Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

მივცეთ ,,მზიურს” აღდგომის შანსი!

10 სექტემბერი, 2015

1mziuriორგანიზაცია “მზიანი” ბავშვთა ქალაქ “მზიურის” ახალი სიცოცხლის დაწყებას გეგმავს. ორგანიზაციის მესვეურებმა თბილისის მერიაში შეიტანეს პროექტი, რომელიც მზიურის პარკში უფუნქციოდ დარჩენილი ამფითეატრისა და კაფის ტერიტორიის აღდგენას გულისხმობს. “მზიანი” მერიისგან მხარდაჭერას ითხოვს. პროექტის “ახალი მზიური” იდეის ავტორი “მზის ფესტივალის” ორგანიზატორი ანა გოგუაძეა. “მზიანს” უკვე აქვს მოლაპარაკებები დონორ ორგანიზაციებსა და კერძო კომპანიებთან.

საზოგადოების მეტი ინფორმირებულობისათვის “მზიანი” ღია წერილსაც აქვეყნებს:
“მოქალაქეების მობილიზებისა და პროექტის გამჭირვალობის მიზნით შევქმენით სოციალურ ქსელში ჯგუფი “ახალი მზიური”, სადაც ნებისმიერ თქვენგანს პროექტთან დაკავშირებით შენიშვნების გაზიარების საშუალება აქვს, შეგიძლიათ, შემოგვთავაზოთ ახალი იდეები და მიიღოთ მონაწილეობა მათ განხორციელებაში. მჯერა, ჩვენ გავერთიანდებით ჩვენი ქალაქისათვის საჭირო და აუცილებელი იდეის გარშემო.

რაც შეეხება პროექტის მიზნებს, როგორც აღინიშნა, მის ფარგლებში სოციალური კაფისა და ამფითეატრის შექმნა იგეგმება. სოციალური კაფე სოციალური მეწარმეობის განვითარებას შეუწყობს ხელს და მისი პირველადი მიზანი არა კომერციული მოგება, არამედ სოციალური გარემოს შექმნა იქნება.

პროექტის მიხედვით, მზიურის კაფისა და ამფითეატრის ინფრასტრუქტურა შეზღუდული შესაძლბელობის მქონე პირებისთვის ადაპტირებული და მისაწვდომი იქნება. გაკეთდება პანდუსები, მოაჯირები, უსინათლოებისთვის სანიშნეები, მცირე მხედველებისთვის დიდი შრიფტები, სმენის არმქონეთათვის სპეციალური ნიშნები, მენიუსა და ყველა საინფორმაციო ბუკლეტზე გამოყენებულ იქნება ბრაილის შრიფტი, ერთ-ერთი თანამშრომელი იქნება ჟესტური ენის სპეციალისტი.

მსგავსი გარემო არა მარტო შშმ პირების თავისუფალ გადაადგილებას შეუწყობს ხელს, არამედ ხანდაზმულებს და საბავშვო ეტლებს გაუადვილებს მოძრაობას. ეს იქნება პირველი სრულიად ადაპტირებული გარემო საქართველოში.

პროექტი „ახალი მზიური“ გულისხმობს ბავშთა ქალაქ „მზიურში“ უფუნქციოდ დარჩენილ შენობაში სოციალური კაფეს გახსნას და ამფითეატრის ამუშავებას. სოციალური კაფეების შექმნა და მათი განვითარება მსოფლიოში აღიარებული და ძალზედ წარმატებული პრაქტიკაა, რომელიც ორიენტირებულია არა კომერციულ მიზნებზე, არამედ მოგების რეინვესტირების გზით აგვარებს ამა თუ იმ სოციალურ პრობლემას.

სოციალური კაფე მომხმარებელს ხელმისაწვდომ ფასებში შესთავაზებს პროდუქციას, რომელიც გათვალისწინებული იქნება ბავშვების, მოზარდებისა და ზრდასრულებისთვის. კაფე დაიტვირთება რეგულარული ღონისძიებებით, როგორიცაა ლიტერატურული და შემოქმედებითი საღამოები, გამოფენები, პრეზენტაციები, სხვადასხვა სახის თემატური დღეები (ხატვის დღე, წიგნის დღე, კულინარიული დღეები, საბავშვო გასართობი დღეები).

ამფითეატრი სეზონურად დაიტვირთება სხვადასხვა ინტეგრირებული ღონისძიებებით: საბავშვო კლასიკური მუსიკის ფესტივალი, ღია კინო ჩვენებები, დისკუსიები, მრავალფეროვანი მუსიკალური კონცერტები, საბავშვო ინკლუზიური სპექტაკლები და კონცერტები, შემოქმედებითი საღამოები. ამფითეატრი ხელმისაწვდომ ფასში განახორციელებს ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ღონისძიების ორგანიზებას და უფასოდ მოემსახურება ახლაგაზრდა არტისტების საღამოებს, მათი შემოქმედებითი განვითრების ხელშეწყობის მიზნით.

