ქურმუხის წმინდა გიორგის ეკლესია შეურაცხყოფილია

6 სექტემბერი, 2015

1qurmuxiაზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარე ქართული სალოცავი ქურმუხის წმინდა გიორგის ეკლესია შეურაცხყოფილია. კლიპი, რომელიც ტელეკომპანია “ატევეს” დიზაინ ჯგუფმა ახალი სატელევიზიო გადაცემების სეზონისთვის მოამზადა, სწორედ ამ ტაძარშია გადაღებული.

ვიდეო რგოლი სოციალურ ქსელში გავრცელდა, რასაც აზრთა სხვადასხვაობა მოყვა. კლიპი უკვე წაშლილია იუთუბის არხიდან, თუმცა ტელევიზიის ვებგვერდზე ამ დრომდე არის ვიდეო, რომელზეც კლიპის გადაღების პროცესია ასახული.

მომხდარს საქართველოს საპატრიარქო სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა:

“ინტერნეტ სივრცეში ახლახანს გავრცელდა ე.წ. კლიპი, თუ მხატვრული ფილმის ნაწილი, რომელიც გადაღებულია ისტორიული ჰერეთის, დღევანდელი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარე უმნიშვნელოვანესი ქართული სალოცავის – ქურმუხის წმინდა გიორგის ტაძარში.
სცენა დაახლოებით ასეთია: უცნობი კაცი და ქალი, რაღაც განძის ხელში ჩაგდების სურვილით შეპყრობილნი, ორ კათოლიკე ბერს ჯოხის თავში ჩარტყმით გონებას დააკარგვინებენ, მათ სამოსს ჩაიცვამენ და ტაძარში შევლენ. სამალავში სანუკვარ ნივთს მიაგნებენ. ქალი ნივთთან ერთად გაიქცევა, მამაკაცი კი დარჩება და შემოსულ სხვა სასულიერო პირებს (კათოლიკე ბერების ჩაცმულობით) აღმოსავლური საბრძოლო ხელოვნებით მოიგერიებს.

ეს ყველაფერი კი ხდება ეკლესიაში და მის ცენტრალურ ადგილში, საკურთხეველში, რაც სრული უგულებელყოფაა ათასობით და ათიათასობით ადამიანის რელიგიური გრძნობისა.

ამ კადრების გადამღებებმა სათამაშო მოედნად აქციეს ის სივრცე, რომელიც, როგორც მართლმადიდებლებისათვის, ისე მუსლიმებისთვისაც კი უდიდესი თაყვანისცემის ადგილია. აქ ხომ საუკუნეებია კრძალვით, ფეხშიშველნი მოდიან მორწმუნენი, რათა ცრემლით შესთხოვონ წმინდა გიორგის ღვთის წინაშე მეოხება.

საქართველოს საპატრიარქო მიმართავს როგორც საქართველოს, ისე აზერბაიჯანის ხელისუფალთ, სასწრაფოდ გამოიძიონ ეს ფაქტი და დროულად მიიღონ სათანადო ზომები მომხდარის გამო.”