Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ელისო ვირსალაძის საჩუქარი ქართველ მსმენელს

22 სექტემბერი, 2015

1eliso-virsaladzis-festivaliგამოჩენილი ქართველი პიანისტი ელისო ვირსალაძე ყოველი წლის შემოდგომაზე ჩამოდის საქართველოში და კლასიკური მუსიკის მოყვარულებს განსაკუთრებულ საჩუქარს უმზადებს.

პიანისტი ტრადიციას არც წელს დაარღვევს და კახეთში თელავის მუსიკის საერთაშორისო ფესტივალს გამართავს.

2015 წლის ფესტივალი XX საუკუნის უდიდესი პიანისტის – სვიატოსლავ რიხტერის დაბადებიდან 100 წლისთავს ეძღვნება. ფესტივალის ფარგლებში 7 კონცერტი ჩატარდება, გაიმართება საოპერო და საფორტეპიანო მუსიკის საღამოები. ფესტივალი მსმენელს მრავალფეროვან საკონცერტო პროგრამას შესთავაზებს, რომელშიც შესულია როგორც მსოფლიო კლასიკური მუსიკის შედევრები, ასევე, ქართული პროფესიული მუსიკა. წლევანდელ ფესტივალში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი და თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი „საქართველოს სინფონიეტა“.

წლევანდელი ფესტივალი სოლისტების განსაკუთრებული შემადგენლობით გამოირჩევა – ელისო ვირსალაძე, ვენ-სინ იანგი, ანდრეი ბარანოვი, იანო თამარი, ვიტორიო ვიტელი, ოისტრახის სახელობის სიმებიანი კვარტეტი, ედუარდ ბრუნერი, დირიჟორები ზაზა აზმაიფარაშვილი და არიელ ცუკერმანი.

ფესტივალის კონცერტების პარალელურად, გაიმართება მასტერკლასები ახალგაზრდა მუსიკოსებისა და პედაგოგებისათვის ფორტეპიანოსა და ვიოლინოს სპეციალობებში.
გამოჩენილი ქართველი პიანისტის – ელისო ვირსალაძის მიერ, 80-იან წლებში დაარსებული ფესტივალი, 2010 წელს განახლდა და მას შემდეგ, ყოველწლიურად იმართება.

წელს ფესტივალი თელავში 10-18 ოქტომბერს ჩატარდება.