მარია კალასის ტრაგიკული ცხოვრების უცნობი ისტორიები

16 სექტემბერი, 2015

1Maria-Callasმსოფლიო საოპერო დედოფალი მარია კალასი დღემდე ნომერ პირველ მომღერლად ითვლება კლასიკურ ხელოვნებაში. იგი უყვარდათ და სძულდათ, მას აღმერთებდნენ და განიკითხავდნენ, მას აქებდნენ და აძაგებდნენ – ამ ყველაფრის მიუხედავად, მარია კალასის ფენომენი ამ დრომდე ამოუხსნელია.

 

მარია კალასის ნამდვილი სახელია სესილია სოფია ანა მარია კალოგეროპულოსი. მას მდიდარ იტალიელ მეწარმესთან ჯოვანი ბატისტო მენეჯინისთან ბედნიერი ოჯახი ჰქონდა. ჯოვანის ერთი ნახვით შეუყვარდა მომღერალი და მიუხედავად ნათესავების უკმაყოფილებისა, მასზე დაქორწინდა. ის მზად იყო დაეთმო მთელი თავისი ქონება, ოღონდაც მასთან ერთად ეცხოვრა: „წაიღეთ ჩემი ქარხნები! მარიას გარეშე ყველაფერი ეს არ მჭირდება!“ ის კალასზე თითქმის 30 წლით უფროსი იყო და ახალგაზრდა მეუღლე თავდავიწყებით უყვარდა. ჯოვანის ისიც არ ადარდებდა, რომ მისი მეუღლე იმ დროს ას კილოგრამზე მეტს იწონიდა და მახინჯი ფიგურა ჰქონდა. ისინი გაცნობიდან ერთი წლის შემდეგ დაქორწინდნენ და მრავალი წლის განმავლობაში შესანიშნავი ცოლ-ქმრობა ჰქონდათ.

 

მათი ბედნიერება მაშინ დასრულდა, როცა მდიდრული იახტის „კრისტინას“ ბორტზე ცოლ-ქმარი არისტოტელე ონასისს შეხვდა. იახტა ბერძენ მაგნატს არისტოტელე ონასისს ეკუთვნოდა. მარია კალასი და მისი მეუღლე ამ იახტაზე საოპერო მომღერლის ერთ-ერთი მორიგი კონცერტის შემდეგ მიიწვიეს. მომღერლის მომხიბვლელობით განცვიფრებული მილიარდერი აღტაცებული იყო და გადაწყვიტა, ნებისმიერ ფასად დაეპყრო შავთმიანი მზეთუნახავის გული. მაშინ კალასი უკვე 55 კილოგრამს იწონიდა და საოცრად მიმზიდველი იყო. მის გარეგნობას ყველაზე მეტ ეშხს მისი თვალები მატებდა.
“როდესაც არისტოს შევხვდი, რომელიც ასე სავსე იყო სიცოცხლით, სხვა ქალად ვიქეცი,“ – ამბობდა მომღერალი. ონასისმა კალასის მოხიბვლა შეძლო. მათი შეხვედრიდან რამდენიმე თვის შემდეგ კი ონასისმა, მარიას პატივსაცემად ლონდონის ერთ-ერთ ძვირფას სასტუმროში იატაკი ალისფერი ვარდებით მოფინა და სპეციალური მიღება გამართა.

 

მარია კალასის მეუღლე დიდხანს სწყევლიდა თავს, ბერძენი მაგნატის მიწვევაზე დათანხმების გამო. იახტის პატრონი აღფრთოვანებულ მზერას არ აცილებდა იტალიელის ცოლს და მარიას მომხიბვლელობით აღტაცებული სულ მის გვერდით იყო. ონასისი საცეკვაოდ პატიჟებდა კალასს, როცა ყველა თავის კაიუტას მიაშურებდა, მარია და არისტოტელე გაუჩინარდებოდნენ და დილამდე არ გამოჩნდებოდნენ. წლების შემდეგ ჯოვანი იხსენებდა, რომ მაშინ თავს სულელად გრძნობდა, მაგრამ იმედს არ კარგავდა, რომ მეუღლის გატაცება დასრულდებოდა და ის საყვარელ ქალს დაიბრუნებდა. როდესაც “კრისტინა” საბერძნეთის ნაპირებთან გაჩერდა, ხომალდზე საბერძნეთის პატრიარქი ავიდა, რომ ცნობილი თანამემამულეები დაელოცა. იმ დღეს ყველას თვალწინ, ონასისი და კალასი მის წინაშე მუხლებზე დადგნენ და ეკლესიის მსახურს ხელზე აკოცეს. ეს სცენა ჯვრისწერის ცერემონიას უფრო ჰგავდა, ვიდრე პატრიარქთან უბრალო მიახლებას.

