთარგმნელს.

ამ დროს უამრავი დაჯილდოებული თუ დაუჯილდოებელი პოეტურ-პროზაული კრებულის ჩამოთვლაა შესაძლებელი, გამოცემისთანავე მაკულატურად ქცევისთვის რომ არის განწირული.
ისიც მაეჭვებს, კითხულობენ თუ არა საერთოდ პიესებს, რადგან პირადად მე ბევრი ე.წ. „დაუზარელი“ მკითხველი მყავს სიცრუეში გამოჭერილი: გეუბნებიან, რომ წაიკითხეს და სინამდვილეში მხოლოდ რამდენიმე გვერდისთვის გადაუხედავთ, თუმცა სხვას რა უნდა მოსთხოვო, როცა საქართველოში რეჟისორებსაც კი ეზარებათ პიესების კითხვა – ნახავენ სადღაც სხვის მიერ დადგმულ პიესას და მერეღა წყვეტენ იმავე ტექსტის დადგმას. „საბას“ ჟიურის წევრებს ვერ დავაბრალებ, რომ პიესების ტექსტებს არ ეცნობიან; ყოველ შემთხვევაში, ერთ-ერთზე მაინც ზუსტად ვიცი, რომ არისტოფანეს პიესები აქვს წაკითხული, მაგრამ ეს კი მაინც უნდა ვიკითხო: რამდენად იცნობენ ისინი თანამედროვე ბრიტანულ, გერმანულ, ფრანგულ, რუსულ, ირანულ ან ქართულ დრამატურგიას? შესაბამისად, რამდენად იცნობენ თანამედროვე თეატრალურ ფორმებს და მის ესთეტიკას? რადგან თუკი არ იცნობენ, ეს იმას ნიშნავს, რომ, შესაძლოა, მოძველებული და სტერეოტიპული წარმოდგენები ჰქონდეთ თეატრალურ ტექსტებზე, ან, უბრალოდ, ავიწყდებოდეთ, რომ პიესა სწორედ მაშინ იღებს საბოლოო ფორმას, როდესაც სივრცეში ცოცხლდება, ანუ სცენიურ ფორმას იღებს.

ჩემდა სამწუხაროდ, თვითონაც არ წამიკითხავს ბოლო „საბას“ მცირე სიაში გასული ყველა პიესა და ამიტომ ვერაფერს ვიტყვი მათ შესახებ, მაგრამ კარგად ვიცნობ მათგან ერთ ცალს – ბასა ჯანიკაშვილის „გაბრაზებულ ჩიტს“ (ეს ის ბასა ჯანიკაშვილი არაა, ვინც საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის მრჩევლად მუშაობს, ეს სხვაა) და მიკვირს, როგორ მოახერხა ამ პიესამ 2014 წელს პირველი ადგილის მოპოვება პიესების საერთაშორისო კონკურსზე Talking About Borders და როგორ ვერ მოაწონა თავი „საბას“ წლევანდელ ჟიურიში მოღვაწე პატივცემულ ლიტერატორებს. ეს პიესა 2015 წელს ნიურნბერგის თეატრში დაიდგა რეჟისორ ქრისტოფ მელერის მიერ და რამდენიმე თვის წინ წიგნადაც გამოიცა გერმანიაში (დათა თავაძის „დედაომთან“ ერთად). ჰოდა, ასეთი რა მოეწონათ უცხოენოვან მკითხველებსა და მაყურებლებს ქართველი ავტორის პიესაში, რომელიც აღნიშვნის ღირსადაც არ ჩათვალეს წლევანდელი „საბას“ ჟიურის წევრებმა? აქაც შინაური მღვდლის ამბავია? იქნებ სხვა განწყობით წაეკითხათ, ამ ტექსტის ევროპული წარმატების ამბავი რომ გაეგოთ?

ასევე გამაკვირვა თარგმანების ოდნავ არაადეკვატურმა გაფეტიშებამ. მართალია, ერთი ამქრის წევრები ერთმანეთს ხმაურიანად გულშემატკივრობენ, მაგრამ ამ ხმაურმა არამც და არამც არ უნდა აგვიბნიოს თავგზა: მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ბევრი თარგმანი გამოდის, ეს იმას როდი ნიშნავს, რომ თუნდაც „საბაზე“ წარმოდგენილი თარგმანების უმეტესობა მაღალი ხარისხისაა. მე წლების განმავლობაში მიწევს ახალი გამოცემების გაცნობა და, სამწუხაროდ, სულ უფრო იშვიათად ვხვდები გემოვნებით და ცოდნით გადმოთარგმნილ ლიტერატურას.

გემოვნება – აი, რის დეფიციტია ქართულ თარგმანებში, რომ არაფერი ვთქვათ შინაარსობრივ თუ სტილისტურ შეცდომებზე, ეკლექტიკაზე და ვულგარულ ნეოლოგიზმებზე, რითაც წალეკილია თარგმნილი ლიტერატურა. ამჯერადაც, „საბას“ დებიუტის ნომინაციის ჯილდო ერგოთ არა ორიგინალურ ტექსტებს, არამედ ისევ და ისევ მთარგმნელებს, რაც კიდევ ერთ უსამართლობად მიმაჩნია, რადგან „საბას“ დებიუტი სწორედ ის ნომინაციაა, სადაც ყოველთვის მოიძიება ახალი და საინტერესო ავტორი. შესაძლოა, მთარგმნელის წარმატებას თარგმნილი ავტორის სახელიც უწყობდეს ხელს, რადგან, როცა კარგად გამოცემული წიგნის გარეკანზე რომელიმე ძველი თუ ახალი კლასიკოსის გვარ-სახელს ხედავ, მთარგმნელის მიმართაც გიჩნდება პიეტეტი, თუმცა, შესაძლოა, ეს დიადი სახელი სულაც აღარ იყოს ძველებურად დიადი: ისევე, როგორც თუნდაც უმბერტო ეკო თავისი წიგნით „პრაღის სასაფლაო“ (მთარგმნელს არაფერს ვერჩი, კარგი თარგმანია), რადგან, მგონი, ლიტერატურული კრიტიკოსი არ დარჩენილა დასავლეთში, რომელსაც მიწასთან არ გაესწორებინა ეს მართლაც ძალიან დამღლელი და უსაშველოდ გაწელილი „პამფლეტი“. თუმცა, რად უნდა ამას კრიტიკოსი?! მაჩვენეთ ერთი ადამიანი მაინც (მთარგმნელის გარდა), ვისაც ამ წიგნის კითხვით სიამოვნება მიეღოს?

რასაკვირველია, თარგმნა ტიტანური შრომაა და გემოვნებიან და მართლაც თავგანწირულ ქართველ მთარგმნელებს მხოლოდ მადლობა ეთქმით ჩვენგან, მაგრამ ქართულ ლიტერატურას საბოლოოდ მაინც ქართული ლიტერატურა განავითარებს და არა ქართულად თარგმნილი ლიტერატურა. შესაბამისად, იმედს ვიტოვებ, რომ „საბას“ ჟიური მომავალში მაინც აღარ დაუშვებს წლევანდელის მსგავს დასანან შეცდომებს, რომლებიც თავად ჟანრების პრესტიჟსა და აქტუალობას შეუქმნის პრობლემას: „საბა“ ხომ ავტორების წასახალისებლად არის შექმნილი და არა მათ დასაჩაგრად.