8 სექტემბერი, 2015

გიორგი კეკელიძე: ,,გურული დღიურები დახურულია!’’

1giorgi-kekelidze-gurul-dgiurebzeმწერალი გიორგი კეკელიძე ლიტერატურული პრემია “საბას” დაჯილდოების ცერემონიალს ეხმიანება და საჯაროდ წერს წერილს იმ მკითხველისთვის და მეგობრებისთვის, ვინც პირად შეტყობინებებს უგზავნის.

გიორგი კეკელიძე:

“გურული დღიურების ამბავზე დავწერ და ამ წიგნს საბოლოოდ დავხურავ. დავწერ თუნდაც იმიტომ, რომ ბევრი მეგობარი ამაზე პირადად მწერს და არა ღიად, რაც გასაგებია და მისაღები. ისევ მე ავიღებ თავზე. ცხადია, ეს არ და ვერ შეეხება საბას წლევანდელ დაჯილდოებას, რადგან კონკურსი კერძოა, თავისუფალი ნომინანტებთან ვალდებულებებისგან, ხშირად კვალიფიციური და საკუთარი აზრის მქონე ჟიურით, თუმცა შორი-ახლო ექო კია. მეც თავისუფალი ვარ და საკუთარი აზრის მქონე. ამიტომაც, ერთ პატარა სინდრომზე მოგითხრობთ.

როცა ეს უწყინარი ესეების კრებული დავწერე, თითქმის ყველა პატივსაცემ ლიტერატორს (და ასე შემდეგ) გავუგზავნე, მათ გამომიგზავნეს ქების წერილები, გადაჭარბებულიც კი, რასაც მოჰყვა რამდენიმე რეცენზია და თემატური გადაცემა. ასე გრძელდებოდა მანამ, სანამ ერთი შოუს წყალობით წიგნი იმაზე უფრო პოპულური გახდა, რისი ატანაც შესაძლებელია – გაუგებრად პოპულარული საგამომცემლო ბაზრისთვისაც კი. გამომცემლობის კონკრეტული პრობლემების გამო, ჰონორარი რეალურად არ ამიღია, თუმცა ეს მნიშვნელოვანი არ არის. ამასობაში, ბაზარი ბრაზად იქცა სადღაც-სადღაც. მაი აფერი, ხდება ხოლმე. მერე? გოგომ წიგნთან სელფი გადაიღო? ,,შეიძლება გოგო ვარგა, მაგრამ წიგნი აღარ’’. მე მგონია, რომ ეს სინდრომი დასაძლევია.

რომ იცოდეთ რა ხერხებით დავდივარ სოფელ-სოფელ რომ ბიბლიოთეკები აღავდგინო, წიგნები და კომპიუტერები ვაყიდინო კერძო ბიზნესს – გაგეცინებათ. ეს ჩემი გზაა და ვიცი, რომ ამ გზამ აქამდე გაამართლა – აქ გურულ დღიურებს ყველაზე ნაკლებად ვგულისხმობ. მე ამ გზას გავაგრძელებ. ასე ვაკეთებდი, როცა სტუდენტობისას გაზეთი დავაფუძნე, მერე ლიბ.გე, მერე ეროვნული ბიბლიოთეკის გამოწვევა და ა.შ. ვიღაცას შეუძლია ლანძღვა ან შური გააგრძელოს. ძალიან ზუსტად ვიცი ეს სივრცე, თითქმის ყველა წამკითხველის გაფიქრებაც კი. რას, იზამთ, მუხთალმა ცხოვრებამ ბევრჯერ გამომცადა.

ამას რომ ვწერდი, არ ვგულისხმობდი იმ ხალხს, ვისაც ჩემი ნაწარმოებები, პოეზია თუ პროზა, რეალურად არ მოსწონს. ამას ხვდებით, მაგრამ მაინც დავძენ. ისე, მე ყველაზე უკეთ ვიცი ამ წიგნის ლიტერატურული ხარვეზიც და უპირატესობაც.

რადგან ესიესტიკას შევეხე და საბას დაჯილდოებას, განსაკუთრებით ვულოცავ ირაკლი მახარაძეს, ძალიან მაგარ ავტორს და ჩემს უფროს მეგობარს.

აქვე მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო მკითხველებს სიყვარულისთვის. მტრებს მადლობა მოტივაციისთვის მეთქი, რომ დავწერო – ყალბი იქნება, მათ მადლობებს მხოლოდ ფილმებში და პათეტიკურ მოხსენებებში უხდიან. მე ეს არ მჭირდება, მოტივაცია ისედაც მაქვს.
ნუ გეშინიათ წიგნების პოპულარობის, თუნდაც ძალიან შეგაძულოთ რამემ. ბოლო-ბოლო, ამ წიგნების ფრუცლებმა შეიძლება სხვა წიგნების ფურცლებზე გადაიყვანოს ასე მონატრებული მკითხველი.

ვიცი, ბევრ თქვენგან ამ ტექსტის მოწონების შეეშინდებსავით. დასაწყისშივე აღვნიშნე – ჩემთვის ეს გასაგებია და არგუმენტი მისაღები. წრე ვიწროა.

მე მხოლოდ ამ წრის გაფართოებას ვცდილობ. გურული დღიურები დახურულია.”