Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

გიორგი ტიელიძე: ,,პანტომიმაში მულტფილმის გმირების გაცოცხლება მინდა’’

20 სექტემბერი, 2015

1giorgi-tielidzeვებგვერდი “artinfo.ge” და პანტომიმის სახელმწიფო თეატრი pantomime.ge გთავაზობთ ერთობლივ პროექტს, სადაც ფართო საზოგადოებას კიდევ უფრო ახლოს გააცნობს პანტომიმის თეატრის მსახიობებს.

გიორგი ტიელიძე 31 წლისაა, დასაოჯახებელი. განათლება: საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამსახიობო ფაკულტეტი, პანტომიმის მსახიობი.

2006 წლიდან დღემდე არის პანტომიმის სახელმწიფო თეატრის მსახიობი. მიღებული აქვს მონაწილეობა სპექტაკლებში „კიდევაც დაიზრდებიან“, „ტერენტი გრანელი“, „წმინდა გიორგი“, „ქრისტე”, “სამყარო”, „სონეტები“, „STOP AIDS“, „ტიტუსი“, „ოცნება და სინამდვილე“, „ფიროსმანი მეფე“, „დონ ჟუანი“, „პროლოგი“, „წიგნი“, „საქართველო ლამაზო“, „დუმილის პოეზია“, „დანკოს გული“.

გიორგი ტიელიძე:

– პანტომიმა ეს არის ჟანრი, რომელიც, ვფიქრობ, ყველა მსახიობმა უნდა იცოდეს… სხეულის და მიმიკის სწორი გამოყენება – ეს მსახიობებისთვის დიდი ფუფუნებაა… ამ სიტყვის, პანტომიმის გაგონებაზე სახლი, ოჯახი მახსენდება, სადაც თავს ბედნიერად და დაცულად ვგრძნობ.

– რატომ აირჩიეთ პანტომიმა?

– ვაბარებდი თეატრალურ უნივერსიტეტში დრამის ფაკულტეტის, კინოს და თეატრის მსახიობის სპეციალობით… მესამე ტურში ჩამჭრეს და მირჩიეს პანტომიმის სპეციალობით გამეგრძელებინა მოღვაწეობა… შემოვიტანე საბუთები და ჩავაბარე…

– დაგვისახელეთ საყვარელი სპექტაკლი, როლი და გამორჩეული შთაბეჭდილება, რომელიც არასდროს გავიწყდებათ…

– მიყვარს „სტუმარ-მასპინძელი“, „ფიროსმანი მეფე“. საყვარელი როლი „ჩაპლინი“. სპექტაკლის თამაშის დროს მაყურებელისგან ყოველთვის დიდ სიყვარულს და აპლოდისმენტებს ვღებულობ, რაც ჩემთვის დიდი ბედნიერებაა.

1giorgi-tielidze1

– რომელი როლის შესრულებაზე ოცნებობთ?

– საოცნებო როლი ერთი კონკრეტული არ მაქვს, მულტფილმის გმირების გაცოცხლება მინდა, სახასიათო პერსონაჟების თამაში მომწონს, დაახლოებით ისეთის როგორიცაა „კრუელა დევილი“.

– რა არის ყველაზე დიდი სირთულე პანტომიმის სფეროში მუშაობის დროს?

– სირთულე ალბათ ჩემშია, მინდა ბევრი ვიმუშაო საკუთარ თავზე და ვერ ვახერხებ.

– პანტომიმის მსახიობებში რჩეულები გყავთ?

– ყველა ქართველი პანტომიმის მსახიობი ბატონი ამირან შალიკაშვილით იწყება და ის ჩემთვის ნომერ პირველია. ასევე გავიხსენებ წარსულს და ბუბა ბასიშვილი… და დღეს ირაკლი ბიბილური, რადგან კლასიკური პანტომიმის მსახიობის ოსტატია, ის კომედიაშიც და ტრაგედიაშიც ერთნაირად მაღალ ხარისხს დებს.

– არის განსხვავება ევროპულ და ქართულ პანტომიმას შორის?

– ევროპული პანტომიმა ძირითადად კლასიკური, ტრადიციული ხერხია, 1-5 მსახიობით, უმუსიკოდ, კლასიკური თეთრი გრიმით და არსებული პერსონაჟებით კოსტუმით, არლეკინო და ა.შ, განასახიერებენ სიუჟეტს. ქართულ პანტომიმაში დრამატული, ტრაგიკული (ბერძნული) ელემენტებია, მრავალი მსახიობით და მასიური სცენებით, ქართული სიუჟეტით, კლასიკური პანტომიმის მოძრაობებით და ხერხებით, პლიუს ქართული ახალი მოძრაობების დამატებით ქმნის საუცხოო სანახაობას და ემოციათა კვანძს. ამ ყველაფერს კი ემატება მუსიკა.

– ყველაზე მეტად რა სჭირდება დღეს პანტომიმის სახელმწიფო თეატრს?

– პირველ რიგში შენობა, შემდეგ ბევრი ახალი სპექტაკლი, ბევრი წარმატება, ბევრი გასტროლი და დიდი ჰონორარი.

1giorgi-tielidze2