30 სექტემბერი, 2015

ჯაზის მსოფლიო ვარსკვლავები თბილისში ჩამოდიან

1jazzჯაზის მსოფლიო ვარსკვლავები რამდენიმე დღეში თბილისს ესტუმრებიან. 23-29 ოქტომბერს თბილისის საკონცერტო დარბაზში თბილისის რიგით მე-18 ჯაზ-ფესტივალი გაიმართება. 6 დღის განმავლობაში საქართველოში 6 მსოფლიო ვარსკვლავი ჩამოვა.

წლევანდელ ჯაზ-ფესტივალს ცნობილი კანადელი მომღერალი და პიანისტი დაიანა კროლი გახსნის, რომელიც პოპ-სიმღერების ჯაზურ ვარიაციებს ახალი ალბომიდან შეასრულებს. მისი პირველი ალბომი 22 წლის წინ გამოჩნდა. მსოფლიო მასშტაბით გაყიდული აქვს 11 მილიონზე მეტი ალბომი. ჟურნალმა „ბილბორდმა” ის საუკეთესო ჯაზშემსრულებლებს შორის მეორე ადგილზე დაასახელა. დაიანა ერთადერთი ჯაზმუსიკოსია, რომლის რვა ალბომმა, “ბილბორდის” ჩარტში გამოსვლისთანავე პირველი ადგილი დაიკავა. ის არაერთი პრემიის მფლობელია. მისმა დისკებმა 9-ჯერ ოქროს, 3-ჯერ პლატინისა და 7-ჯერ მულტი-პლატინური სტატუსი მოიპოვეს.

მორიგ საკონცერტო დღეს, ქართველი მელომანების წინაშე, განახლებული პროგრამით წარდგება ჯაზის სუპერვარსკვლავი, ამერიკელი ბასისტი და ვოკალისტი ესპერანცა სპალდინგი. ის თავის კომპოზიციებში მრავალი ჟანრის სინთეზს ახდენს. აღებული აქვს 4 გრემი, მათ შორის საუკეთესო ახალი არტისტის ტიტრული გრემი და პირველი ჯაზ-არტისტია, რომელიც ამ ჯილდოს მფლობელი გახდა. მღერის ინგლისურ, პორტუგალიურ და ესპანურ ენებზე. საკუთარი მუსიკალური ალბომით მუსიკოსი ჟურნალ „ბილბორდშიც“ მოხვდა. მისმა ერთ-ერთმა ალბომმა მომღერალს ყველაზე გაყიდვადი თანამედროვე ჯაზ-არტისტის სახელი დაუმკვიდრა. ესპერანსას უახლესი პროექტი მისი ბავშვობის ინტერესებს – თეატრსა და პოეზიას ეძღვნება.

მეთვრამეტე ჯაზ-ფესტივალის 6 დღიანი საკონცერტო პროგრამის მონაწილეები ასევე არიან მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო დრამერი ჯეფ ბალარდი და მისი ტრიო. ამერიკელმა დრამერმა თეორიული განათლება კოლეჯში მიიღო და უკრავდა როგორც ბიგ-ბენდში, ასევე პატარა მუსიკალურ ჯგუფებში. ჯეფ ბალარდი თანამშრომლობდა ჯაზის ლეგენდებთან რეი ჩარლზთან, ჩიკ კორეასთან, ბრედ მელდაუსთან, ჯოშუა რედმანთან.

თბილისის ჯაზფესტივალს ესტუმრება ვირტუოზი კოლუმბიელი არფისტი ედმარდ კასტანელა. მისი შემოქმედება ლათინურ ჯაზს უკავშირდება, თუმცა კოლუმბიურ ხალხურ მუსიკასაც ასრულებს. სხვადასხვა პერიოდში თანამშრომლობდა პაკიტო დე რივერასთან, უინტონ მარსალისთან, ჯონ სკოფილდთან, ჯო ლოკთან, ჯონ პატიტუჩისთან.

ცნობილი მესაყვირე ავიშაი კოენი თბილისში ჯაზფესტივალის ეგიდით ჩამოვა. ინსტრუმენტზე დაკვრის ხელოვნებას 8 წლის ასაკში დაეუფლა. ბერკლის კოლეჯის დასრულების შემდეგ, აიღო მესამე ადგილი მესაყვირეთა კონკურსში, ახორციელებდა ერთობლივ პროექტებს სხვა ცნობილ ჯაზ-შემსრულებლებთან. ყველაზე დიდი გავლენა მის მუსიკალურ აზროვნებაზე ლეგენდარულმა მაილს დევისმა მოახდინა.

სასცენო მოღვაწეობის 25 წლის საიუბილეო ტურს თბილისში იწყებს და ჯაზ-ფესტივალს კონცერტით დაასრულებს ვარსკვლავური შემადგენლობის ლეგენდარული ჯგუფი „Fourplay“. ამერიკული ჯაზ კვარტეტის სადებიუტო ალბომი მილიონიანი ტირაჟით გაიყიდა და ბილბორდში პირველი ადგილი დაიკავა. უკვე წლებია ჯგუფის მიმართ ინტერესი დღითიდღე იზრდება.