სპექტაკლი, რომელიც სილას გაგაწნავთ

17 სექტემბერი, 2015

2თეატრის რეჟისორები ცდილობენ დადგან ისეთი სპექტაკლები, რომელიც ქართულ რეალობას მაქსიმალურად მიესადაგება. რამდენად გამოსდით მათ ჩანაფიქრის განხორციელება, ეს მაყურებლის გადასაწყვეტია, თუმცა თითოეული მათგანი ცდილობს თავისი საქთმელი საზოგადოებამდე მიიტანოს.

რეჟისორი ოთარ ბაღათურია ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა სახელმწიფო პროფესიულ თეატრში პრემიერას წარმოადგენს, რომელიც ახალ 88-ე თეატრალურ სეზონს გახსნის.

„მეფე ლირს თავშესაფარში“ – ასე ეწოდება სპექტაკლს და მისი თემატიკა დღევანდელობაა. ეს არის სპექტაკლი-აქცია, რომელიც სოციალურად დაუცველ ფენას ეხება.

სპექტაკლი ჩვენზე და ჩვენს ირგვლივ მყოფ ადამიანებზეა. მოქმედება ქალაქის ცენტრში მდებარე მოხუცებულთა თავშესაფარში ვითარდება. მისი ბინადარნი შვილებისგან და ახლობლებისგან მიტოვებულ-დავიწყებული ათიოდე მოხუცებულია, რომლებიც თავშესაფრის შენარჩუნებისთვის ბრძოლას: ხარბ, შეუბრალებელ, ყალბ ადამიანებს უცხადებენ.

თავშესაფარში სულიერება მხოლოდ დაუცველ მოხუცებულებშია, დანარჩენებს – თავშესაფრის დირექტორს, უცხოელ ინვესტორებს, „იმის „იმას“ მერკანტილური მიზნები ამოძრავებთ, ხოლო მედიას საუკეთესო სანახაობა ადარდებს. აქ სიცოცხლე არ ფასობს, არც ღირებულებები, სამაგიეროდ სეირის მოყვარულია ბევრი. „მეფე ლირი თავშესაფარში“ ჩვენი ანარეკლია, როგორები ვართ და როგორები არ უნდა ვიყოთ.

ორმოქმედებიან სპექტაკლში მონაწილეობენ ნინო არჩაია, მაკა გოგიჩაიშვილი, ნათია კუპატაძე, თამარ ლოლაშვილი, ნათელა პაატაშვილი, ქეთევან ქიტიაშვილი, ქეთევან შერვაშიძე, ქეთი ჩაჩუა, ბერტა ხაფავა, ნელი ჯავახიშვილი, ვახტანგ ახალაძე, მერაბ ბრეკაშვილი, გია გოგიშვილი, ირაკლი გოგოლაძე, რატი გოგუაძე, ლაშა გრძელიძე, ვანო დუგლაძე, რაჟდენ კერვალიშვილი, პაატა კიკვაძე, ბესო მეგრელიშვილი, სოსო მოლოდინაშვილი, მამუკა მუმლაძე, რატი ნავაძე, მერაბ შარიქაძე და სერგო შვედკოვი.