30 სექტემბერი, 2015

თემურ ჩხეიძის სპექტაკლი აფხაზურად ითარგმნება

1Temur-chxeidzeრეჟისორ თემურ ჩხეიძის სპექტაკლები ყოველთვის დიდ ინტერეს იწვევდა მაყურებელში. მისი შემოქმედება კარგა ხანია საქართველოს ფარგლებს გასცდა და საერთაშორისო აღიარება მოიპოვა.

თემურ ჩხეიძის რეჟისურის მომავალი თაობებისთვის უკეთ გასაცნობად, უნიკალური პროექტის განხორციელება იწყება. საზოგადოებრივი მაუწყებლის არქივში მის მიერ დადგმული სპექტაკლი “ჰაკი აძბას” ჩანაწერი ინახება. არქივის სამსახურის უფროსის გიორგი ჩართოლანის გადაწყვეტილებით, სპექტაკლი აფხაზურად ითარგმნება.

გიორგი ჩართოლანი:

“უნიკალური ქართული სპექტაკლები აფხაზურ და ოსურ ენებზე!

საზოგადოებრივი მაუწყებლის გაერთიანებული არქივის სამსახურის კიდევ ერთი პროექტი!
საზოგადოებრივი მაუწყებლის არქივი ინახავს საკმაოდ საინტერესო და მნიშვნელოვან მასალებს, სადაც აღბეჭდილია ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური თანაცხოვრების საუკეთესო პერიოდები.

დღეს ყველაზე აქტუალურია აფხაზებთან და ოსებთან კონსტრუქციული დიალოგის წარმოება და ამ დიალოგში გამორჩეული როლი სწორედ კულტურულ დიალოგს უკავია.

ჩვენ მნიშვნელოვნად მიგვაჩნია დაწყებულ კულტურულ დიალოგში საზოგადოებრივი მაუწყებლის ჩართვა, რამდენადაც ეს მაუწყებელი ყველას მაუწყებელია.

ამ მიზნით საზოგადოებრივი მაუწყებლის გაერთიანებული არქივის სამსახური იწყებს უნიკალური პროექტის განხორციელებას რაც გულისხმობს ჩვენს ფონდებში დაცული ქართულ-აფხაზურ და ქართულ-ოსური ურთიერთობების თემატიკაზე შექმნილი სპექტაკლების სინქრონულ თარგმნას აფხაზურ და ოსურ ენებზე, რათა ნებისმიერი თაობის დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა მივცეთ გაეცნოს იმ მნიშვნელოვან კულტურულ, ეთიკურ, მორალურ და სხვა მრავალ ღირებულებებზე დაფუძნებულ ურთიერთობებს, რაც ამ ერებს მრავალი ათწლეულის განმავლობაში ერთად ჩამოუყალიბდა.

ამ პროექტის ფარგლებში დავიწყეთ ლეო ქიაჩელის მოთხრობის საფუძველზე რეჟისორ თემურ ჩხეიძის მიერ შექმნილი შესანიშნავი სპექტაკლის “ჰაკი აძბას” აფხაზურ ენაზე თარგმნა. ვფიქრობთ, ეს მასალა არის უნიკალური დასტური ქართულ-აფხაზური ძმობის, მეგობრობის და ერთმანეთისთვის თავგანწირვის.

ყველა იმ სამთავრობოს თუ არასამთვრობო ორგანიზაციას, ვისაც შეუძლია ამ უმნიშვნელოვანესი პროექტის მხარდაჭერა, ვთავაზობთ თანამშრომლობას.”