7 სექტემბერი, 2015

გოდერძი ჩოხელის მთავარი ფასეულობები საჯაროა

1goderzi-choxeli-axmetelis-teatrshiრეჟისორისა და მწერლის გოდერძი ჩოხელის მთავარი ფასეულობები საჯაროა. ხელოვანი გუდამაყრიდან, ამ მიკროსივრციდან ხედავს მთელ სამყაროს და გვესაუბრება იმ მთავარ ფასეულობებსა და ღირებულებებზე, რომელთა გარეშეც ადამიანს გაუძნელდება არსებობა.

ადამიანთა დარდისა და სევდის შემგროვებელი ამ ქვეყნად მოსვლის მიზანზე ჩაფიქრებული გოდერძი ჩოხელი პირველად დაიდგა ქართულ თეატრში. მისი მოთხრობების მიხედვით სპექტაკლი „ბედისწერის თეატრი“ ახმეტელის თეატრში განხორციელდა. ინსცენირების ავტორი საბა მეტრეველია, რეჟისორები ირაკლი გოგია და ლაშა გოგნიაშვილი.

სიკეთე, რწმენა, ღირსება, სიყვარული, ერთგულება და ბავშვური გულუბრყვილობა, ალალმართლობა თან სდევს ბედისწერის ამ თეატრში მოფუსფუსე პერსონაჟთა ცხოვრებას. ეს სპექტაკლი პირველი მცდელობაა ქართულ თეატრში, მივუახლოვდეთ გოდერძი ჩოხელის სულიერ სამყაროს, სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე დაბადებულ მშვენიერსა და ამაღლებულს მის შემოქმედებაში.

ახმეტელის თეატრი საიუბილეო 35-ე თეატრალურ სეზონს სწორედ ამ სპექტაკლის პრემიერით 2 ოქტომბერს გახსნის.