Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

გაგა ჩხეიძე: ,,კულტურის დაფინანსება არაადექვატურია!”

10 სექტემბერი, 2015

1gaga-chxeidze-kulturis-dafinansebazeთბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის დირექტორი გაგა ჩხეიძე საქართველოში კულტურის დაფინანსებაზე საუბრობს და საჯაროდ აცხადებს, რომ ამ სფეროს დაფინანსება არაადეკვატურია.

გაგა ჩხეიძე:

“საბას დაჯილდოების ჩანაწერი ვნახე. ქეთი ქანთარიამ სრულიად სამართლიანად გააკრიტიკა კულტურის სამინისტრო, რომელმაც მეტი უნდა გააკეთოს მხატვრული თარგმანის დასახმარებლად, მაგრამ მე ვთვლი, რომ სრულიად უადგილო იყო ლიტერატურული თარგმანის დაფინანსების შედარება კინოს დაფინანსებასთან. ჯერ ერთი, ასეთი გამოსვლა ყოველთვის არაკოლეგიალურია და მან კინოს სფეროში მომუშავე ადამიანების სამართლიანი გულისწყრომა გამოიწვია. მათ ყველაზე უკეთ იციან, რომ კინოს დაფინანსება სახელმწიფოს მხრიდან სრულიად არაადექვატურია, ხოლო მეორე – კინო ინდუსტრიაა და სულ სხვა სახსრებს მოითხოვს, ვიდრე ერთი ადამიანის შრომა. ქართული სახელმწიფო კინოწარმოებას პირდაპირი სუბსიდიებით აფინანსებს დაახლოებით 1 მილიონი ევროთი (ცნობისათვის: ნორვეგიაში კინოწარმოება ფინანსდება 70 მილიონი ევროთი, ირლანდიაში – 30 მილიონით). სწორედ შესაბამისი დაფინანსების არარსებობის გამო კინოპროექტების 90% განუხორციელებელი რჩება. არა მგონია, რომ იგივე მაჩვენებლი იყოს წიგნების შემთხვევაში. ისე, საშუალო და ცუდი ხარისხის თარგმანებიც არსებობს და მანდაც შეიძლება დაზოგონ ფული.

შესაძლოა, ქეთი ქანთარიამ იგულისხმა ერთი კონკრეტული ნაწარმოები, ქართულ-ბრიტანული ფილმი “ყარასტანში დაკარგულები”, რომელშიც ქართულმა მხარემ კინოცენტრის წესდების სრული იგნორირებით უზარმაზარი თანხა (თუ არ ვცდები 1,7 მილიონი ლარი) ჩადო 2011 წელს. ცხადია, რომ ეს თანხა ნიჭიერი ხალხის საინტერესო პროექტებს მოაკლდა.

2007 წელს პირადად ჩავატარე კვლევა ხელოვნების სხვადასხვა დარგების დაფინანსებისა სახელმწიფოს მხრიდან. აღმოჩნდა, რომ პირველ ადგილზე იყო მუსიკა, შემდეგ მოდიოდა თეატრი, ცეკვა, კინო და სახვითი ხელოვნება. არა მგონია, რომ დღეს სხვა ვითარება იყოს და ეს მაშინ, როდესაც კინო ყველაზე ძვირადღირებული ხელოვნებაა, ანუ ერთი კინოპროდუქტის შექმნა საშუალოდ გაცილებით ძვირია, ვიდრე სხვა პროდუქციის. სამწუხაროდ, კულტურის სამინისტროს ჯერ კიდევ არ გააჩნია მკვეთრად ჩამოყალიბებული კრიტერიუმები, როგორ გადაანაწილონ მათ ხელთ არსებული ფინანსები ისე, რომ არც ერთი დარგი არ დაზარალდეს და ყველა თანაბრად განვითარდეს. ეს ყველაზე კარგად ჩანს ე.წ. თავისუფალი პროექტების დაფინანსების დროს. კულტურის პოლიტიკის კონცეფციების და სტრატეგიების შექმნა სამინისტროს ვერაფერს უშველის, თუ პრაქტიკა თვითნებური, გაუაზრებელი იქნა და წინააღმდეგობაში მოვიდა ოფიციალურად აღიარებულ სტრატეგიულ გეგმებთან.

ზოგადად უნდა ითქვას, რომ კულტურის დაფინანსება საქართველოში არაადექვატურია. 25 წელი გვისრულდება, მაგრამ ჯერ არ მოსულა ქვეყნის სათავეში ისეთი მთავრობა, რომელსაც გააზრებული ექნება კულტურის მნიშვნელობა. “ქართული ოცნების” დანაპირები იყო 3%, 85 მილიონი ლარი კი, რომლითაც კულტურის სამინისტრო ფინანსდება, 1%-იც არ არის.

სახელმწიფო დაფინანსების გარეშე ხელოვნების და კულტურის განვითარება საქართველოში შეუძლებელია. ასეა, ზოგადად ევროპის ქვეყნებშიც. არა მგონია, ქართული საზოგადოება, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა წინააღმდეგი იყოს, რომ ქვეყნის ბიუჯეტის 3% კულტურას მოხმარდეს. ვინ, თუ არა კულტურის მინისტრმა უნდა დასვას ეს საკითხები მთავრობის და პარლამენტის წინაშე?…

ბოლოს მინდა ვთქვა, რომ როგორც (ოდესღაც) მთარგმნელი, სრულ სოლიდარობას ვუცხადებ მთარგმნელებს და ვადასტურებ ჩემს პატივისცემას ქეთი ქანთარიას მიმართ. წინააღმდეგ შემთხევაში ეს სტატუსი არც დაიწერებოდა.”