ნინო სურგულაძის კიდევ ერთი ქველმოქმედება

1 სექტემბერი, 2015

1nino-surguladdzeeქართველი საოპერო მომღერალი ნინო სურგულაძე თავის კოლეგებთან ერთად მორიგ ქველმოქმედებაში ერთვება.

მეცო-სოპრანოს მიერ გასულ წელს დაარსებული საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი “ნატვრის ხე” კიდევ ერთ კონცერტს გამართავს. 13 სექტემბერს დიდ საკონცერტო დარბაზში მსოფლიო ვარსკვლავების მონაწილეობით გრანდიოზული კონცერტი-მარათონი ჩატარდება.

მარათონში მონაწილეობას მიიღებენ XXI საუკუნის უდიდესი მსოფლიო ტენორი ფაბიო არმილიატო. ის მსოფლიო ტენორების ხუთეულშია შეყვანილი. ფაბიო არმილიატომ ერთ-ერთი მთავარი როლი შეასრულა ვუდი ალენის ფილმში „სიყვარულით რომში“. თბილისს ესტუმრება დანიელა დესი – ყველაზე დიდი მსოფლიოს სოპრანო ბოლო 20 წლის განმავლობაში. ქველმოქმედებისთვის იმღერებს ალბერტო გაძალე – უდიდესი მსოფლიო ბარიტონი. თბილისის სიმფონიურ ორკესტრს კი დანიელე რუსტიონი უდირიჟორებს. ორკესტრთან ერთად დაუკრავს მევიოლინე ფრანჩესკა დეგო, რომელიც „დოიჩე გრამაფონთან“ თანამშრომლობს. მას გამოშვებული აქვს უამრავი მუსიკალური დისკი. ფილმმა მისი მონაწილეობით ბევერლი ჰილსის პრესტიჟულ კინოფესტივალზე „ოქროს პალმა“ აიღო.

კონცერტში მონაწილეობას მიიღებს მეცო სოპრანო ნინო ჩიქოვანი, რომელიც უმძიმესი დაავადებისგან ნინო სურგულაძის ფონდის დახმარებით განიკურნა.

ნინო სურგულაძის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი “ნატვრის ხე“ შარშან დაფუძნდა. ფონდმა ფინანსთა მინისტრის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წელს საქველმოქმედო სტატუსი მიიღო.

„ნატვრის ხემ“ შარშან ორი საქველმოქმედო მასშტაბური ღონისძიება გამართა. ღონისძიებებიდან შემოსული თანხით ათეულობით ბავშვს საზღვარგარეთ მკურნალობა დაუფინანსდა.