Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

გიორგი ოვაშვილი ტრილოგიის ბოლო ფილმზე მუშაობს

2 სექტემბერი, 2015

1giorgi-ovashvilllliრეჟისორი გიორგი ოვაშვილი თავისი ფილმებით წარმატებას წარმატებაზე აღწევს. “სიმინდის კუნძული” და “გაღმა ნაპირი” არაერთი საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებულია. ამჟამად რეჟისორი ახალ ფილმზე მუშაობს, რომელიც ფსიქოლოგიური დრამაა და ის ტრილოგიის ბოლო ფილმი იქნება.

მიუხედავად იმისა, რომ გიორგი ოვაშვილის ახალი ფილმისთვის დაწერილი სცენარი ეროვნულმა კინოცენტრმა დაიწუნა, რეჟისორი ფილმის გადაღებას უცხოელ პარტნიორებთან ერთად აპირებს.

გიორგი ოვაშვილი იმ კომისიის წევრიცაა, რომელმაც ამერიკული კინოაკადემიისთვის ქართული ფილმი უნდა შეარჩიოს. მისთვის ეს ეტაპი კარგად არის ცნობილი. შარშან რეჟისორის ფილმი “სიმინდის კუნძული” ოსკარის ნომინანტთა შორის მოხვდა და მოკლე ნუსხაშიც დასახელდა.

“არტინფო” გიორგი ოვაშვილს ახალ ფილმსა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.

– როგორი უნდა იყოს ფილმი, რომ საქართველომ წარადგინოს ოსკარზე?

– ბოლო დროს ოსკარზე დიდი წარმატება გვხვდა წილად, ამიტომ ახლა ქართულ კინოს განსაკუთრებული ინტერესით აკვირდებიან და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ღირსეული ფილმი წარვადგინოთ, რათა ეს მომენტი არ დავკარგოთ და პოზიცია შევინარჩუნოთ. უდიდესი კონკურენციის პირობებში ეს ძალიან რთული ამოცანაა, მაგრამ ვეცდებით საუკეთესო ნამუშევარი შევარჩიოთ. ვფიქრობ, არ არსებობს ფორმულა, თუ როგორი უნდა იყოს ფილმი, რომელსაც ოსკარზე წარვადგენთ. ალბათ, ყველაზე მთავარია, ამბობდეს რაღაც ახალს და მნიშვნელოვანს, განსხვავებული და საინტერესო გზით.

– ვიცით, რომ ახალ ფილმზე მუშაობთ. ჩვენი ინფორმაციით ეს არის “ხიბულა”, რომელიც ზვიად გამსახურდიაზეა. რატომ მოისურვეთ საქართველოს პირველ პრეზიდენტზე ფილმის გადაღება?

– უკვე რამდენიმე წელია, რაც აღნიშნულ პროექტზე ჩემს უცხოელ პარტნიორებთან ერთად ვმუშაობ. „ხიბულა“, ჩემი წინა სარეჟისორო ნამუშევრების „გაღმა ნაპირის“ და „სიმინდის კუნძულის“ შემდეგ, ტრილოგიის მესამე ფილმი იქნება და წინა ნამუშევრების მსგავსადვე, საქართველოს უახლესი ისტორიის ყველაზე მტკივნეულ პერიოდს მიეძღვნება. ფილმი ლიდერის აღზევებისა და დაცემის ზოგად ისტორიას მოგვითხრობს. სიუჟეტში დავინახავთ პარალელებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მმართველის ცხოვრებიდან, რომელთაც ძალაუფლების მოპოვებისა და დაკარგვის განზოგადებული ისტორია აერთიანებთ. ეს არის ისტორია, რომელიც მეორდება თაობებსა და ეპოქებში. ეს იქნება ფსიქოლოგიური დრამა, რომელიც აღწერს, თუ რა ხდება ადამიანის, ლიდერის შინაგან სამყაროში, მის ფსიქიკაში, როცა ის აცნობიერებს, რომ ყველა და ყველაფერი დაკარგა. ასე, პირდაპირ ვერ ვიტყვი, რომ ფილმი ზვიად გამსახურდიას შესახებ იქნება. ჩემი მიზნის განსახორციელებლად მჭირდებოდა ერთი კონკრეტული პერსონაჟი, რომლის მაგალითზეც ავაგებდი მთავარ ამბავს. შესაბამისად, ფილმში მაყურებელი ამოიცნობს ეპიზოდებს საქართველოს პირველი პრეზიდენტის ცხოვრებიდან, თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნე, ქვეტექსტში მრავლად იქნება წარმოდგენილი ლიდერთა არქეტიპები.

– რეალურ ფაქტებზეა აგებული სცენარი?

– სცენარზე მუშაობა წლების წინ დავიწყე. საფუძვლიანად შევისწავლე პირველი პრეზიდენტის ცხოვრების უკანასკნელი პერიოდის ისტორია, გამოვიკვლიე ფაქტები, მოძიებული მასალები, რის საფუძველზეც დავწერე სცენარი. თუმცა ეს არც დოკუმენტური ფილმია და არც ბიოგრაფიული, ჩემი მიზანი არ არის რეალური ფაქტების გაცოცხლება, შესაბამისად, სცენარი მთლიანად არის მორგებული იმ იდეას, რომლის შესახებაც ზემოთ ვისაუბრე.

– მსახიობები უკვე შერჩეულია?

