Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

მუსიკისა და დრამის თეატრი საერთაშორისო ფესტივალებზე მიიწვიეს

12 სექტემბერი, 2015

1dramis-teatriვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრი საერთაშორისო ფესტივალებზე მიიწვიეს. თეატრის დასი ერთდროულად ორ ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას.

ერთი კვირის განმავლობაში ქართველი მსახიობები სლოვენიასა და მონტენეგროში ითამაშებენ ნინი ჩაკვეტაძის მიერ დადგმულ სპექტაკლს “დორიან გრეის პორტრეტი”.

13-20 სექტემბერს თეატრი სლოვენიასა და მონტენეგროში მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე ,,EX PONTO International Performance Art Festival 2015“.

ოსკარ უაილდის “დორიან გრეის პორტრეტის” ნაწარმოების მიხედვით ერთმოქმედებიანი სპექტაკლი ნინი ჩაკვეტაძემ დავით გაბუნიას ინსცენირების მიხედვით განახორციელა.
სპექტაკლში მონაწილეობენ ერეკლე გეწაძე, ჯეჯი სხირტლაძე, შაკო მირიანაშვილი, გიორგი ბახუტაშვილი, ეკა დემეტრაძე და გიგი ქარსელაძე.

ოსკარ უაილდის ყველაზე ცნობილი და სკანდალური ნაწარმოები ,,დორიან გრეის პორტრეტი“ თავისი იდუმალებით, საინტერესო სიუჟეტით, ზებუნებრივი ელემენტებით და მკვეთრად გამოხატული ფილოსოფიური პასაჟებით დღემდე აქტუალურია და ინტერესი მის მიმართ არ ნელდება.

,,ცდუნების თავიდან ასაშორებლად ერთადერთი გზა არსებობს – დამორჩილება“– დევიზი, რომლითაც პიესის გმირები მოქმედებენ. ელიტარული, მაღალი და ჩაკეტილი საზოგადოება, ადამიანები, რომლებიც აწესებენ წესებს. ქმნიან მოდას და ამინდს, რომლებსაც ჩვეულებრივი შეგრძნებები ატროფირებული აქვთ და ემოციების მძაფრ შიმშილს განიცდიან. კაშკაშა საზოგადოება, რომელიც ნიღბის უკან ბინძური და გახრწნილია. ადამიანები, რომლებსაც მოწყენილობისაგან და ერთფეროვნებისაგან სული ძვრებათ, სხვა ადამიანების ემოციებით, გრძნობებით, ფსიქიკით და სხეულებით თამაშობენ. სწორედ ამ სოციუმში ხვდება ახალგაზრდა, მდიდარი და წარმოუდგენლად ლამაზი დორიან გრეი, რომელიც ამ საზოგადოების ახალი გასართობი და სათამაშო ხდება.”