Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ოზურგეთის თეატრი საგასტროლო ტურნეს იწყებს

28 სექტემბერი, 2015

1ozurgetuis-teatris-gastroliოზურგეთის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი საგასტროლო ტურნეს იწყებს. 29 წლიანი პაუზის შემდეგ, ოზურგეთის თეატრი კახეთში ჩავა და რეგიონის ქალაქებში სპექტაკლებს გამართავს.

პირველი ოქტომბრიდან 10 ოქტომბრის ჩათვლით თეატრის მსახიობები ოზურგეთის თეატრის რეპერტუარში არსებულ სპექტაკლებს წარმოადგენენ. თელავში ნაჩვენები იქნება ხუთი სპექტაკლი. სპექტაკლები გათამაშდება ახმეტაში, გურჯაანსა და ყვარელშიც.

საგასტროლო რეპერტუარი შედგება შექსპირის, იონესკოს, ანუისა და ტიტოვას პიესებისა და დუმბაძის ნაწარმოებების მიხედვით დადგმული სპექტაკლებისაგან. კახელი მაყურებლისთვის გათამაშდება ეჟენ იონესკოს „მაკბეტი“, უილიამ შექსპირის „აურზაური არაფრის გამო“, ჟან ანუის „ანტიგონე“, ნოდარ დუმბაძის „ჭკვიანი გიჟები“, ტიტოვას „ჯადოსნური ზღაპარი”.

ოზურგეთის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის, ვასო ჩიგოგიძის განცხადებით ბოლოს ოზურგეთის თეატრი სტუმრად თელავში 29 წლის წინ იყო:

„29 წლიანი შესვენების შემდგომ ოზურგეთის თეატრი პირველად ჩადის კახეთში. ისე აეწყო, რომ ბოლო და პირველი გასვლა კახეთში ამხელა პაუზის შემდეგ, ემთხვევა ჩემი ხელმძძღვანელობის პერიოდს. ვფიქრობ, ჩვენი თეატრის რეპერტუარი, რომელიც მოიცავს თანამედროვე ქართულ მწერლობას, უცხოურ კლასიკას და აბსურდის დრამატურგიასაც, წარმატებული აღმოჩნდება და დიდი ინტერესს გამოიწვევს კახეთში, ყველაზე ტრადიციულ თეატრალურ რეგიონში, სადაც მაჩაბლის დასი მოღვაწეობდა.”

კახეთის საგასტროლო ტურნეს პარალელურად, ოზურგეთის თეატრი 7 ოქტომბერს თბილისში, გრიბოედოვის თეატრის მცირე სცენაზე, თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ქართული სპექტაკლების პროგრამის ფარგლებში ვასილ ჩიგოგიძის სპექტაკლს „ანტიგონე“ ითამაშებენ.