8 სექტემბერი, 2015

ნასტასია კინსკი საქართველოში ჩამოდის

1nastasia-kinskiმსოფლიო ვარსკვლავი ნასტასია კინსკი საქართველოში ჩამოდის. მსახიობი, რომელიც წელს ვენეციის კინოფესტივალის სახე იყო, ჩვენს ქვეყანას 14 სექტემბერს ეწვევა.

ნასტასია კინსკი ბათუმის რიგით მეათე საავტორო კინოფესტივალზეა მიწვეული, სადაც მას მსოფლიო კინემატოგრაფიაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის სპეციალურ პრიზს გადასცემენ. ინფორმაციას “ბათუმელები” ფესტივალის ორგანიზატორებზე დაყრდნობით ავრცელებს.

წელს ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალი 13-დან 20 სექტემბრამდე ჩატარდება. კინოფესტივალზე წარმოდგენილი იქნება სამი საკონკურსო სექცია – მხატვრული, დოკუმენტური და მოკლემეტრაჟიანი ფილმები. კინოფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია მასტერკლასები და ინდუსტრიული შეხვედრები, ასევე კინოჩვენებები ღია ცისქვეშ, რეტროსპექტივები და ქართული ფილმების პანორამა.

ფესტივალის ორგანიზატორები ბათუმში 80-მდე საპატიო სტუმარს ელოდებიან, მათ შორის არიან ლანა ღოღობერიძე, ოთარ იოსელიანი, მერაბ ნინიძე, ბაადურ წულაძე და სხვა უცხოელი სტუმრები.