– ქასთინგი მიმდინარეობს, ვეძებთ მსახიობებს როგორც პროფესიონალებს, ისე არაპროფესიონალებს შორის. ქასთინგს ყოველთვის განსაკუთრებით დიდ დროს და ენერგიას ვუთმობ. „სიმინდის კუნძულისგან“ განსხვავებით ახალ ფილმში საკმაოდ ბევრი პერსონაჟია და შესაფერისი მსახიობების მოძებნა დიდ ძალისხმევას მოითხოვს. საკმაოდ მძიმე პროცესია, რადგან ყველა პერსონაჟი ერთი ტიპაჟის უნდა იყოს და საერთო ხასიათს ქმნიდეს.

– ვინ შეასრულებს ზვიად გამსახურდიას როლს?

– ზვიად გამსახურდია ფილმში არ იქნება. ფილმის მთავარი გმირია ბატონი პრეზიდენტი, რომელსაც სახელი არ აქვს. განიხილება სხვადასხვა კანდიდატურა, თუმცა ამ როლზე მსახობი ჯერ დამტკიცებული არ არის.

– რა რეაქცია გქონდათ, როცა ეროვნულმა კინოცენტრმა თქვენი სცენარი დაიწუნა და არ დააფინანსა?

– გამიკვირდა.

– უწინასწარმეტყველებთ თუ არა ისეთივე წარმატებებს ამ ფილმს, რაც მოიპოვეს “სიმინდის კუნძულმა” და “გაღმა ნაპირმა”?

– ფილმის წარმატებაზე წინასწარ ვერ ვისაუბრებ. მუშაობის დროს ამაზე არასდროს ვფიქრობ. თუ ასე მოვიქცევი, დარწმუნებული ვარ, ფილმი არ გამომივა.

– რაშია თქვენი წარმატების საიდუმლო?

– საიდუმლო რეცეპტი არ მაქვს. ვფიქრობ, ყველაზე მთავარია, ადამიანმა ნათლად განსაზღვროს თუ რა სურს. ყველაფერი აქედან იწყება. თუ არ იცი, რა შეიძლება იყოს საბოლოო წერტილი, ვერასდროს იპოვი იქამდე მისასვლელ გზას. მე 13 წლის რომ ვიყავი, უკვე ზუსტად ვიცოდი რის კეთება მინდოდა ცხოვრებაში, ნაბიჯ-ნაბიჯ შევუდექი ჩემი მიზნისკენ სიარულს და მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი წინააღმდეგობა შემხვდა, უკან არასდროს დამიხევია. რა თქმა უნდა, არსებობს უამრავი სხვა ფაქტორი – შრომისმოყვარეობა, პასუხისმგებლობის გრძნობა, ნიჭი, იღბალი და ა.შ. თუმცა, ამ ყველაფერის არსებობას არ აქვს აზრი, თუ არ ხარ მიზანდასახული. უნდა იყო შენს თავში ჩამოყალიბებული და გქონდეს რაღაცის კეთების უდიდესი სურვილი, სურვილი, რომელიც გაგანადგურებს.

– როცა ფილმს იღებთ ფიქრობთ კომერციულ წარმატებაზე თუ მთავარი თქვენი სათქმელია?

– კომერციულ წარმატებაზე არც ერთი ფილმი არ გამითვლია. ეს არ არის ჩემი მიდგომა. კინო ჩემთვის, პირველ რიგში, არის იდეა, თუმცა თუ, ამავე დროს, ის ფინანსურ სარგებელსაც მოიტანს, რა თქმა უნდა, კარგია.

– არაერთი საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებული ხართ. ყველაზე ღირებული ჯილდო თქვენთვის რომელია?

– ჩემთვის ყველა ჯილდო ღირებულია. როდესაც ჯილდოს გადმომცემენ, ეს ჩემი ნამუშევრის დაფასებას ნიშნავს, რასაც მე, ჩემის მხრივ, ძალიან ვაფასებ და მადლიერი ვარ.

– ვისი აზრია თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი?

– ზოგადად, ვცდილობ ყველა ადამიანის აზრი მოვისმინო და გავაანალიზო. დავეთანხმები თუ არა, გავითვალისწინებ თუ არა – ეს უკვე ჩემი გადასაწყვეტია.

– ამბობენ, რომ სულ სხვანაირი, გამორჩეული ხელწერა გაქვთ. ამ აზრს ეთანხმებით?

– არ ვიცი, ეს მაყურებელმა უნდა შეაფასოს.

– რამდენად სამართლიანია ქართველი მაყურებელი?

– ქართველი მაყურებელი არის კრიტიკული, ზოგი – სამართლიანად, ზოგი – უსამართლოდ.

– როცა გაკრიტიკებენ, გწყინთ?

– არა, კრიტიკა ყოველთვის სასარგებლოა.

– ყველაზე დიდ უსამართლობას როდის შეეჯახეთ?

– სამწუხაროდ, უსამართლობა ძალიან ხშირია და ჩვენ ყველანი ყოველდღიურ ცხოვრებაში ვაწყდებით. დიდია თუ პატარა, არ აქვს მნიშვნელობა, სამართლიანობის გრძნობა კარგად მაქვს განვითარებული და ვცდილობ, ასეთი შემთხვევები გულგრილად არ დავტოვო.

– როდის ველოდოთ გიორგი ოვაშვილის შემდგომ ნამუშევარს?

– ჩვენი გათვლებით ფილმი დაახლოებით ერთ წელიწადში გამოვა.