22 სექტემბერი, 2015

ნინო დათუნაშვილი: ,,ქართული პანტომიმის სახით საქართველოს დიდი განძი აქვს’’

1nino-datunashviliვებგვერდი “artinfo.ge” და პანტომიმის სახელმწიფო თეატრი pantomime.ge გთავაზობთ ერთობლივ პროექტს, სადაც ფართო საზოგადოებას კიდევ უფრო ახლოს გააცნობს პანტომიმის თეატრის მსახიობებს.

ნინო დათუნაშვილი 26 წლისაა, დასაოჯახებელი. განათლება: საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამსახიობო ფაკულტეტი, პანტომიმის მსახიობი.

2006 წლიდან დღემდე არის პანტომიმის სახელმწიფო თეატრის მსახიობი. მიღებული აქვს მონაწილეობა სპექტაკლებში „კიდევაც დაიზრდებიან“, „ტერენტი გრანელი“, „წმინდა გიორგი“, „ქრისტე”, “სამყარო”, „სონეტები“, „STOP AIDS“, „ტიტუსი“, „ლუარსაბი“, „ფიროსმანი მეფე“, „დონ ჟუანი“, „პროლოგი“, „წიგნი“, „საქართველო ლამაზო“, „დუმილის პოეზია“, „დანკოს გული“.

ნინო დათუნაშვილი:

– ბავშობიდან დავდიოდი პანტომიმის თეატრში და საშუალება მქონდა დავსწრებოდი რეპეტიციებს. სწორედ მაშინ დავინტერესდი ამ ჟანრით. ვუყურებდი მსახიობებს მათ მუშაობას სცენაზე და ვცდილობდი მოძრაობების დამახსოვრებას, სახლში მისული კი სარკის წინ ვიმეორებდი. მიუხედავად იმისა, რომ პატარა ვიყავი, სპექტაკლების ყურებისას ძალიან კარგად აღვიქვამდი ყველაფერს, რაც სცენაზე ხდებოდა იმდენად მომწონდა, რომ ვფიქრობდი დადგება დღე და მეც დავდგები ამ სცენაზე. დღითიდღე მიღრმავდებოდა ამ ჟანრისადმი სიყვარული და გადავწყვიტე თეატრთან არსებულ სტუდიაში დამეწყო სიარული, შემდეგ თეატრალურ უნივერსიტეტში პანტომიმის სპეციალობაზე ვისწავლე.

პანტომიმა ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ხელოვნებაა. ეს ჟანრი ყველასგან განსხვავებულია საკმაოდ რთულია გადმოსაცემად, შენი სათქმელი სიტყვების გარეშე, მხოლოდ მიმიკით და სხეულით ეს ყველაფერი ისე უნდა შეასრულო, რომ მაყურებლისთვის გაუგებარი არაფერი დარჩეს. პანტომიმა იმპროვიზირებული ხელოვნებაა და ყველაფერი მსახიობის ფანტაზიაზეა დამოკიდებული. აქ არ არის ისეთი შეზღუდვები, როგორიც დრამის თეატრში. რა თქმა უნდა, არის აკადემიურად დადგენილი მოძრაობები და მათ ვერ შეცვლი, მაგრამ მსახიობს შეუძლია განავითაროს და გაამრავალფეროვნოს.

საქართველოში პანტომიმის სახელმწიფო თეატრს მრავალფეროვანი რეპერტუარი აქვს. არის გამორჩეული სპექტაკლები, მათ შორის ჩემთვის ყველაზე საყვარელია „სტუმარ-მასპინძელი“, ძალიან დიდი სურვილი მაქვს შევასრულო აღაზას როლი. 11 წლის ვიყავი, როდესაც პირველად ვუყურე „სტუმარ-მასპინძელს“ და მახსოვს რამხელა შთაბეჭდილება მოახდინა ამან ჩემზე. ეს ის სპექტაკლია, რომლის ყურებაც არასოდეს მომბეზრდება.

ჩვენი დასიდან გამოვარჩევდი ორ უნიჭიერეს მსახიობს ლუკა ჩხაიძეს და ირაკლი ბიბილურს. გამორჩეული შთაბეჭდილება კი ჩემზე მოახდინა ბატონი ამირან შალიკაშვილის თამაშმა, საოცარი ემოცია მოდიოდა მისგან და მისმა არტისტობამ აღმაფრთოვანა. ვფიქრობ, ბატონი ამირანის არტისტობაზე და რეჟისურაზე საუბარი ზედმეტია, რადგან ის მეტრია ამ ჟანრში. ევროპელი პანტომიმის მსახიობებიდან რომელთა თამაშიც ვნახე, ყველაზე დიდი შთაბეჭდილება იომმა მოახდინა.

ევროპულ და ქართულ პანტომიმას შორის ძალიან დიდი განსხვავებაა. ევროპული უფრო კლოუნადას და ცეკვას წააგავს, ჩემი აზრით. ქართული პანტომიმა შედგება დრამატული, ტრაგიკული ელემენტებისგან, მრავალი მსახიობით და მასიური სცენებით, კლასიკური პანტომიმური მოძრაობით მუსიკასთან ერთად და საინტერესოა.

ქართული პანტომიმის სახით საქართველოს ძალიან დიდი განძი აქვს.

პანტომიმის თეატრს ვუსურვებ საკუთარ შენობას, ასევე კარგი ექნება თუ ეს განსხვავებული და საინტერესო ჟანრი სათანადოდ დაფასდება ჩვენს ქვეყანაში.

1nino-datunashvili3

1nino-datunashvili2