ღონისძიებების დაგეგმვისას გათვალისწინებული იქნება სოციალურად დაუცველი ჯგუფები, მზრუნველობა მოკლებული ბავშვები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, ხანდაზმულები, რაც მათ საზოგადოებაში ინტეგრაციასა და სრულფასოვან აქტიურ ცხოვრებაში მონაწილეობას შეუწყობს ხელს.

პროექტის მიზანია თბილისის ცენტრალური რეკრეაციული ზონის, მზიურის პარკის განვითარება და ფუნქციური დატვირთვა.

კონკრეტული მიზნებია: მზიურის ტერიტორიაზე არსებული ინფრასტრუქტურის (ამფითეატრისა და კაფეს) რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია; რეაბილიტირებული ინფრასტრუქტურის რეგულარული დატვირთვა სოციალური, არამომგებიანი, საქველმოქმედო და სხვა გასართობი ღონისძიებებით წლის განმავლობაში.

პროექტის გახორციელების შემთხვევაში, პირველად საქართველოში იარსებებს სრულიად ადაპტირებული და ხელმისაწვდომი სივრცე, რომელიც მოსახერხებელი იქნება, როგორც ნებისშმიერი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის, ისე ხანდაზმულებისა და ბავშვებისთვის.

თბილისში ახალგაზრდა არტისტებს ექნებათ სივრცე, სადაც უსასყიდლოდ შეეძლებათ განახორციელონ თავიანთი იდეები.

ბავშვებისთვის გაჩნდება ადგილი, სადაც გამოიკვებებიან ჯანსაღად, განუვითარდებათ სხვადასხვა შემეცნებითი უნარები, მიიღებენ მონაწილეობას გასართობ ღონისძიებებში;

მოზარდებისთვის გაჩნდება თავისუფალი დროის ნაყოფიერად გატარებისათვის ადგილი, სადაც მათ ექნებათ საშუალება ჩაერთონ სხვადასხვა შემეცნებით ღონისძიებებში, მიიღებენ განათალებას კულტურის, ლიტერატურისა და ხელოვნების სფეროებში;

სტუდენტები აქტიურად ჩაერთვებიან ღონისძიებებში, დაინტერესებულ პირებს პერიოდულად ექნებათ კაფესა და ამფითეატრში სტაჟირების გავლის საშუალება.

სოციალური კაფესა და ამფითეატრში პერმანენტულად სტაჟირებას გაივლიან და პროფესიაში გაძლიერდებიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, სახელმწიფო პროგრამიდან გამოსული მზრუნველობამოკლებული და სოციალურად დაუცველი ახალგაზრდები.
კაფესა და ამფითეატრში სხვებთან გათანაბრებული შესაძლებლობებით დასაქმდებიან შეზღუდული შესაძებლობის მქონე პირები, სახელმწიფო პროგრამიდან გამოსული მზრუნველობამოკლებული და სოციალურად დაუცველი ახალგაზრდები.

მოგების ბიუჯეტიდან დაფინანსდა სხვადასხვა ღონისძიებები და ფესტივალები.
ანა გოგუაძის ინიციატივას უკვე გამოეხმაურნენ საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები – ზალიკო სულაკაური, ნინო ქათამაძე, დუტა სხირთლაძე. ანა გოგუაძის ინიციატივას უერთდებიან ნოდარ დუმბაძის შვილები.

მანანა დუმბაძე:

– მე დავიბადე ძველ მზიურში და აღვდგები ახალში – შენ გაგიმარჯოს ანა! მივცეთ მზიურს აღდგომის შანსი. ამაზე მეტად კეთილშობილურ საქმეს თბილისის მერია, შეძლებული საზოგადოება, მეწარმეები, ბიზნესის მესვეურნი და მთლიანად საზოგადოება საკუთარი შვილებისთვის ვერაფერს გააკეთებენ. ახალგაზრდობამ უკვე დაამტკიცა, რომ ამას სავსებით იმსახურებს და რარიგ შეუძლია მას საკუთარი “მზიურისთვის” ნიჭისა და ენერგიის გაღება!

ქეთი დუმბაძე:

– მე ვოცნებობ მზიურის ახალ სიცოცხლეზე! ჩვენ არასდროს არ დაგვავიწყდება 13 ივნისი, მაგრამ მე მინდა, რომ “მზიური” ასოცირდებოდეს სიხარულთან, ბედნიერებასთან, ბავშვების ჟრიამულთან, ბევრ სიმღერასთან, ბევრ ფესტივალთან, ბევრ მხიარულებასთან და მინდა ზუსტად ისე, როგორც ჩემს ბავშვობაში, აქ იკრიბებოდნენ ბავშვები, სტუდენტები, სკოლის მოსწავლეები და თვლიდნენ, რომ ეს მათი ქალაქია.