აკაკი წერეთლის იუბილე უპრეცედენტო გამოფენით აღინიშნება

12 სექტემბერი, 2015

1akaki-weretlis-saiubileo-gamofena2015 წელს აკაკი წერეთლის დაბადებიდან 175 წლის იუბილე აღინიშნება. წელსვე მისი გარდაცვალებიდან 100 წელი შესრულდა. ამ თარიღებთან დაკავშირებით პოეტისა და მწერლის შესახებ უპრეცედენტო გამოფენა მოეწყობა.

გიორგი ლეონიძის სახელობის ლიტერატურის მუზეუმში ერთ კვირაში გახსნება ექსპოზიცია მწერლის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე.

გამოფენის ცენტრალურ ნაწილს შეადგენს მუზეუმის მიერ შემუშავებული აკაკის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი 16 პლაკატი, რომლებზეც ფოტო და ტექსტური სახით მწერლის ცხოვრების სხვადასხვა ეტაპის საინტერესო დეტალებია წარმოჩენილი.

ლაშა ბაქრაძე, ლიტერატურის მუზეუმის ხელმძღვანელი:

“ერთ კვირაში – დაპირებული აკაკის საიუბილეო გამოფენა! გამოფენის გული არის 15+1 პლაკატის ფორმატზე დაბეჭდილი, თემატურად დაყოფილი, აკაკის ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი ფურცელი. მსგავსი ბიოგრაფიული გამოფენა, რომელიც შეიძლება ნებისმიერ ადგილას წაიღო და გამოფინო (სადაც საკმარისი სივრცეა, ჯამში 32 მ კედელი რომ მაინც იყოს), რამდენადაც ვიცი, ჯერ ჩვენში არ გაკეთებულა.

იმედია, სკოლები, საგამოფენო ადგილები განსაკუთრებით თბილისს გარეთ, სათვისტომოები და საელჩოები დაინტერესდებიან. ყველა დაინტერესებელ ორგანიზაციას შეუძლია მოგვმართოს, გაიგოს პირობები და რადგან თითო კომპლექტი 100 ეგზემპლარად დავბეჭდეთ, თუნდაც 100 ადგილას ერთდროულად გამოიფინოს. შეგვიძლია (განსაკუთრებით უცხოეთში მცხოვრებლთათვის) ელექტრონული ვერსია გავუგზავნოთ და მათ იქ დაბეჭდონ და გამოფინონ.

ჩვენი დიდი სურვილია, 16-პლაკატიანი (70X100 სმ) გამოფენა მუზეუმის გარდა საქართველოს სკოლებსა და სხვადასხვა კულტურულ დაწესებულებებში, ასევე უცხოურ სათვისტომოებსა და საელჩოებშიც გამოიფინოს. პირობების შესახებ ინფორმაციის მისაღემად ნებისმიერ ორგანიზაციას შეუძლია დაგვიკავშირდეს.

ქართველი მწერლის შესახებ მსგავსი ტირაჟირებული გამოფენა პლაკატებზე პირველად მომზადდა და ჩვენი მიზანია, ის რაც შეიძლება ბევრგან იყოს წარმოდგენილი, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ.”