7 სექტემბერი, 2015

ია ფარულავას ბოდიშის მოხდას სთხოვენ

parulava-da-bibileishviliბოლო პერიოდში ია ფარულავა კვლავ გააქტიურდა და გააქტიურდა როგორც სტატიების ავტორი. მას ეს სტატიები ერთ-ერთმა ჟურნალმა დაუკვეთა. პირველი სტატია 7 სექტემბერს უნდა დაბეჭდილიყო, მაგრამ ქართულ სატელევიზიო სივრცეში განვითარებული მოვლენების გამო, მისი გამოქვეყნება გადაიდო.

როგორც იამ განაცხადა, მისი სტატიები ქართულ ტელევიზიასა და მის გადაცემებზეა. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო, მსახიობმა სოციალურ ქსელში სტატიის პირველი ნაწყვეტი გაავრცელა და ის მაია ასათიანისა და გია ჯაჯანიძის შოუებს მიეძღვნა. მაია ასათიანმა ია ფარულავას საკმაოდ მწვავედ უპასუხა.

მეორე ამონარიდში გია ჯაჯანიძეზე საუბარი გაგრძელდა  და მასში კინომსახიობთა თეატრის მსახიობი ანრი ბიბილეიშვილი არც თუ ისე სახარბიელოდ იქნა მოხსენიებული. მაია ასათიანის მსგავსად, იას სტატია უპასუხოდ არც ანრის დაუტოვებია. მან კოლეგას, ია ფარულავას ბოდიშის მოხდაც მოსთხოვა.

ანრი ბიბილეიშვილი:

“ია! მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ერთმანეთს ვიცნობთ და მხოლოდ დადებითი გვაკავშირებს ერთმანეთთან, მაინც ვერ ვხსნი კონკრეტულად შენგან მსგავს კომენტარს ჩემთან დაკავშირებით, თუმცა ვხვდები რასაც გულისხმობ იმ კომენტარით და მინდა გაქცე პასუხი, ვინაიდან საზოგადოებაში ახლად “გამოჩეკილ” ანრი ბიბინეშვილს ნამდვილად არ სურს მსგავსი აზრი აიტანოს და მოითმინოს!

1) დავიბადე ქალაქ ბათუმში და ყოველგვარი ამბიციების გარეშე ვიზრდებოდი, რადგან მქადაგებელნი იყვნენ შესაბამისი საქციელის ჩემი დედა და მამა! ყოველთვის იმას მასწავლიდნენ, რომ თავმდაბლობა და ადამიანთა სიყვარული არის მთავარი ღირსება კაცისა და არა შური, ბოროტება და ღვარძლი!

2) პოპულარობა ყოველთვის ბოლო საფეხურზე იდგა ჩემთვის და არასდროს მიბრძოლია მისთვის და არასდროს შემითხზავს შავი პიარი! (თუმცა არაერთხელ შემეძლო გამეკეთებინა მსგავსი რამ, მითუმეტეს ჩვენს სფეროში)

3) მე მიმუშავია: მტვირთავად, პურის რეალიზატორად, მიმტანად, ბარმენად, ბენზინის ჩამსხმელად, თურქეთშიც კი პლასმასის ცეხში, საიდანაც მოტყუებული და უთეთროდ ჩამოსულიც კი აღმოვჩნდი! (და პარალელურად სკოლაშიც დავდიოდი.)

4) მერე თბილისში ყველანაირი დახმარების გარეშე წამოვედი, რომ მესწავლა და ამეხდინა ოცნება, გავმხდარიყავი მსახიობი. ბევრი ვიშრომე, ბევრი ვიწვალე, ბევრი მშიერი ღამე თეთრად გამთენებია და არასდროს არ დავცემულვარ და არ მიმათხოვრია. ვინაიდან თავმოყვარეობა ოდითგანვე მოსდევს ჩემს ოჯახს, გვარს, ჯიშს და ჯილაგს, ასევე მეც!

5) მე-9 წელია ამ სფეროში ვარ და ვერავინ იტყვის, რომ მე ვიღაცის ჩაძირვით მივახწიე რამეს ან არასწორი საქციელებით გავხდი ეგრედწოდებული “პოპულარული”.

6) რაც შეეხება შენს მოსაზრებას, რომ თურმე ერთი ღამით მივედი ჩემი ძმის ნიკოლოზ გაბელიას ოჯახში, მაშინ როცა არ ვიცნობდი და დღემდე იქ ვცხოვრობ “ხალიავაზე” ცოტა მწყინს, რომ იუმორს სერიოზულად მოკლებული ხარ! კი დღემდე იქ ვცხოვრობ, მაგრამ არა ნაგლურად, არა თავხედურად!

არამედ ამ ოჯახის სახით არსებობს ადამიანები, რომლებიც ზრუნავენ იმ ადამიანებზე ვისაც გვერდში დგომა სჭირდებათ.

დიახ იმათი დიდი დამსახურებაა, რომ მე ჩემი პირადი გამაჩნია და მომავალს ვხედავ! ეს მათი სურვილი იყო და არა ჩემი ნაგლობა…

ია, ჩემო კარგო, კატეგორიულად მოვითხოვ მოუხადო ბოდიში ნიკოლოზ გაბელიას ოჯახს, ვინაიდან ჩემნაირი ბევრი სტუდენტი აღუზრდია მათ და არავის უცხოვრია იქ “ხალიავაზე” ასე რომ შენ თუ ერთობი, სხვა რამით გაერთე მაშინ როცა კარგად იცი გართობა! და თუ მართლა ვერ დამინახე სხვა რაკურსით, არ დაგზარდები და დაგენახები!

პ.ს. უკაცრავად ყველასთან, რომ ჩემი პირადი ცხოვრების ის დეტალები დავწერე რაც ვიღაცას წუწუნი შეიძლება ეგონოს, მაგრამ მერწმუნეთ არ მიყვარს წუწუნი.”