 

მოგზაურობის დასრულების შემდეგ, მარიამ ქმარს განუცხადა, რომ არისტოტელესთან მიდის. კალასმა ბარგი შეაგროვა და შეყვარებულს პარიზში ჩააკითხა. ონასისის მეუღლემ ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე გაყრაზე შეიტანა განცხადება და ქმარს გაშორდა. მათ წინ აღარავინ ეღობებოდათ, მაგრამ წყვილი არ დაქორწინებულა და რაც დრო გადიოდა, მათი ერთად ცხოვრება აუტანელი ხდებოდა. ონასისი შეურაცხყოფდა მარიას, ხშირად ამცირებდა მეგობრების თვალწინ, ეჩხუბებოდა და სცემდა კიდეც. რაც მეტს ითმენდა კალასი, მით მეტად ფიცხდებოდა ონასისი. ოპერის ვარკვლავს კი გადაეწყვიტა, მთელი თავისი სიცოცხლე შეყვარებულისთვის მიეძღვნა და კონცერტებსაც აღარ მართავდა. მარია აღარ მღეროდა, აღარც რეპეტიციებს გადიოდა, არ მუშაობდა საკუთარ ხმაზე, მისი ცხოვრება მხოლოდ არისტოტელე იყო, სხვა არაფერი ადარდებდა და ამან სავალალო შედეგამდე მიიყვანა. მხოლოდ ერთხელ, როდესაც „ლა სკალაში“ გამოდიოდა, მოულოდნელად ხმა ჩაუწყდა. ამდენ დარტყმას ცნობილმა მომღერალმა ვეღარ გაუძლო და საკუთარ თავში ჩაიკეტა.
„ცარიელი ადგილი ხარ“, – ეს იყო სიტყვები, რომელიც მარია კალასმა საყვარელი ადამიანისგან ყველაზე რთულ პერიოდში მოისმინა. მათი დაძაბული ურთიერთობა კიდევ უფრო გამძაფრდა მას შემდეგ, რაც კალასმა ონასისს შეატყობინა, რომ ორსულად იყო. ონასისი გაცოფდა, ყვიროდა, ბრაზობდა და კატეგორიულად აუკრძალა კალასს შვილის გაჩენა. ქალს არისტოტელეს დაკარგვის შეეშინდა და ვერ გაბედა მის ნებას შეწინააღმდეგებოდა, რასაც შემდეგ ძალიან ნანობდა.

 

