15 სექტემბერი, 2015

პაატა ბურჭულაძე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

p1საოპერო მომღერალი პაატა ბურჭულაძე ბოლო პერიოდში კიდევ უფრო მეტად მოექცა საზოგადოების ყურადღების ცენტრში. მისი პოლიტიკაში მოსვლის შესახებ საუბრები აქტიურ ფაზაში შედის. თავის მხრივ, მომღერალი არ მალავს, რომ როგორც მის სამშობლოს დასჭირდება, ისე მოიქცევა.

პოლიტიკაში მოსვლამდე კი პაატა ბურჭულაძე მახათას მთაზე მშენებარე ტაძრით და ფონდ “იავნანათია” დაკავებული. ამჯერად მისი განცხადება მახათას მთაზე მშენებარე ეკლესიას ეხება:

“20 სექტემბერს თბილისში მახათას მთაზე მშენებარე ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის გუმბათის ჯვრის კურთხევა შედგება. ჯვარს მისი უწმინდესობა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II აკურთხებს.
ჯვრის მოლოცვა თბილისში მცხოვრებ და დედაქალაქში სპეციალურად ამ მოვლენისთვის ჩამოსულ ნებისმიერ მსურველს შეეძლება.

საზოგადოების დიდი ინტერესის გამო ტაძრის მშენებლობის ფონდი “ივერიისა” ქალაქ თბილისის მერიის მხარდაჭერით უზრუნველყოფს ტაძრის მიმდებარე ტერიტორიის შესაბამისად განათებას და ქალაქის სხვადასხვა კუთხიდან მოსახლეობის ტრანსპორტირებას. მსურველებს ჯვრის მოლოცვა მთელი ღამის განმავლობაში შეეძლებათ, ხოლო 21 სექტემბერს, 12 საათზე ღვთისმშობლის შობის დღეს უწმინდესის კურთხევით, ერთობლივი ლოცვის შემდეგ, ჯვარი ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის გუმბათზე აღიმართება.

მახათას მთაზე ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარს საქართველოში და უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეები ერთიანი ძალისხმევით და თანაბარი მონაწილეობით ვაშენებთ.

დღეისათვის ტაძრის აღმშენებელთა წიგნში შეტანილია 1.200.000 სახელი და გვარი. მსურველთა გაწევრიანება გრძელდება.

21 სექტემბერს 12 საათზე საზღვარგარეთ მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს შეუძლიათ ლოცვით შემოუერთდნენ მახათას მთაზე მშენებარე ტაძრის გუმბათზე ჯვრის აღმართვას, რომელსაც საზოგადოებრივი მაუწყებელი პირდაპირი ეთერით გადასცემს.”