მსოფლიო კულტურული რუკის აქცენტი თბილისი ხდება

23 სექტემბერი, 2015

1tbilisiსაქართველოს დედაქალაქი კიდევ ერთხელ ექცევა მსოფლიო საზოგადოების ყურადღების ცენტრში. თბილისი მსოფლიო კულტურული რუკის აქცენტი ხდება. ამის მიზეზი კიდევ ერთი კულტურული მოვლენა – თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალია, რომელიც 24 სექტემბერს გაიხსნება და 8 ოქტომბრამდე გასტანს.

წელს თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი მეშვიდედ გაიმართება. ფესტივალის განრიგი კი ასეთია: საერთაშორისო პროგრამა 24 სექტემბერი – 5 ოქტომბერი, პროგრამა NEW 24 სექტემბერი – 5 ოქტომბერი, ქართული სპექტაკლების პროგრამა 5 – 8 ოქტომბერი, გამოფენები 24 – 27 სექტემბერი.

24 სექტემბრიდან თბილისის სხვადასხვა თეატრებში წარმოდგენილი იქნება ისრაელის, გერმანიის, ლიტვის, დიდი ბრიტანეთის, რუმინეთის, პოლონეთის, რუსეთის, უნგრეთის, ნორვეგიის, უკრაინის მსოფლიო შედევრები.

ტრადიციულად ფესტივალის უმნიშვნელოვანეს ნაწილს ქართული სპექტაკლების პროგრამა წარმოადგენს. ქართული სპექტაკლების პროგრამა გასული თეატრალური სეზონის შეჯამებაა. შოუქეისის სტუმრები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოდიან ქართული თანამედროვე თეატრის გაცნობის, პროექტების ინიცირებისა და გაცვლითი პროექტების მიზნით. წელს ქართული სპექტაკლების პროგრამაზე 70 საერთაშორისო სტუმარი დარეგისტრირდა. ქართული სპექტაკლების მთავარი პროგრმა თეატრის კრიტიკოსებისაგან შემდგარმა სარეკომენდაციო ჯგუფმა შეარჩია.