მარია კალასს ბოლომდე სჯეროდა, რომ ონასისის ცოლი გახდებოდა, მაგრამ ეს ოცნება სიცოცხლის ბოლომდე ოცნებად დარჩა. ონასისმა ნამდვილად იქორწინა, მაგრამ არა მარია კალასზე, არამედ შეერთებული შტატების გარდაცვლილი პრეზიდენტის ჟაკლინ კენედის ქვრივზე. ონასისის ღალატზე მარია კალასმა არაფერი იცოდა. მან ეს ამბავი მხოლოდ მაშინ შეიტყო, როცა გაზეთებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ მისი საყვარელი არისტო ამერიკის პრეზიდენტის ქვრივზე დაქორწინდა. ონასისის ქორწილი კუნძულ სკორპიოზე გაიმართა, სწორედ იმ კუნძულზე, რომლის ჩუქებასაც არისტოტელე ოდესღაც მარიას ჰპირდებოდა. ამ ამბავმა მომღერალზე ისე იმოქმედა, რომ თვითმკვლელობაზე დაიწყო ფიქრი.
„ჯერ წონა დავკარგე, მერე – ხმა, ახლა კი – ონასისი“, – ნაღვლიანად აღიარებდა საოპერო ვარსკვლავი ერთ-ერთ ინტერვიუში. ასეთი დარტყმის მიუხედავად, მარია კალასმა ახალი ცხოვრების დაწყება გადაწყვიტა და მთელი ძალების მობილიზება დაიწყო. ონასისი დაქორწინებიდან რამდენიმე კვირაში ისევ გამოჩნდა კალასის ცხოვრებაში და პატიება ითხოვა. ის არწმუნებდა მარიას, რომ კენედისთან ქორწინება მხოლოდ ხელსაყრელი გარიგება იყო და მეტი არაფერი. კალასმა ეს არ დაიჯერა, მაგრამ მოღალატე საყვარელს მაინც აპატია. ონასისისთვის ჟაკლინი ნამდვილ ტვირთად იქცა. ის მაგნატის ფულებს უმისამართოდ ხარჯავდა, მდიდარ ბერძენს კი ეს ხელს არ აძლევდა და მასთან გაყრაზე ფიქრობდა. შესაძლოა, მაგნატს განეხორციელებინა კიდეც თავისი განზრახვა, ავიაკატასტროფაში მისი საყვარელი ვაჟი ალექსანდრი რომ არ დაღუპულიყო. იმ დღიდან მოყოლებული, არისტოტელესთვის ყველაფერმა არსებობა შეწყვიტა, ის უბრალოდ არსებობდა და იშვიათ სიხარულს მარია კალასთან ურთიერთობაში პოულობდა.

 

მოულოდნელად ონასისი ავად გახდა, ის ექიმებმა საავადმყოფოში მოათავსეს და კუჭის ოპერაცია გაუკეთეს. ჟაკლინი მის სანახავად მხოლოდ ერთხელ ჩაფრინდა ამერიკიდან და როცა დარწმუნდა, ქმრის მდგომარეობა განსაკუთრებულ საფრთხეს არ წარმოადგენდა, ისევ ნიუ-იორკში გაემგზავრა. როდესაც ონასისი გარდაიცვალა, ამბობდნენ, რომ უკანასკნელ წუთებში არისტოტელე მხოლოდ მარიას იხსენებდაო.

 

“არ გჯეროდა, რომ შემეძლო სიყვარულისგან მოვმკვდარიყავი. მაშ იცოდე – მე მოვკვდი. დედამიწა დაყრუვდა. სიმღერა აღარ ძალმიძს… იცოდე, ყველგან ჩემს გამქრალ ხმას გაიგონებ. ის ყველგან შენი თანამდევი იქნება, სიზმარშიც კი, გარს შემოგეხვევა, გონს დაგაკარგვინებს და შენ დანებდები, რადგან ამ ხმას ნებისმიერი ციხე-სიმაგრის აღება შეუძლია. ის ჩემს მაგიერ იძიებს შურს, ჩემი ასე სახალხოდ დამცირებისთვის, ჩემი დღევანდელი მარტოსულობისთვის, უშვილოდ დარჩენისთვის, რომელიც ასე გვიან მიბოძა ღმერთმა და რომელიც შენ, დიახ შენ არი, შენ მაიძულე რომ მომეკლა“ – ეს არის მარია კალასის უკანასკნელი წერილი, რომელიც მან არისტოტელე ონასისს მისწერა.

 

კალასის გული 53 წლის ასაკში გაჩერდა. ამ დრომდე უცნობია რა გახდა მისი გარდაცვალების მიზეზი. ოფიციალური ვერსიით ის გულის შეტევით გარდაიცვალა, არაოფიციალურით კი მისი სიკვდილის მიზეზი თვითმკვლელობა გახდა. როდესაც მსოფლიო საოპერო ვარსკვლავს უკანასკნელ გზაზე აცილებდნენ, სამგლოვიარო პროცესია ყველაზე არაჩვეულებრივი ყვავილებით იყო მორთული. დაკრძალვისას მიიტანეს უზარმაზარი თაიგული, წარწერით “არიტოტელესგან”, რაც მილიარდერმა ანდერძით დაიბარა.