Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

კახა კუხიანიძე 10 წლიან დუმილს არღვევს

20 სექტემბერი, 2015

1kaxa-kuxianidzeკახა კუხიანიძის სიმღერები წლების წინ დიდი პოპულარობით სარგებლობდა მსმენელში და მომღერალსაც გულშემატკივრების მთელი არმია ჰყავდა, მაგრამ ბოლო პერიოდში საერთოდ დაიკარგა, არც კონცერტებში მონაწილეობდა და სხვადასხვა გადაცემებში და არც ახალი სიმღერებითა თუ კლიპებით ანებივრებდა მსმენელს.

მომღერალი 10 წლიან დუმილს არღვევს და სცენას აქტიურად უბრუნდება. ახალ სიმღერაზე უკვე გადაღებული აქვს კლიპი, რომელსაც მაყურებელი ამ თვის ბოლოს იხილავს.

კახა კუხიანიძე:

– არ ვიცი რის გამო იყო გამოწვეული ჩემი პაუზა. ვიცი მხოლოდ ის, რომ სიზარმაცეს არ გამოუწვევია. დგება ადამიანის ცხოვრებაში ისეთი ეტაპები, რომ რაღაც ხელს გიშლის და ამ დროს ვერ ხვდები რა… მთავარია, ეს ყველაფერი დავძლიე და მზად ვარ გავაკეთო ის, რაც აქამდე არ გამიკეთებია და გავაცნო ჩემი თავი ადამიანებს ისეთი, როგორიც ვარ.

ახალი სიმღერით ვუბრუნდები მონატრებულ მსმენელს. სიმღერა ეკუთვნის ნათია ბუცხრიკიძეს, რომელმაც ჩემთვის დაწერა 2 წლის წინ. ტექსტის ავტორია ნანა ცინცაძე. კლიპი გადამიღეს ჩემმა მეგობრებმა მარიკა ქურდუბაძემ და რამაზ გუნავამ. გოგო, რომელიც მონაწილებს კლიპში, ეს არის მარიამ მდივანი და დიდი მადლობა მინდა ამ ადამიანებს ვუთხრა გვერდში დგომისთვის. ძალიან ლამაზი კლიპი გამოვიდა, რომლის პრემიერაც ამ თვის ბოლოს იქნება ნანუკას შოუში. ველოდები ამ დღეს და ძალიან მაინტერესებს მაყურებელი და მსმენელი როგორ მიიღებს სიმღერას და კლიპს.

– ქართულ შოუ-ბიზნესს დაუბრუნდით იგივე მუსიკალური სტილით, თუ ცვლილებები განიცადეთ?

– იცით, მინდა გითხრათ რომ მე ფართო აუდიტორიის წინაშე არ ვჩანდი ეს პერიოდი, მაგრამ საკუთარ თავთან სულ ვმუშაობდი. გამუდმებით სიახლეს ვეძებდი და ექსპერიმენტებს ვატარებდი. ასევე ბევრი კონცერტი მქონდა ბენდთან ერთად კლუბებში. ანუ ამით იმის თქმა მინდა, რომ დროს არ ჩამოვრჩი და პროფესიულად უფრო გავიზარდე. სიახლეებს რაც შეეხება, აუცილებლად იქნება ჩემს რეპერტუარში სიახლე.

– თქვენი კოლეგები საქართველოდან მიდიან. თქვენ თუ გიფიქრიათ უცხოეთში კარიერის აწყობაზე?

– რაც შეეხება უცხოეთში კარიერის გაგრძელებას, ეს ძალიან კარგია, მაგრამ მე ვარ ამ საკითხში ზედმეტად პატრიოტი, ალბათ იმიტომ, რომ მიყვარს ჩემი ქვეყანა, ჩემი ხალხი, ოჯახის წევრები, მეგობრები, ახლობლები. რა ვიცი ამ დიდი სიყვარულის დათმობა მიჭირს ძალიან და ამის გაფიქრება რომ მიწევს და წარმოვიდგენ უცხო ქვეყანაში ყველაფრის თავიდან დაწყება მომიწევს, ძალიან რთულია. მქონდა ბევრი შანსი, მაგრამ სულ რაღაც მაკავებდა და ეს რაღაც არის იმ ადამიანების სიყვარული, ვინც ჩამოვთვალე. მერწმუნეთ, ამაზე კარგი არაფერია. თუმცა კარიერისტი ვარ, მაგრამ ეს დიდი შენაძენია ცხოვრების და არ მინდა ამ ყველაფერს მოვწყდე.

– რა არის თქვენი მთავარი სათქმელი მონატრებული მსმენელისთვის?

– მინდა ვუთხრა ის, რომ მე უფრო მენატრება ჩემი მსმენელი, ვიდრე მათ ვენატრები მე და აუცილებლად ბევრ სასიამოვნო სიმღერას ვაჩუქებ მათ. მსმენელის სიყვარული არის ძალიან ძვირფასი საჩუქარი სამყაროსგან. ვერც კი წარმოიდგენთ როგორი დიდი სიამოვნებაა როცა შენ სიმღერას უსმენს ათასობით ადამიანი და კონცერტზე მოდიან. მინდა ვუთხრა, რომ ძალიან მიყვარს და დღემდე ყველა წერილი და საჩუქარი მაქვს შენახული.

– ბოლომდე აპირებთ გააქტიურებას თუ ეს უბრალოდ თავის შეხსენება იქნება საზოგადოებისათვის?

– თავის შეხსენება ამ ათი წლის განმავლობაში უკვე გავიარე და ისეთივე აქტიური ვიქნები, როგორიც ვიყავი 10-17 წლის წინ. ვფიქრობ, რომ ღმერთი როდესაც ნიჭს გჩუქნის, აუცილებლად უნდა განავითარო, მაქსიმუმი უნდა გააკეთო და მე ამ მაქსიმუმს გავაკეთებ. ასე რომ, გაჩერებას არ ვაპირებ.

– ერთი დიდი მუსიკალური ოჯახი ხართ. თქვნი ძმა გიგა, რძალი ნინო ძოწენიძე, ძმისშვილი სანდრო. არასოდეს გიფიქრიათ ყველას ერთად ჩაგეწერათ სიმღერა?

– კიდევ უფრო დიდი ოჯახი ვართ, უბრალოდ, ხალხი არ იცნობს დანარჩენ ოჯახის წევრებს. დედა მუსიკოსია თეორეტიკოსი, ბაბუა ჯაზმენი იყო და თავისი ბენდი ჰყავდა, მამა ძალიან კარგად მღერის, მოკლედ შორს რომ არ წავიდე კიდევ, გეტყვით რომ გენეტიკურად გვაქვს მუსიკა. რაც შეეხება ერთად სიმღერის ჩაწერა, ალბათ ესეც იქნება. რაც შეეხება სამომავლო სიახლეებს, უკვე მაქვს გამზადებული 3 ახალი სიმღერა და კიდევ ვწერ ახალ სიმღერას, რომელზეც ვაპირებ კლიპის გადაღებას. აქვე ვიტყვი იმას, რომ მინდა ყველას ბედნიერს ვხედავდე, ღიმილიანი სახით და მინდა მშვიდობა გვქონდეს ქვეყანაში. დიდი სიყვარულით კ. კუხიანიძე.”